რაულ გონსალეს ბლანკო მადრიდის “რეალის” სრულუფლებიანი წევრი 17 წლისა 1994-ში გახდა და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, თავიდანვე გახდა “სამეფო კლუბის” წამყვანი მოთამაშე. 1994-95-ის სეზონში გუნდის მომავალმა კაპიტანმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კასტილიელთა მიერ პრიმერა დივიზიონის მოგებაში. მას შემდეგ მოყოლებული, რაულის გარეშე გუნდის წარმოდგენა შეუძლებელი გახლდათ, იგი მადრიდელთა სიმბოლოდ იქცა და იყო დრო, როცა გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ გუნდს, კერპისადმი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, “რაულ მადრიდს” უწოდებდნენ. მაგრამ ხომ გსმენიათ, დრონი მეფობენო და გასული ზაფხულიდან რაული უკვე გელზენკირხენის “შალკეს” ფორვარდია. ეს გერმანული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული და არც ისაა გამორიცხული, ამ უპრესტიჟულესი ტურნირის ფინალში გონსალეს ბლანკოს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ მოუწიოს შებმა. მანამდე კი, რაულს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ორი ნახევარფინალური პაექრობა ელის. “ფელტინს არენაზე” დღეს ჩასატარებელი პირველი სანახევარფინალო მატჩის წინ, რაულს ინგლისური “გარდიანი” დაუკავშირდა და წინასამატჩო ინტერვიუ ჩამოართვა.
- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლოს რვა წლის წინ ითამაშეთ. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ამ ეტაპს სხვა გუნდის შემადგენლობაში მყოფი უბრუნდებით. თავის დროზე თქვენი “რეალიდან” “შალკეში” გადასვლა ბევრმა დასასრულის დასაწყისად მონათლა. საპირისპირო კი მოხდა. თქვენ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ გმირად იქეცით. მოელოდით მოვლენათა ამგვარ განვითარებას? ფიქრობდით, რომ “შალკე” ჩემპიონთა ლიგაში ესოდენ წარმატებით გამოვიდოდა?
- არ ველოდი. გუნდის მშენებლობა პრაქტიკულად ნულიდან დაიწყო. ბუნდესლიგის სტარტზე ზედიზედ რამდენიმე მატჩი წავაგეთ, მთელი სეზონის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრება. ჩემპიონთა ლიგაში კი “შალკემ” გაცილებით უკეთ ითამაშა. ყოველი ტურის შემდეგ, თავს უფრო მეტად დამაჯერებლად ვგრძნობდით. “ვალენსიასა” და “ინტერთან” დაპირისპირებისას ფავორიტად ჩვენ მოწინააღმდეგეებს მიიჩნევდნენ, მაგრამ მათთან შეხვედრებში დავამტკიცეთ, რეალურად რა შესაძლებლობების გუნდად ყალიბდება “შალკე”.
- 2000 წელს “მანჩესტერ იუნაიტედი” ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში დაამარცხეთ, სერ ალექს ფერგიუსონმა კი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გიწოდათ...
- ფერგიუსონი ყოველთვის მაქებდა და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დამრიგებლისგან ამგვარი სიტყვების მოსმენა ძალიან მსიამოვნებდა. საკუთარი მაგალითიდან ვიცი, თუ რა ძნელია დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავე კლუბში ყოფნა. სერ ალქსი კი აგერ უკვე 25 წელია, “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობს, მისი გუნდი ყოველთვის მოწინავეთა შორისაა, შოტლანდიელმა სპეციალისტმა კი ამ ხნის განმავლობაში უკვე 4-5 უმაღლესი რანგის გუნდის ჩამოყალიბება მოახერხა. “მანჩესტერი” სადღეისოდაც ძალიან ძლიერია. გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები კარგად არიან შერწყმულნი ისეთ აღიარებულ დიდოსტატებთან, როგორებიც რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ედ ვან დერ საარი, რიო ფერდინანდი არიან. დავამატოთ ამ სიას სუპერვარსკვლავი უეინ რუნი. შესაძლოა, “იუნაიტედი” “ბარსელონას” დარ თამაშს ვერ აჩვენებს, მაგრამ მისი ასპარეზობა და შედეგები არანაკლებ პატივისცემას იმსახურებს.
- მოწინააღმდეგე გუნდის რიგებიდან გიგზი ახსენეთ. აგერ უკვე რამდენი წელია, საფეხბურთო მინდვრებზე თქვენ და უელსელი ერთმანეთის მეტოქენი ხართ. მაინც რაა თქვენი სპორტული დღეგრძელობის საიდუმლო?
- მე და რაიანს ჩვენი პროფესია გვიყვარს, ფეხბურთის თამაში კი კვლავინდებურად უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. გიგზი 37 წლისაა და დააკვირდით, მინდორზე როგორი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. მას ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. გიგზი და სქოულზი ის ფეხბურთელები არიან, რომელთა თამაშს აღტაცებაში მოვყავარ. დიდი სურვილი მაქვს, “მანჩესტრეთან” თამაშის დასრულების შემდეგ რაიანს მაისური გავუცვალო.
- როგორი იმედით ხვდებით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს?
- ვოცნებობ “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებაზე. “შალკე” საერთო წარმატებისთვის არაფერს არ დაიშურებს, დანარჩენი კი უშუალოდ “ოლდ ტრაფორდისა” და “ფელტინს არენას” მინდვრებზე გამოჩნდება. ვფიქრობ, ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენ მხარესაა. “მანჩესტერისგან” ყველა მოგებას და ფინალში გასვლას ელის, რაც მოთამაშეებს გარკვეულ წნეხში ამყოფებს. მოწინააღმდეგეზე და მის ფეხბურთელებზე მოკლედ მოგახსენეთ. პირდაპირ გეტყვით, უშანსოდ არ ვართ. გადავხედოთ “შალკეს” შემადგენლობას. ჩვენ ჯეფერსონ ფარფანი გვყავს, რომელიც ტექნიკურია და სწრაფი. ხურადო დღითიდღე უმატებს, ნოიერი კი კარს მეტად საიმედოდ იცავს. გელზენკირხენში გადასვლამდე მანუელს არ ვიცნოდი, ახლა კი განცვიფრებული ვარ მისი ოსტატობით. უნდა ნახოთ, როგორ გამოიყურება იგი გუნდის ვარჯიშებზე. ნოიერი 25 წლისაა და არ გამიკვირდება, თუკი სამომავლოდ იკერ კასილასს აჯობებს. ჩემი აზრით, მანუელისთვის იდეალური ვარიანტი “მანჩესტერში” გადასვლა იქნებოდა, თუმცა, როგორც ყური მოვკარი, იგი “ბაიერნში” აპირებს კარიერის გაგრძელებას.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალი “უემბლიზე” ჩატარდება...
- ამ დიდებულ სტადიონზე არასდროს მითამაშია და იმედია, კარიერის დასრულებამდე ამას შევძლებ. თუკი წელს ვერ მოვახერხე “უემბლიზე” თამაშის უფლების მოპოვება, ჩემპიონთა ლიგის ფინალს მაინც დავესწრები და მშვენიერი იქნება, თუკი გადამწყვეტი მატჩის ერთ-ერთი მონაწილე “რეალი” გახდება.
- არადა, შესაძლოა, ფინალში “რეალს” დაუპირისპირდეთ. ეს თქვენთვის ახდენილი ოცნება იქნება თუ კოშმარი?
- ვერაფერს გეტყვით, ჯერ ამაზე არ მიფიქრია. თუკი “შალკეს” ჩემპიონთა ლიგის მოგება უწერია, მაშინ უმჯობესია, რომ ფინალში “ბარსელონას” მოვუგოთ და არა “რეალს”.
გოჩა კაჭარავა









