საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში მალიორკელმა რაფა ნადალმა ვალენსიელი დავიდ ფერერის 6:3, 6:2, 6:3 დამარცხების შემდეგ 12-ე სადიდსლემო ტურნირი მოიგო, ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ შვედს ბიორნ ბორგს გაუსწრო და მხოლოდ როჯერ ფედერერსა (17) და პიტ სამპრასს (14) ჩამორჩება. ამასთან რაფამ მერვედ მოიგო “როლან გაროსი” და ამდენჯერ დიდი სლემის ერთ რომელიმე შეჯიბრებაზე არავის უმარჯვია. ნადალმა კიდევ ერთი რეკორდი საფრანგეთის ღია პირველობებზე მატჩების მოგების მხრივაც დაამყარა. დღეს რაფამ 59-ედ იმარჯვა ბულონის ტყის კორტებზე ჩატარებულ მატჩებში და “როლან გაროსზე” ერთადერთი მარცხი (2009 წელს შვედ რობინ სოდერლინგთან) განიცადა.
მორიგი საჩემპიონო ტიტულის დაუფლების შემდეგ ნადალმა კორტზე სახელდახელოდ განაცხადა: “გასულ წელს რთული პერიოდი მქონდა და ახლობლების გარეშე წინაღობას ვერ დავძლევდი. დიდი მადლობა ფიზიკური მომზადების მწვრთნელს – მის გარეშე წლევანდელ “როლან გაროსს” ნაღდად ვერ მოვიგებდი. დღეს კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრება მოვიგე. სტარტის წინ ძნელად თუ წარმოვიდგენდი ჩემპიონობას”.









