ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, საბერძნეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კლაუდიო რანიერი გაწვრთნის. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sport24.gr-ი იუწყება.
62 წლის იტალიელი სპეციალისტი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით 800000 ევროს მიიღებს. მისი მთავარი ამოცანა გუნდის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გაყვანა იქნება. ბოლოს რანიერი “მონაკოს” წვრთნიდა, საიდანაც 2013-2014 წლების სეზონის დასრულების მერე დაითხოვეს.
ამჟამად, ბერძნებს პორტუგალიელი ფერნანდუ სანტუში წვრთნის, რომელიც თანამდებობას მსოფლიო ჩემპიონატის მერე თავისი სურვილით დატოვებს. პორტუგალიელს საკლუბო დონეზე მუშაობა სურს.









