საქართველოს სპორტის სამინისტრომ და რამდენიმე ქართულმა სპორტულმა თუ არასპორტულმა გამოცემამ 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად, საქართველოს ნაკრების მორაგბე, მამუკა გორგოძე დაასახელა. ზოგიერთმა გამოცემამ მამუკა არა მხოლოდ წლის სპორტსმენად, 2011 წლის ადამიანადაც კი დაასახელა და პოლიტიკოსებზე მაღლა დააყენა, რაც უდავოდ აღნიშვნის ღირსია. მიუხედავად იმისა, რომ ”ბორჯღალოსნებს” ამ შემოდგომაზე ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზე არც მედლები აუღიათ და საერთოდ, ჯგუფიდანაც კი ვერ გავიდნენ, ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული რაგბი წლიდან წლამდე ნამდვილად პროგრესირებს და როდესაც საქართველოში რაიმე სფეროში პროგრესზე ვსაუბრობობთ, რაგბი და ქართული ღვინის ხარისხი არ უნდა გამოგვრჩეს.
ქართული ღვინო და ქართული რაგბი ერთმანეთს იმითაც გვანან, რომ ორივე განსაკუთრებულად დიდ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ორივეს დიდი პოტენციალი აქვს და რაც მთავარია, როგორც ღვინოს, ასევე რაგბის, ახლა უწევს მსოფლიოში არსებული ”რკინის ფარდის” გარღვევა, რადგან დაეჭვებულ ევროპელთა ნაწილი ჯერ ისევ იკავებს თავს ”ბორჯღალოსნების” დიდ „ექვს ერში“ აღსაზევებლად და ასევე ნახავთ ევროპელ მეღვინეებს, რომლებიც ქართული ღვინისა და ქვევრის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან. ნიჰილისტები არც ჩვენს ქვეყანას აკლია. ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი და წლის ადამიანი, მორაგბე მამუკა გორგოძე გახდა. მახსოვს წინა საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც წლის ნომინაციების გამოვლენა სრულიად ახალი ხილი იყო, ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, წლის ადამიანებს შორის, ყველასათვის კარგად ცნობილი ჯაბა იოსელიანი მესამე ადგილზე გავიდა. ზოგიერთს არ სჯეროდა ამ გამოკითხვის ობიექტურობის და მახსოვს, გამოკითხვის შედეგებს მცირე დებატებიც კი მოჰყვა. ამ ამბის შემდეგ ლამის 15 წელი გავიდა და სასიხარულოა, რომ ჩვენი საზოგადოების განწყობა და შეხედულება იცვლება და ბევრად უფრო ჯანსაღი ხდება. სპორტთან და რაგბისთან მწყრალად მყოფი ჩვენი თანამოქალაქე როდესაც გაიგებს, რომ მისმა ქვეყანამ წლის ადამიანად მამუკა გორგოძე აირჩია, ეჭვი არ მეპარება, რომ აუცილებლად დაინტერესდება ამ ადამიანით და იმასაც იკითხავს: განა ასეთი რა გააკეთა, რომ პოლიტიკოსებზე და ”ცნობად სახეებზე” მაღლა დააყენესო. ეს უკვე კარგია. ეს უკვე ბევრს ნიშნავს!
ყველას კარგად გვახსოვს დრო, როდესაც ქართველი ახალგაზრდებისათვის კერპები და მისაბაძი ადამიანები ქურდები, ”ძველი ბიჭები”, ”განაბები”, ”მომპარავები” და ათასი ჯურის კრიმინალები იყვნენ. მაშინ უფროსი თაობის ადამიანები გაოცებულნი შესცქეროდნენ საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს, რომლებიც ლამაზი გოგონების სურათებისა და ფეხბურთელების პლაკატების ნაცვლად, საშინელი ხარისხისა და მდარე ლიტერატურული ღირებულების იმ წიგნებსა და იმ ისტორიებს აგროვებდნენ, სადაც ქურდების ცხოვრება და მათ მიერ ჩადენილი ”საქმენი საგმირონი” იყო აღწერილი. დიახ, თაობის კერპები სწორედ ქურდები იყვნენ და ბევრი ბავშვი სწორედ მათ ბაძავდა. როდესაც ქურდი სპორტსმენით და მით უმეტეს, მამუკა გორგოძისნაირი სპორტსმენით ნაცვლდება, უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვისაუბროთ ჩვენი საზოგადოების სურვილებსა და მომავლის წარმოდგენებზე. რაგბი - როგორც სპორტი და როგორც მოვლენა ქართველებისათვის იმდენად ”გაშინაურდა”, რომ ამ თამაშის წესებიც ვისწავლეთ, სტადიონებზე სიარულიც ნელ-ნელა დავიწყეთ და აგერ, წლის ადამიანად მორაგბეებს ვასახელებთ. რაგბი ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, რაგბიმ ბევრი რამ ჩაანაცვლა, რაგბიში ქართველები საკუთარ თავს ვეძებთ!
დასასრულ კი, გეტყვით, თუ რატომ ვცდილობ ასეთი მონდომებით, რომ ქართული ღვინო და ქართული რაგბი ერთმანეთთან გავაიგივო. ახლა, ახალი წლის დღეებში, როდესაც ყველა ვეცდებით, რომ პრობლემები დავივიწყოთ და მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ და ვოცნებოთ, როდესაც ნათესავ-ახლობლებს ვესტუმრებით და ისინიც გვესტუმრებიან. როდესაც ყველანი ზედმეტად ოპტიმისტები გავხდებით ხოლმე და ჭიქააწეულები დაიმედებულნი შევაცქერდებით ერთმანეთს, უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ, 2011 წელს, ისევე, როგორც რაგბი, ქართული ღვინოც მთელმა მსოფლიომ განსაკუთრებულად ახლოს გაიცნო და უფრო მეტიც – ქართულმა ქვევრის ღვინომ ევროპაში ნამდვილი ფურორი მოახდინა! სწორედ ამიტომაც, ამ ახალ წელს ჩვენს ოჯახებში ქართული ღვინით ქართული რაგბი განსაკუთრებულად უნდა დაილოცოს!
ლევან სეფისკვერაძე









