პოლონური წარმოშობის ფრანგი ლეგენდა რაიმონ კოპა, 79 წლისაა და სპეციალური დახმარების გარეშე გადაადგილება უჭირს, მაგრამ მადრიდის “რეალის” თამაშებზე დასწრების შანსს ხელიდან არასდროს უშვებს.
მან კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ “სამეფო კლუბში” გაატარა და ფერენც პუშკაშის და ალფრედო დი სტეფანოს გახსენებაზე თვალები ახლაც ძველებურად უციმციმებს. ცოტა ხნის წინ, კოპა მადრიდში ჩემპიონთა ლიგის მატჩს დაესწრო, რომელშიც “რეალმა” “ლიონი” 3:0 გაანადგურა და ჟურნალისტთან საუბარში ძველი დრო სიამოვნებით გაიხსენა.
- როგორ მიდის თქვენი ცხოვრება?
- საწუწუნო არაფერი მაქვს, თუმცა, პერიოდულად მუხლი მაწუხებს, რომელზეც დიდი ხნის წინათ ოპერაცია გავიკეთე და ხანდახან ამის გამო სიარული არ შემიძლია. მადრიდში ჩამოსასვლელად ინფილტრაციის გაკეთება დამჭირდა, ამის გარეშე კოჭლობით ძლივს ვივლიდი. ჩემი დიდი მეგობარი დი სტეფანო წელში მოხრილი დადის და ამას თუ არ ჩავთვლით, ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა (იცინის).
- რამ განამტკიცა ასე ძლიერ თქვენი ხასიათი? ალბათ, 14 წლის ასაკში მაღაროში მუშაობამ...
- ჩემი მშობლები პოლონეთიდან საფრანგეთში გადასახლდნენ. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება სრულიად ნორმალური მოვლენაა. მამაჩემი მთელი ცხოვრება მუშაობდა და 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაღაროში ოთხი წელიწადი ვმუშაობდი და ამან გამაძლიერა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მამამ ვაგონის ქვანახშირით დატვირთვა და მისი გადაადგილება მანდო. ამან ფეხებიც გამიმაგრა. ამ სამსახურის გამო თითიც დავკარგე.
- ეს როგორ მოხდა?
- დიდი ქვა დამეცა (კოპას მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი აქვს დაკარგული). ახლაც კი ვგრძნობ იმ აუტანელ ტკივილს. ფეხბურთი ჩემთვის გადარჩენის ტოლფასი იყო.
- “სტად რეიმსში” ვინ მიგიწვიათ?
- გუნდის მწვრთნელმა - ბატიემ. ჩემი საფეხბურთო კარიერის დასაწყისში ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. “რეიმსში” გადასვლამდე, საფრანგეთში გამართულ ახალგაზრდა ფეხბურთელების კონკურსში მივიღე მონაწილეობა (1949 წელს). ჩრდილოეთის ზონაში გამარჯვებული გავხდი, დიდი ფინალში კი, მეორე ადგილი დავიკავე. და იცით რატომ? არასაკმარისი სიმაღლის გამო! არადა ფეხბურთს ხომ ფეხით თამაშობენ... ვიმედოვნებდი, რომ ჩემით რომელიმე გრანდი დაინტერესდებოდა და იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც მსურველი მხოლოდ ერთადერთი კლუბი - მეორე დივიზიონის “ანჟერი” გამოჩნდა.
- რატომ იყო თქვენთვის ბატიე ესოდენ მნიშვნელოვანი ფიგურა?
- მან თავის გუნდში წამიყვანა და უფლება მომცა ისე მეთამაშა, როგორც მსურდა. სწორედ მისი დამსახურებაა “ათიანად” რომ მიცნობენ. არასდროს მიყვარდა სქემები, უბრალოდ მაღალი კლასის ფეხბურთელი ვიყავი. ისეთად, როგორადაც თქვენ მიცნობთ, საკუთარი ინსტინქტის წყალობით გავხდი. მან თავისუფლება მომანიჭა და სწორედ ამის ხარჯზე გავიხსენი, მთელი სიმძლავრით ავთამაშდი. თუმცა, ჩემი ძირითადი სათამაშო პოზიცია ყოველთვის ნახევარდაცვის ფლანგი იყო.
- იმ “სტად რეიმსის” ფეხბურთელთაგან, რომლები იყვნენ უმაღლესი დონის ფეხბურთელები?
- თითქმის მთელი გუნდი საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა. პიანტონი, ვინსენი, ფონტენი. დაცვაც საკმაოდ ძლიერი გვყავდა. მადრიდის “რეალის” შემდეგ, ევროპაში მეორე გუნდი იყო.
- თქვენ 1956 წელს ჩემპიონთა თასის ფინალი “რეალთან” 3:4 დათმეთ.
- იმ ფინალში, შეხვედრის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე 3:2-ს ვიგებდით. მაშინ მე გამიმართლა. “რეალმა” ფინალის მოგებით ჩემპიონთა თასის მომდევნო გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მიიღო, არადა, ის ქვეყნის ჩემპიონი ვერ გახდა. მე “რეალში” გადავედი და ახლა ერთადერთი ფრანგი ფეხბურთელი ვარ, რომელიც ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელია (იცინის).
- კონტრაქტს ხელი იმ ფინალამდე მოაწერეთ თუ მატჩის შემდეგ?
- ბევრმა დღემდე არ იცის, რომ კონტრაქტი მატჩამდე გავაფორმე. თუმცა, მე გამარჯვებისთვის მთელი ძალით ვიბრძოდი, რადგანაც საკუთარი გუნდის ღირსებას ვიცავდი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ გუნდის მეორე გოლი ტემპლინმა სწორედ ჩემი გადაცემით გაიტანა. მე სრულად დავიხარჯე და “რეალისგან” არანაირი თანხა არ ამიღია.
- “რეალისა” და “რეიმსის” ფეხბურთელებმა ფინალურ მატჩამდე იცოდნენ ამ ტრანსფერის შესახებ?
- ვფიქრობ, მადრიდელთაგან ზოგიერთმა მოთამაშემ უკვე იცოდა, ჩვენს გუნდში კი, ამის შესახებ მხოლოდ მწვრთნელი იყო ინფორმირებული. “რეალი” რამდენიმე მილიონ ფრანკს გაიღებდა, რათა საფრანგეთის ნაკრების სამი თავდამსხმელი - ფონტენა, პიანტონი და ვინსენი შეეძინა. სწორედ ფრანგთა თავდასხმამ განაპირობა ის, რომ “რეიმსმა” 1959 წლის ჩემპიონთა თასის ფინალი ითამაშა. ამის შემდეგ მე “რეიმსში” დავბრუნდი.
- ვინ დაგიგაკვშირდათ მადრიდიდან ამ ტრანსფერის განსახორციელებლად?
- ზუსტად არ მახსოვს. მაშინ “მილანში” გადასვლის შანსიც მქონდა, თუმცა, “რეალი” ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო. ამასთან, სამი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტი ვხდებოდი და კომპენსაციის გარეშე შემეძლო ნებისმიერ გუნდში გადასვლა. “მილანი” პირიქით, ფეხბურთელის გათავისუფლების სანაცვლოდ, სატრანსფერო თანხას ითხოვდა და ეს სერიოზული დამაბრკოლებელი მომენტი იყო.
- მართალია, რომ დი სტეფანო არცთუ თბილად შეგხვდათ?
- ცოტათი, თუმცა, ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მის გვერდით თამაში. საწყისი 2-3 თვის განმავლობაში, ჩემი მისამართით გადაცემები თითქმის არ კეთდებოდა. ყველა ცდილობდა, რომ მარცხენა ფლანგზე ჰენტო მოემარაგებინა. არ ვფიქრობ, რომ ამას შეგნებულად აკეთებდნენ, უბრალოდ, ასე იყვნენ მიჩვეული. მაშინ ვფიქრობდი: “რა მინდოდა, აქ რას ვაკეთებ?”.
- და როგორ გადაწყდა ეს პრობლემა?
- მაყურებელი დამეხმარა. ისინი მოითხოვდნენ, რომ ბურთი ჩემთვის მოეცათ და გამუდმებით ჩემ სახელს სკანდირებდნენ.
- დი სტეფანოს არ ეჯიბრებოდით? თუნდაც “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში?
- ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არასდროს ვყოფილვართ. ხან ერთი ხდებოდა პირველი, ხან მეორე, ან ვინმე მესამე, ჩვენი მეგობართაგანი. რა განსხვავება იყო.
- თქვენი მეუღლე ესპანეთში გადასვლის მომხრე იყო?
- მომხიბვლელი იდეა იყო: მადრიდის მზე, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი...
- სად გადაწყვიტეთ ცხოვრება?
- ლა კასტელიანეზე. სტადიონიდან შორს არ იყო. კლუბიდან სხვაგან ცხოვრება შემომთავაზეს, მაგრამ სახლის ფულს ხომ კოპა იხდიდა.
- როგორ აეწყო მადრიდში თქვენი ცხოვრება?
- დონ ბერნაბეუ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჩვენი კლუბის გარეთ ცხოვრებას. ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე უნდა დაქორწინებულიყო, რათა მშვიდი ოჯახური ცხოვრებით ეცხოვრა და დროის მეტი ნაწილი სახლში გაეტარებინა. ჩვენ მის ამ მოთხოვნას პატივს ვცემდით.
- დონ ბერნაბეუ ძალიან მკაცრი პიროვნება იყო?
- მთელი სამი წლის განმავლობაში, საკუთარ სტადიონზე ლა ლიგის მხოლოდ ერთი შეხვედრა წავაგეთ - მადრიდის “ატლეტიკოსთან”. თამაშის დასრულების შემდეგ, ბერნაბეუ ჩვენთან გასახდელში მოვიდა და ყველას დახოცვა უნდოდა. ის ძალიან სერიოზული და ამავდროულად, კეთილი ადამიანი იყო. მე განსაკუთრებით ვუყვარდი. ერთხელ მოვიდა და მითხრა: “კოპა, ხვალ ალფრედო, მე და შენ ერთად სურათს გადავიღებთ”. ეს მომენტი მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
- როგორ დაახასიათებთ საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს?
- ჩემი მთავარი ღირსება დრიბლინგი იყო, თუმცა, თამაშის კონსტრუქტორადაც ვთამაშობდი, მუდამ პარტნიორს ვეძებდი და კარში იშვიათად ვურტყამდი. საფრანგეთში ჟურნალისტები ხშირად წერენ, რომ მესი ისე თამაშობს, როგორც თავის დროზე მე ვთამაშობდი.
- და მაინც, “რეალში” ყველაფრის წამომწყები დი სტეფანო იყო.
- რა თქმა უნდა, ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული. მახსოვს, ძალიან ბევრს ეწეოდა და ჩვენი ზეწოლის შედეგად, უცბად თავი დაანება. საინტერესოა, რომ ამის შემდეგ თამაში აღარ მისდიოდა. მერე მოწევა კვლავ დაიწყო და ეს მთელ გუნდს გაგვიხარდა.
- რატომ არ დარჩით მადრიდის “რეალში”?
- ისინი ხუთწლიან კონტრაქტს მთავაზობდნენ, თუმცა, საფრანგეთში ხუთი ფაბრიკა მთავაზობდა ჩემი სახელობის სპორტული ეკიპირების შექმნას და ამით დიდ ფინანსურ შემოსავალს მივიღებდი.
- ვინ იყო საუკეთესო, ზიდანი, პლატინი თუ თქვენ?
- ისე, როგორც ზიდანი და პლატინი თამაშობდნენ, მე ვერ ვითამაშებ, მაგრამ ვერც ისინი ითამაშებდნენ ისე, როგორც კოპა თამაშობდა. ყველას თავისი ეპოქა ჰქონდა.
- ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვინ იყო?
- ასეთი ძალიან ბევრია. პელე დიდებული იყო, მაგრამ მე უპირატესობას ალფრედოს და პუშკაშს ვანიჭებ, რომლებიც ასევე ექსტრაორდინალური მოთამაშეები იყვნენ. მას მხოლოდ ერთი მუშა ფეხი ჰქონდა - მარცხენა, მაგრამ მეკარეებს მისი მაინც ეშინოდათ. მისი დარტყმული ყოველთვის ზუსტი და ძლიერი იყო. ის ჩემი კერპი იყო: ჯერ კიდევ “რეიმსში” თამაშის დროს, ჩემპიონის ტიტულს ვზეიმობდით, შემდეგ კი, ყველაფერი მივატოვეთ და “უემბლიზე” ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებების თამაშის სანახავად წავედით (1953 წელი).
- როგორი ადამიანი იყო?
- მისი სახლი მუდამ სავსე იყო უნგრელი ემიგრანტებით და ის ყველაზე ზრუნავდა: აძლევდა თავშესაფარს, საჭმელს და ფულს.
- თქვენს ეს პირადად ნახეთ?
- რა თქმა უნდა. ის განსაკუთრებული გულის ადამიანი იყო.
- რომელი იყი საუკეთესო თამაში კოპას შესრულებით?
- საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, 1955 წელს “ბერნაბეუზე” ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა. მე გოლი გავიტანე. “რეალში” ერთი თვის შემდეგ უნდა გადავსულიყავი და ინგლისელმა ჟურნალისტებმა ფეხბურთელი ნაპოლეონი დამარქვეს. აქედან მოყოლებული სულ ამ ზედმეტსახელს მეძახდნენ.
- საუკეთესო სეზონი სამი წლის შემდეგ, 1957/58 წლებში ჩაატარეთ.
- ეს ჩემი კარიერის მართლაც საუკეთესო სეზონი იყო. ესპანეთის და ევროპის ჩემპიონობა, მესამე ადგილი მსოფლიო პირველობაზე და ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება, მოგვიანებით კი, “ოქროს ბურთი”. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, მე და ფონტენი მხარდამხარ ვთამაშობდით და ერთმანეთის თვალდახუჭული გვესმოდა. მან 13 გოლი გაიტანა. ვინ შეძლებს მსგავსის გამეორებას? იმ ჩემპიონატზე გაიბრწყინა ახალგაზრდა პელემ. ნახევარფინალში მან სამი გოლი გაგვიტანა და გათამაშებიდან გამოგვთიშა. ტრავმის გამო, მე-20 წუთზე, მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით და მარცხი გარკვეულწილად ამანაც განაპირობა. ბერნაბეუ თამაშებს ესწრებოდა და ესპანეთში დაბრუნებისას ჟურნალისტებს უთხრა: “მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად დავბრუნდი”.
- შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას ეტყოდით მას ახლა?
- მადლობას გადავუხდიდი იმისათვის, რომ ოცნების ასრულებაში დამეხმარა.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









