გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1\4-ფინალში “ბაიერნთან” საკუთარ მოედანზე ჩატარებული მატჩი, “მანჩესტერ იუნაიტედის” მარჯვენა მცველ რაფაელისთვის, ალბათ, ყოველთვის ავადმოსაგონი იქნება. მაშინ, პირველი ტაიმის შემდეგ, მანჩესტერელები 3:1 იგებდნენ და ეს ანგარიში შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სრულიად ჰყოფნიდათ. თუმცა, მეორე ტაიმის განახლებიდან 5 წუთში, ბრაზილიელი ფეხბურთელი მიუნხენელ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის ეუხეშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად, მოედნის დატოვებას ნიშნავდა. საბოლოო ჯამში, არიენ რობენის დარტყმის შემდეგ, გერმანელებმა სხვაობა ერთი ბურთით შეამცირეს, ხოლო მას მერე, რაფაელმა ჩემპიონთა ლიგაში პირველი შეხვედრა მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, “ბურსასპორთან” ჩაატარა. “მანჩესტერელთა” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, 20 წლის ბრაზილიელს, უპირველესყოვლისა, “ბაიერნთან” დაპირისპირება გაახსენეს.
- რას გრძნობთ, როდესაც “ბაიერნთან” ჩატარებულ იმ თამაშს იხსენებთ?
- იმ მატჩის მერე, ბევრი რამ ვისწავლე. შესაძლოა, პირველი ყვითელი ბარათი (მარკ ვან ბომელისთვის ფეხებში ჩარტყმისთვის, რედ.) ჩემი სისულელით მივიღე, მაგრამ მეორე (ფრანკ რიბერის მაისურზე დაქაჩვისთვის, რედ.)... არასოდეს ვიფიქრებდი, რომ რეფერი ასეთი ჯარიმისთვის “ყვითელს” მაჩვენებდა საერთოდ. თუმცა, მიღებული გაკვეთილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც ფეხბურთში, ასევე, ცხოვრებაში. ახლა, ეს ყველაფერი უნდა დავივიწყო და კონცენტრაცია საკუთარ მომავალზე მოვახდინო.
- მატჩის მერე, გასახდელში როგორი განწყობა იყო?
- მაშინ მეჩვენებოდა, რომ ყველა მე მიყურებდა და გონებაში მეკითხებოდა: “რა გააკეთე?!”. თუმცა, რაიან გიგზმა და პოლ სკოულზმა ცალკე გამიყვანეს, მესაუბრნენ, რითაც დიდი დახმარება აღმომიჩინეს. მინდა გითხრათ, რომ ჯონი ევანსმა, გიბსონმა და რიო ფერდინანდმაც გამამხნევეს. ბევრი ფეხბურთელი მაწყნარებდა. ეს კლუბი ასეთია.
- შენს საფეხბურთო კარიერაში, ყველაზე რთული მომენტი იყო?
- ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე საშინელი გამოცდილება მივიღე. იმ საღამოს მივხვდი, რომ სამოთხიდან ჯოჯოხეთში, შესაძლოა, რამდენიმე წუთში მოხვდე. პირველ ტაიმში კარგად ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ... თქვენ იცით, რაც მოხდა. მსაჯს მე რომ არ გავეძევებინე, იმ მატჩს მოვიგებდით და ჩემი ყოფაც გაცილებით იოლი იქნებოდა. მხრებიდან დიდი ტვირთი მომეხსნებოდა. ახლა, საკუთარ თავს და სხვებსაც უნდა დაუმტკიცო, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის ღირსი ვარ.
- თუმცა, გულშემატკივრები ნიჭიერ ფეხბურთელად გთვლიან...
- ვიცი. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი და, რაც მთავარია, საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ ამ დიად კლუბში თამაშის უნარი შემწევს. ძალიან მონდომებული ვარ, რომ წარმატებას უკვე მიმდინარე სეზონში მივაღწიო.
- ხშირად გაქებენ, რომ შეტევაში კარგად ერთვები. არ გეჩვენებათ, რომ თქვენი დაცვითი თვისებები შეუმჩნეველი რჩება?
- არა, რადგან, როდესაც შეტევაა საჭირო, წინ მივიწევ, ხოლო თუ აუცილებელია დაცვაში საკუთარი სამუშაო შევასრულო, უკან ვბრუნდები. ადრე, შეტევაში გაცილებით ხშირად ვერთვებოდი, ვიდრე ახლა. თუმცა, ინგლისში ბევრი რამ ვისწავლე და ვიცი, რომ ყოველთვის წინ ვერ წახვალ. თავდაცვა იმაზე უფრო ხშირად მიწევს, ვიდრე მიჩვეული ვარ. როდესაც მოედანზე გავდივარ, უპირველესყოვლისა, მცველი ვარ და ჩემი მიზანია, მოწინააღმდეგეს არ გავატანინო.
- ფიქრობთ, რომ მიმდინარე სეზონში, გუნდის ძირითად შემადგენლობაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე დამკვიდრებას შეძლებთ?
- დღესდღეობით, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ თადარიგში არ უნდა ვიჯდე. უბრალოდ, მოედანზე გასვლის იმედი ყოველ მატჩში მაქვს. აუცილებელია, ყოველთვის მზად იყო, რომ სერ ალექს ფერგიუსონი შანსს მოგცემს. და თუ დღეს მოედანზე ვერ გახვალ, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში, კიდევ უფრო თავდაუზოგავად უნდა იმუშავო. მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანია.
- “მანჩესტერში” 50 მატჩი ჩაატარეთ. კიდევ რამდენი შეხვედრის თამაში გსურს?
- არ მინდა საკუთარი თავი რაიმე ჩარჩოებით შევზღუდო, მაგრამ ვფიქრობ, “მანჩესტერ იუნაიტედში” 500 მატჩის ჩატარება შემიძლია. ინგლისში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედი და მსურს, ეს იმდენ ხანს ვაკეთო, რამდენის შესაძლებლობაც მექნება. ჩემთვის, თითოეული ნათამაშები მატჩი, ცხოვრებაში განხორციელებული ოცნებაა.
- უკვე სამი წელია, რაც მანჩესტერში ხართ. თავს, ცოტა ინგლისელად გრძნობთ?
- მე “ჩიფსები” მიყვარს. ისინი ყოველთვის მიყვარდა, ხოლო ინგლისში მათი ბევრი ნაირსახეობაა. ეს მე ინგლისელად მაქცევს? (იცინის). თუმცა, სერიოზულად თუ ვილაპარაკებთ, ინგლისში ძალიან კეთილი ხალხია და ისინი ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ. მათი წყალობით, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მანჩესტერში მართლაც ბედნიერი ვარ.
ლაშა თაბაგარი









