ინტერვიუები

10:11 | 27.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

რაული: “მიხარია, რომ “რეალის” ისტორიის ერთი-ორი ფურცელი შევავსე”

მადრიდის “რეალში” გატარებული 18 წლის შემდეგ, გასულ ზაფხულს რაულმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა და ყველასთვის მოულოდნელად გელზენკირხენის “შალკეს” მიაშურა. ბევრისთვის ეს გადაწყვეტილება დღემდე აუხსნელია, მაგრამ თავად ფეხბურთელმა კარგად უწყის რა ნაბიჯიც გადადგა და არც ნანობს. თუმცა, რაულმა “შალკეში” რაც უნდა კარგად ითამაშოს, ის დღემდე “რეალის” სიმბოლოა და კარიერის ბოლომდე ასეთად დარჩება. ეს თავად 33 წლის ფორვარდმაც კარგად იცის და World Soccer-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც არ დაუმალავს.
- კარიერის ახლიდან დაწყება რომ შეგეძლოთ, რაიმეს შეცვლიდით?
- უფლება არ მაქვს ვთქვა “დიახ”, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბ მადრიდის “რეალში” 18 წელი გავატარე. ამ გუნდთან ერთად საფეხბურთო ამბიცია დავიკმაყოფილე -  მოვიგე ესპანური, ევროპული და მსოფლიო ჯილდოები. შემიძლია თუ არა უფრო მეტზე ვიოცნებო? არცთუ ბევრ ადამიანს შეუძლია სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუს” საკუთარი სახლი უწოდოს და ამით ვამაყობ.
- არადა, კარიერას “ატლეტიკოში” იწყებდით, რომელიც ისტორიულად “რეალის” ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ ითვლება...
- “ატლეტიკოს” ერთგული გულშემატკივრების ოჯახში გავიზარდე და ბავშვობისას ამ კლუბში ვთამაშობდი. სამწუხაროდ, კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მაშინდელმა პრეზიდენტმა ხესუს ხილმა გადაწყვიტა მოზარდ ფეხბურთელთა გუნდები გაეუქმებინა. 15 წლის ვიყავი და არ ვიცოდი სად წავსულიყავი. შემდეგ კი, “რეალმა” ამიყვანა და ასე აღმოვჩნდი სამოთხეში.   
- “რეალში” ჩატარებული მატჩების რაოდენობითა და გატანილი გოლებით კლუბის რეკორდსმენი ხართ. თავს ლეგენდად თვლით?
- ამის შესახებ სხვებმა უნდა იმსჯელონ და არა მე. ჩემთვის სიტყვა “ლეგენდა” რაღაც ძალიან შორეულსა და მიუწვდომელს ნიშნავს. საკუთარ თავს კი, სულ სხვაგვარად ვხედავ. უბრალოდ მიხარია, რომ “რეალის” ისტორიის ერთი-ორი ფურცელი შევავსე. ახლა, გერმანულ “შალკეში” ჩემი სპორტული კარიერის სულ სხვა ნაწილი დაიწყო, მაგრამ მესმის, რომ ყოველთვის “რეალთან” ვიქნები ასოცირებული. ისევე როგორც პაოლო მალდინი – “მილანთან”, პოლ სქოულზი და რაიან გიგზი –“მანჩესტერთან”, ფრანჩესკო ტოტი – “რომასთან” და ალესანდრო დელ პიერო – “იუვენტუსთან”.
- გაგვიზიარეთ თქვენი საუკეთესო მოგონებები...
- დიდხანს შემიძლია ვისაუბრო იმ პერიოდზე, როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებდი. გუშინდელივით მახსოვს მომენტი, როდესაც გავიგე, რომ “რეალის” შემადგენლობაში დებიუტი მექნებოდა. სიხარულისგან ლამის ცას ვწვდებოდი, როცა გუნდის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ხორხე ვალდანომ მითხრა, რომ “სარაგოსას” წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ვითამაშებდი. გუნდის ავტობუსის წასვლამდე ცოტა დრო რჩებოდა, მაგრამ სახლამდე მირბენა და მშობლებისთვის სასიხარულო ამბავის მოყოლა მოვასწარი. მართალია, მაშინ “სარაგოსამ” მოიგო, მაგრამ “ძირითადში” ადგილი შევინარჩუნე და მომდევნო კვირას “ატლეტიკოს” გავუტანე – ჩვენ 4:2 მოვიგეთ. როდესაც შემცვალეს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოსულმა გულშემატკივარმა ოვაცია გამიმართა.  
- კარიერის განმავლობაში თქვენს მიერ გატანილი გოლებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად რომლებს თვლით?
- მათ, რომლებიც დიდ გამარჯვებებს უკავშირდება. მაგალითად, ჩემი ზუსტი დარტყმა საკონტინენტთაშორისო თასის მატჩში, როდესაც ბრაზილიის “ვასკუ და გამა” დავამარცხეთ. ორი გოლი, რომელთა წყალობით 1999 წელს “ბარსელონასთან” შეხვედრაში ანგარიში გავათანაბრეთ. 2000 წელს ჩემპიონთა ლიგაში “მანჩესტერის” კარში გატანილი ორი გოლი, როდესაც 3:2 მოვიგეთ.  
- იმ დროის განმავლობაში, რაც თამაშობთ, ფეხბურთი რამდენად შეიცვალა?
- ტაქტიკა ახალ დონეზე ავიდა. ისინიც კი, ვინც თეორიაში მოისუსტებენ, ახლა ძალიან კარგად არიან ორგანიზებულნი.  
- კრიტიკოსები არ იღლებიან იმის აღნიშვნით, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თქვენს გარეშე გახდა. მსგავსი კომენტარები გაღიზიანებთ?
- უაზრო კამათში ჩართვას არ ვაპირებ. პატრიოტი ვარ და ამიტომ, ესპანეთის მწვერვალზე ხილვა მახარებს. როდესაც ეროვნულ გუნდში გამოვდიოდი, ჩვენმა თაობამ ის არ მიიღო, რასაც იმსახურებდა. ვთვლი, რომ ოფიციალური პირები უსამართლოდ მოგვექცენ, როდესაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან პენალტების სერიაში დავმარცხდით. თუმცა, საერთო ჯამში ესპანეთის ნაკრებთან ერთად მიღწეულით ვამაყობ. მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე ვითამაშე, ნაკრებში ასზე მეტი მატჩი ჩავატარე და გოლებიც საკმაო რაოდენობით გავიტანე.  
- ბოლო 50 წლის განმავლობაში თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა რომელმა ფეხბურთელებმა მოახდინეს?
- ვიდეოჩანაწერების წყალობით ძველი “რეალის” ფეხბურთელები – ალფრედო დი სტეფანო, ფერენც პუშკაში და ფრანსისკო ჰენტო შემიყვარდა. ჭაბუკობისას დიეგო მარადონათი, რობერტო ბაჯოთი და მარკო ვან ბასტენით ვიყავი აღფრთოვანებული.  
- როგორ ფიქრობთ, ისტორიის განმავლობაში ყველაზე უკეთეს ფეხბურთს რომელი გუნდები აჩვენებდნენ?
- “რეალი” 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანების დასაწყისში, ბრაზილიის ნაკრების 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და “მილანი” 80-იანების ბოლოს.
- თქვენს კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა ვინ მოახდინა?
- “რეალის” ექსთავკაცმა ფაბიო კაპელომ. როდესაც ის პირველად გუნდში მოვიდა, ახალგაზრდა ვიყავი და მოუხეშავ ფეხბურთს ვთამაშობდი. მაშინ, კარგი მწვრთნელი ძალიან მჭირდებოდა და სწორედ კაპელო აღმოჩნდა ასეთი ადამიანი. მან “რეალში” ბევრი რამ შეცვალა, განსაკუთრებით სამწვრთნელო პროცესში. კაპელომ გვასწავლა ფეხბურთისთვის სხვა თვალით შეგვეხედა.  


მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099352