ბოლო დროს, ბევრი იწერება იმის შესახებ, თუ რას გადაწყვეტს თავის მომავალთან დაკავშირებით თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი – კარმელო ენტონი.
შეგახსენებთ, რომ მელოს “ნიქსთან” კონტრაქტი გასული სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურა და მეორე დღესვე, მსურველთა რიგი დაუდგა. მისი დამატება თითქმის ყველა გუნდს სურდა (გამონაკლისი, ალბათ, მხოლოდ “სპურსი”, “პეისერსი” და “ოკლაჰომა” არიან, რომლებსაც მართლაც არაფერში სჭირდებათ ენტონი). ბევრი უინტერესო თუ უპერსპექტივო წინადადების განხილვის შემდეგ, მელომ საუკეთესო ხუთეული გამოარჩია და თითოეული გუნდის ხელმძღვანელობასთან პირადად ისურვა შეხვედრა.
სანამ თითქმის მთელ ქვეყანას გადაიფრენდა, “ნიუ იორკ ნიქსის” პრეზიდენტს – ფილ ჯექსონს შეხვდა და შესაძლო კონტრაქტის პირობები განიხილა. “ნიქსის” შემოთავაზება ნამდვილად “მსუყედ” გამოიყურება – ხუთ სეზონში 129(!) მილიონი დოლარი.
დარჩა ოთხი ქალაქი და ოთხი გუნდი – “ჩიკაგო ბულზი”, “ჰიუსტონ როკეტსი”, “დალას მავერიქსი” და “ლოს ანჯელეს ლეიკერსი”. . .
მომდევნო დღეს, მელო ჩიკაგოში ჩაფრინდა და დასავლეთში გამგზავრებამდე, “ბულზის” წარმომადგენლებს დაელაპარაკა. შემოთავაზება ნორმალურია, მაგრამ არც ისეთი მიმზიდველი, როგორიც “ნიქსის” – “მხოლოდ” 70 მილიონი ოთხ წელიწადში. სამაგიეროდ, აქ არის დერიკ როუზი და ჟოაკიმ ნოა - გაცილებით ძლიერი გუნდი, ვიდრე “ნიუ იორკში”.
შემდეგი გაჩერება ჰიუსტონია – გაპიარებული ფრენჩაიზი თავისი ჯეიმს ჰარდენითა და დუაით ჰოვარდით, მაგრამ უსუსტესი სათადარიგო სკამით და შემოთავაზება დაახლოებით “ბულზის” მსგავსი ხელფასით. შორიდან რომ შევხედოთ, ჰიუსტონს ჩიკაგოც კი აშკარად სჯობს. შესაბამისად, “როკეტსის” შანსები მცირეა.
დალასი – ტეხასის კიდევ ერთი ცენტრი. “მავერიქსისა” და დირკ ნოვიცკის ქალაქი. 2011 წელს, ამ გუნდმა “ჰიტსა” და მის “დიდ ტრიოს” ფინალურ სერიაში სძლია და ჩემპიონის ბეჭდებს დაეუფლა. იმ გუნდიდან “დალასში” დღემდე მხოლოდ დირკი და შონ მერიონი შემორჩნენ, მაგრამ “დალასი” კვლავაც საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა – ამაში დასარწმუნებლად იმის გახსენებაც საკმარისია, რომ “სან ანტონიოს” თავის უკანასკნელ საჩემპიონო სეზონში სწორედ “მავერიქსმა” შეუქმნა ყველაზე დიდი პრობლემები და პლეიოფის სტარტზევე, პოპოვიჩის შეგირდებს შვიდმატჩიანი ბრძოლის გადატანა მოუწიათ. ამას ემატება “ნიქსიდან” დამატებული ორი მოთამაშე - ტაისონ ჩენდლერი და რეიმონდ ფელტონი. კარმელოს დამატებით, ხუთეული, დიდი ალბათობით ასეთი იქნება: ფელტონი, ელისი, ენტონი, ნოვიცკი და ჩენდლერი. სათადარიგოთა სკამზე კი შონ მერიონი, ვინს კარტერი, დევინ ჰარისი და კიდევ რამდენიმე ნორმალური კალათბურთელი. საკმაოდ კარგი შემადგენლობა და ძალიან კარგი მწვრთნელი – რიკ კარლაილი.
თუმცა, ბოლო ინფორმაციით, “მავერიქსმა” ჩენდლერ პარსონსი დაიმატა, რითიც მესამე ნომრის პოზიცია საკმაოდ ძვირადღირებული (45 მილიონი სამ წელიწადში) კალათბურთელით შეავსო და ენტონისთვის მაქსიმალური კონტრაქტის შეთავაზებასაც ნაკლებად შეძლებს. შესაბამისად, მელოს ტეხასში გადასვლის შანსი მცირეა.
ბოლო ქალაქი ლოს ანჯელესია – და NBA-ს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე პოპულარული გუნდი – “ლოს ანჟელეს ლეიკერსი”. საშინელი სეზონის შემდეგ, “ლეიკერსის” გენერალურმა მენეჯერმა, მიჩ კაპჩაკმა პირობა დადო, რომ თუ იგი 1-2 სეზონში გუნდს საჩემპიონო რბოლაში ვერ დააბრუნებს, თანამდებობიდან გადადგება.
არავინ იცის, როგორი იქნება “ლეიკერსის” შემადგენლობა მომდევნო სეზონში – გუნდს კონტრაქტი მხოლოდ სამ მოთამაშესთან აქვს: კობი ბრაიანტთან, სტივ ნეშთან და რობერტ საკრესთან. მათ გარდა, გუნდში წლევანდელ დრაფტზე არჩეული ორი კალათბურთელი – ჯულიუს რენდლი და ჯორდან კლარქსონი ირიცხებიან. შესაბამისად, ლოს-ანჯელესური გუნდი საკმაოდ საინტერესო წინადადებით დახვდა კარმელოს – ოთხ სეზონში 97 მილიონი დოლარი. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფინანსურ მხარეზე მნიშვნელოვანი შეიძლება სხვა ფაქტორი აღმოჩნდეს: “ლეიკერსს” კობი ბრაიანტი ჰყავს – კარმელოს დიდი ხნის მეგობარი და კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც მთელი სეზონი გაუცდა და მოუთმენლად ელის მომავალ რეგულარულს. ერთ-ერთ ინტერვიუში ბრაიანტმა განაცხადა, რომ ყველა გუნდზე შურს იძიებს, რომელმაც წელს “ლეიკერსი” არ დაინდო. ასეთი მოტივირებული კობისა და ენტონის დუეტი უდიდესი ძალა იქნება და ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ენტონის გადასვლის შემთხვევაში, გუნდში პაუ გაზოლიც დარჩება. დიდი ალბათობით, გუნდს არ შეიცვლის ნიკ იანგიც და “ლეიკერსი” სერიოზულად გაძლიერდება.
“ლეიკერსთან” შეხვედრის შემდეგ, მელო ძალიან გახარებული ჩანდა და ბევრმა მის მომავალ გუნდად სწორედ კალიფორნიული გრანდი დაასახელა, მაგრამ, მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფავორიტი მაინც “ნიქსია”. მოკლედ, კარმელოს “ლეიკერსს” და “ნიქსს” შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბულზის” შანსები გაიზარდა. ამ ყველაფერმა სიტუაცია თავდაყირა დააყენა. ამას დაემატა ფილ ჯექსონის ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ გუნდს კარმელოსგან თანხმობა ჯერ არ მიუღია. მოკლედ, არავინ იცის, რას გადაწყვეტს ენტონი.
ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ისაა, რომ უდიდესი ალბათობით, ენტონის მომავალი რამდენიმე დღეში გაირკვევა და კარმელო არჩევანს “ნიქსს”, “ლეიკერსს” და “ბულზს” შორის გააკეთებს.
P.S სხვადასხვა წყაროების ცნობით, კარმელოს ტრანსფერში ოჯახმა შეიძლება დიდი როლი შეასრულოს. შეგახსენებთ, რომ კარმელო ენტონის ცოლი და ერთი ვაჟიშვილი ჰყავს. ცნობისათვის, მელოს ცოლი ალანი (ლა ლა) ენტონი ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობია, ხოლო მის ვაჟიშვილს კიენ კარმელო ენტონის ნიუ-იორკში ცხოვრება ძალიან მოსწონს. ამ ყველაფრის ფონზე, კი “ბულზის” შანსების გაზრდა ცოტა უცნაურია…
ლევან გოგოტიშვილი









