ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მილანის “ინტერი” ჩრდილოგერმანულ ბრემენში, იქაურ “ვერდერთან” 0:3 შერცხვა. სახელოვანი აპენინური კლუბის გულშემატკივრები გაწბილებულები არიან, ერთადერთი კი რითაც შეუძლიათ იმშვიდონ თავი ტიფოზებმა ისაა, რომ “ინტერის” სასტარტო შემადგენლობაში ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა ერთდროულად 3 ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი - პაოლო ორლანდინი, კრისტიანო ბირაგი და დავიდე სანტონი ჩართო. საინტერესოა აღინიშნოს, რომ 2005 წლის 6 დეკემბრიდან მოყოლებული “ინტერის” ძირითად თერთმეტეულში 3 აპენინელი მოთამაშე პირველად მოხვდა. გუშინწინდელი წაგების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა საუბარი “სან სიროდან” ბენიტესის გაშვების თაობაზე, თუმცა, თავად პირენელს ბრემენში მომხდარი ნაკლებად ადარდებს (ყოველ შემთხვევაში, RAI Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე აცხადებს) და უახლოესი პერიოდის მიზანსაც, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებას უსახავს “ნერაძურის”.
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულება ერთბაშად რამდენიმე ასპექტითაა მნიშვნელოვანი. გარდა რეპუტაციისა, ჯგუფური სტადიის მოგებას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს – ფლეი ოფის პირველ სტადიაზე შედარებით იოლ მოწინააღმდეგეს უპირისპირდები. ამის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა სატურნირო თვალსაზრისით უმიტივაციო “ვერდერთან” უინიციატივო, დუნე თამაში აჩვენა და ბრემენში შერცხვა. რით ახსნით მომხდარს?
- ასპარეზობის წინ კარგად გვესმოდა, “ვერდერთან” მოგება და “ტოტენჰემის” ჰოლანდიაში წაფორხილება რომ გვაძლევდა ხელს. ამასთან, ისიც კარგად ვიცოდი, ორივე ამოცანა რთულად შესასრულებელი რომ იყო, ამიტომაც ერთბაშად რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს მივეცით თავის გამოჩენისა და საჩემპიონთალიგო მატჩში გამოცდილების შეძენის საშუალება. მათი ასპარეზობით კმაყოფილი დავრჩი. დებიუტანტებმა მაღალ დონეზე თამაშის მზადყოფნა აჩვენეს მაყურებელს. ეს კი კარსმომდგარი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წინ განსაკუთრებით სასიხარულოა. არაა გასაკვირი, “ინტერის” მოთამაშეები უკვე ამ უპრესტიჟულეს შეჯიბრზე რომ არიან გადართულნი. ჩემპიონთა ლიგაზე კი გადამწყვეტი მატჩი ორიოდე კვირის წინ “ტვენტესთან” გვქონდა, როცა მომდევნო ეტაპზე გასვლა გავინაღდეთ. ამიტომაც, ჩრდილოეთ გერმანიაში გარკვეულწილად ძალაც დავზოგეთ. ქულების მოპოვებაზე მეტად მნიშვნელობა შეხვედრის ტრავმების გარეშე ჩამთავრებას მივანიჭეთ. “ინტერის” ლაზარეთი ისედაც შევსებულია და ახალი დანაკარგები ნაღდად არ გვაწყობს. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენი საქმეები უკეთესობისკენ წავა. მწყობრში ჩადგებიან ჟულიო სეზარი, დიეგო მილიტო, მაიკონი, გულშემატკივრები სულ სხვა “ინტერს” იხილავენ.
- აცხადებთ, რომ ბრემენში გუნდმა ენერგია დაზოგა, არადა, “ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი ქომაგებს ჰპირდებოდა, “ვერდერთან” მხოლოდ მოსაგებად ვიზრუნებთო...
- მატჩის წინ სინიორ მორატის ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ გერმანიაში წარმატების მოსაპოვებლად უნდა გვეზრუნა, მაგრამ გაუმარ-თლებელ რისკს მოვერიდებოდით. ამიტომაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ბრემენში “ინტერს” თავისი რეალური შესაძლებლობები ბოლომდე არ გამოუვლენია.
- თქვენი დამრიგებლობით “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის თასი 2005 წელს მოიპოვა, 2006-დან კი საკონტინენტთაშორისო თასი მსოფლიოს საკლუბო პირველობამ ჩაანაცვლა. დუბაიში ჩასატარებელ ტურნირს პირდაპირ ნახევარფინალიდან დაიწყებთ და არ გვგონია, შესაძლო მოწინააღმდეგეთა კვალიფიკაციის გათვალისწინებით, გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება ვერ მოიპოვოთ. სავარაუდოდ, ფინალში გააღწევს ბრაზილიური პორტუ ალეგრის “ინტერნასიონალიც”. რამდენად მზად ხართ მსოფლიოს პირველი საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულთან (სამხრეთ ამე¬რიკელებმა ფინალში “ბარსელონას” 1:0 სძლიეს-რედ.) საპაექროდ?
- მიუხედავად იმისა, ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკისა საკლუბო ჩემპიონებს პატივს რომ ვცემ, ფინალში მაინც “ინტერნასიონალი” და “ინტერი” გავლენ. ამიტომაც, სწორედ ბრაზილიელებთან დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებულები. მათი მონაწილეობით ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მატჩი მაქვს ნანახი და “ინტერნასიონალმა” კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მისი ფეხბურთელები სწრაფები და ტექნიკურები არიან. პრინციპში, ეს ჩანაწერის ხილვის გარეშეც ნათელი იქნებოდა – ბრაზილიელებს ბურთთან მოპყრობა არ “ეშლებათ”. უახლოეს დღეებში “ინტერნასიონალის” შეხვედრათა რამდენიმე ჩანაწერს ჩავუღრმავდები, კარგად გავაანალიზებ გუნდის ძლიერ და შედარებით სუსტ მხარეებს, შევიმუშავებ პორტუ ალეგრელთა წი¬ნაღმდეგ თამაშის ოპტიმალურ ტაქტიკას.
- “ინტერს” სერია A-ში საქმეები არცთუ კარგად მისდის, “ვერდერთან” დიდი ანგარიშით მარცხმა კი გულშემატკივართა დიდ ნაწილს ათქმევინა, რაფა ბენიტესს პოსტის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება და მისი დათხოვნა დროის ამბავიაო...
- ჟურნალისტებს მეტი თავშეკავებისკენ მოგიწოდებთ. ინტერნეტით უამრავი ცნობა ჩნდება ხოლმე, რომელთაც, რბილად რომ ვთქვათ, რეალობასთან კავშირი ნაკლებად აქვთ. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭებათ საგაზეთო მიმომხილველებს. მათ ობიექტურ და აწონ-დაწონილ სტატიებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მწვრთნელი კი ყოველთვის მზად უნდა იყოს მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის. ამჟამად გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საფიქრალ-სადარდებელი მაქვს, ვიდრე ქომაგებისა და ჟურნალისტების ვარაუდის ანალიზია. “ინტერს” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის ვამზადებ და იმედია, მისი დასრულების შემდეგ რაფა ბენიტესის “ინტერის” მთავარმწვრთნელობიდან გათავისუფლება დღის წესრიგიდან მოიხსნება. მთავარი კი ჩემი ფეხბურთელების განწყობაა - ბიჭები პასუხისმგებლობით უდგებიან საქმეს და მდგომარეობის უსწრაფესად გამოსწორების დაუოკებელი სურვილი აქვთ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









