ჩოგბურთი

17:36 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფა პრაღაში პოკერს, დოჰაში ჩოგბურთს ითამაშებს

 რაფა ნადალი და ენდი მარეი ახალ სეზონს ყატარს დედაქალაქ დოჰას ტურნირით გახსნიან. უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონის ამ გადაწყვეტილების თაობაზე ორიოდ დღით ადრე გამცნეთ, მსოფლიო რეიტინგსიის პირველ საფეხურზე მყოფმა მალიორკელმა კი დოჰაში გამგზავრებაზე თანხმობა დღეს განაცხადა. 2010 წელს ამ ტურნირზე ნადალი ფინალში გავიდა.

დოჰაში შეჯიბრება სტარტს 29 დეკემბერს აიღებს და ჩვენ მიერ ნახსენები მარეისა და ნადალის გარდა, მონაწილეობას რეიტინგსიის მესამე ნომერი დავიდ ფერერი, ფერნანდო ვერდასკო, ტომაშ ბერდიხი, ფილიპ კოლშრაიბერი, რიშარ გასკე, გაელ მონფისი მიიღებენ.

ყატარში გამგზავრებამდე კი რაფა პრაღას ეწვევა და პოკერის საქველმოქმედო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. “გრუნტის მეფეს” პოკერი 2012 წელს, მუხლის ტრავმის აღდგენითი პროცესის დროს შეუყვარდა. მანვე კონტრაქტი გააფორმა ფირმა Poker Stars-თან და ხელშეკრულების თანახმად პოკერის ონლაინ თამაშებში იღებს მონაწილეობას. ნადალის გარდა პრაღაში სხვა სახელოვანი სპორტსმენები ითამაშებენ პოკერს და ამ სახეობის დიდოსტატებთან მოსინჯავენ ძალას.

“პოკერის თამაშის წლინახევრიანი გამოცდილება დამიგროვდა და მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევას. პრაღაში პოკერს “ცოცხლად” პირველად ვითამაშებ”, - აცხადებს ახლადგამომცხვარი “პოკერისტი რაფა”.

ამასობაში ნადალმა სამხრეთ ამერიკაში კიდევ ერთი საგამოფენო მატჩი ჩაატარა და ესპანეთის ქალაქ კორდობაში 4:6, 6:7 (6:8) დავიდ ნალბანდიანთან დამარცხდა. ჩვენი დროით 24 ნოემბერს გამთენიისას რაფა და დავიდი ერთმანეთს კიდევ ერთხელ, ამჯერად არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში შეხვდებიან.

შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ ნადალმა სანტიაგოში ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.121828