გულშემატკივრის სვეტი

12:13 | 31.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

რასიზმი - ფეხბურთის მოურჩენელი სენი

რასიზმი და ნეოფაშიზმი ის საშინელი დაავადებებია, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთს დღემდე წამლავს. ადამიანების ერთ ნაწილს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ფაშიზმი, რასიზმი, ანტისემიტიზმი და სხვა საზიზღრობები საბოლოოდ ჩაბარდებოდა წარსულს. მაგრამ, ეს ცრუ მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა.
ამასწინათ, “მილანის” ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის დროს, ტრიბუნაზე მჯდომმა რამდენიმე ვაიგულშემატკივარმა “მილანის” ფერადკანიანი ფეხბურთელების მიმართ რასისტული ბღავილი ასტეხეს, რამაც იტალიური კლუბის არამხოლოდ შავკანიანი, არამედ უკვლებლივ ყველა ფეხბურთელი გააცოფა და მათ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს. ამ მატჩის შემდეგ, “მილანის” ფეხბურთელებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ თუკი მსგავს შეძახილებს სხვა მატჩებზეც მოისმენდნენ და ტრიბუნაზე ერთ რასისტულ პლაკატსაც კი მოჰკრავდნენ თვალს, თამაშს მაშინაც შეწყვეტენ და ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ზოგიერთები მიხვდებიან, რომ კანის ფერის გამო ადამიანების შეურაცხყოფა უსინდისობაა და სხვა არაფერი!
 ალბათ ზედმეტიც კია არგუმენტების ჩამოთვლა იმის დასამტკიცებლად, რომ კანის ფერი არც ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტს ნიშნავს და არც მის ფიზიკურ შესაძლებლობებს. თუკი კაცი ამბობს, რომ ფეხბურთი უყვარს და პელეს, ზეედორფს, რივალდოს, ვეას, რობერტო კარლოსს და სხვათა და სხვათ, მხოლოდ მათი კანის ფერის გამო არ სწყალობს, მისი ადგილი სტადიონის ტრიბუნაზე კი არა, თბილისში საბურთალოზე მდებარე ერთ ფრიად საჭირო დაწესებულებაშია.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ რასიზმისა და ფაშიზმის პრობლემა ისეთ წელგამართულ ქვეყნებშიც კი არსებობს, როგორიც ვთქვათ ინგლისი და შეერთებული შტატებია. აღარაფერს ვამბობ ქვეყნებზე, სადაც ფერადკანიანი კაცის დანახვა ჯერ კიდევბ უკვირთ (მაგალითად საქართველოში) და ათასგვარ უაზრო მითს თხზავენ მათ შესახებ.
ამასწინათ, ერთ-ერთ გერმანულენოვან ინტერნეტ-გვერდზე გერმანული საფეხბურთო კლუბის, ”ჰანოვერის“ ერთ-ერთი ახალგაზრდა ქომაგი მთელი თავდაჯერებით წერდა, რომ გერმანული ფეხბურთის საქმე უკან-უკან მას შემდეგ წავიდა, რაც ბუნდესლიგაში ბევრი აფრიკელი და აფროამერიკელი გამოჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მოწინავე ადგილებს ყოველთვის ფერადკანიანი ფეხბურთელები იკავებენ და სწორედ ისინი აძლევენ გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატს განსაკუთრებულ ხიბლსა და ინტერესს. აღარაფერს ვამბობ ფრანგულ ფეხბურთზე, სადაც მავანნი “ჩემპიონატის გაშავებაზე” ათ წელზე მეტია სწუხან და გოდებენ. უახლოესი წარსული რომ გავიხსენოთ, რომ არა საფრანგეთის ნაკრებში მოთამაშე ფერადკანიან ფეხბურთელთა მთელი პლეადა, მიაღწევდა კი საფრანგეთის უმთავრესი გუნდი დიდ წარმატებებს ჯერ მსოფლიოსა და შემდეგ უკვე ევროპის ჩემპიონატებზე?! წარმოგიდგენიათ ფრანგული ფეხბურთის “ოქროს თაობა” ტურამის, დესაის, ვიეირას და სხვათა და სხვათა გარეშე?!
 ამ მხრივ ბევრად უფრო კარგი მდგომარეობაა ლათინოამერიკულ და მეტადრე ბრაზილიურ ფეხბურთში, სადაც დიდი ფეხბურთის მესაფუძვლენი ყოველთვის მულატები, მეტისები და აფროამერიკელები იყვნენ. ევროპაში სათამაშოდ ახლადჩამოსულ რივალდოს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა: “უცნაურია, რომ ბრაზილიაში უფრო ნაკლები რასისტია, ვიდრე ევროპის თუნდაც პატარა ქვეყანაში. საინტერესოა, ბრაზილიელები როგორ ახერხებთ ამასო...” რივალდომ სწორედ ისეთი პასუხი გასცა, მის მსგავს დიდებულ ფეხბურთელს რომ ეკადრებოდა. “მე ბავშვობაში დავდიოდი სკოლაში, სადაც ყველა მასწავლებელი თეთრკანიანი იყო და მხოლოდ სპორტის მასწავლებელი გვყავდა მულატი. ჩემი კლასელი ბიჭებიდან ხუთი მათგანი ფეხბურთელი გავხდით, სამი კი ფრენბურთელი. ახლა თქვენ მითხარით, როგორც არ დააფასებდნენ სხვა მასწავლებლები იმ ერთადერთ ფერადკანიან მასწავლებელს, რომელმაც იმაზე უფრო მეტი გვასწავლა, ვიდრე სხვა ყველამ ერთად...”

P.S. ამ სამი დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სარეისო ავტობუსში სპორტულჩანთაგადაკიდებული ორი აფრიკული იერის ბიჭი ვნახე. წარმოდგენა არა მაქვს, რომელ სახეობაში ვარჯიშობდნენ და საერთოდ იყვნენ თუ არა სპორტსმენები. მაგრამ, სხვა მგზავრებისაგან განსხვავებით მხოლოდ მათ “გაბედეს” და სულ ჭიტლაყების რტყმით ჩააგდეს დაახლოებით 25 წლის ჯიბგირი ბიჭი, რომელიც ახალგაზრდა გოგონას ჩანთაში ხელს აფათურებდა. დამერწმუნეთ, ეს არ არის უბრალო ამბავი!

ლევან სეფისკვერაძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097716