არაბთა გაერთიანებული საემიროების აბუ დაბის Mubadala World Tennis Championship-ის საგამოფენო ტურნირის მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ესპანელმა რაფა ნადალმა ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას 7:6, 6:3 მოუგო. ამავე შეჯიბრების ნახევარფინალში თანამემამულე დავიდ ფერერთან დამარცხებულმა რაფამ მასმედიელებს განუცხადა, რომ 2014 წელს მისი უმთავრესი მიზანი ტრავმების თავიდან აცილება იქნება.
“ახალი სეზონის დააჯერებლად დაწყება მინდა. ახლა უმთავრესი სპორტული ფორმის შენარჩუნებაა, ამიტომაც ჯერჯერობით არ ვსაუბრობ საფრანგეთის ღია პირველობის მეცხრედ მოგებაზე ან უიმბლდონში მესამედ გაჩემპიონებაზე. ჩემი უპირველესი ამოცანა მთელი მომავალი სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობა გახლავთ, ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევ, თუკი ჯანმრთელად ვიქნები. ეს ერთი შეხედვით იოლად შესასრულებელი ამოცანა ჩანს, მაგრამ სხვადასხვა სახის დაზიანების თავიდან აცილება არცთუ მარტივი საქმეა”, - რაფა ეს სიტყვები არაბულ პრესას მოჰყავს.









