ინტერვიუები

18:37 | 29.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

რეი პარლოუ: ”გერმანელებმა იმდენი საგოლე მომენტი შექმნეს, ორ შეხვედრას ეყოფოდა”

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მრავლად არიან ყოფილი ფეხბურთელები, რომლებიც ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევიან. ერთ-ერთი მათგანი ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი რეი პარლოუა, რომელიც ამჟამად, ტელევიზიაში მოღვაწეობის გარდა, რადიოსადგურებ BBC Radio 5 live-ში და Talksport-ში მუშაობს. პარლოუ გერმანია-ინგლისის (4:1) მატჩს უშუალოდ სტადიონზე ესწრებოდა და თანამემამულეთა მსგავსად იმედგაცრუებული დარჩა. პრესასთან საუბრისას მას არ დაუმალავს, რომ ინგლისის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი დაცვაში უსუსური თამაში იყო.   
- რატომ ჰქონდა გერმანიას ამხელა უპირატესობა? ამის კონკრეტული მიზეზები არსებობს?
- დაცვაში “ჩავარდნის” გარდა, გონებაში სხვა არაფერი მომდის. ჯონ ტერი და მეტიუ აპსონი ცენტრალური მცველების ნამდვილ წყვილად არ გამოიყურებოდნენ, რადგან აბსოლუტურად შეუთანხმებლად მოქმედებდნენ. ამის გამო, დაცვით ოთხეულში აბსოლუტური ქაოსი შეიქმნა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ისეთი სწრაფი გუნდის წინააღმდეგ თამაშისას, როგორიც გერმანიაა, მთავარი - კარგი დაცვაა. ამავე დროს, არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა, ანგარიში 2:2 რომ გამხდარიყო. კიდევ ერთი საათი იყო სათამაშო და შესაძლოა, ყველაფერი შეცვლილიყო –არაა გამორიცხული შეცდომა გერმანელებსაც დაეშვათ. თუმცა, საერთო ჯამში, გერმანია მოედანზე უკეთესად გამოიყურებოდა, რაშიც ეჭვის შეტანა ძნელია. ინგლისისთვის, ნაჩვენები შედეგი დიდი იმედგაცრუებაა.  
- შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე რიო ფერდინანდის მიერ მიღებული ტრავმა, დაცვაში ნაკრების ნაჩვენები წარუმატებელი თამაშის მთავარი მიზეზი იყო?
- რა თქმა უნდა, ეს საგრძნობი დანაკლისი იყო. თუმცა, ბოლოს და ბოლოს იმ ფეხბურთელებთან ერთად უნდა იმუშავო, რომლებიც გყავს. აპსონი საკმაოდ კვალიფიცირებული მცველია და ტერის გვერდით თამაშს იმსახურებდა. მატჩი მართლაც წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქემ ჩვენს წინაშე სერიოზული ამოცანები დასახა.
- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ინგლისმა მიმდინარე ჩემპიონატში საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და მუდმივად თამაშის ძიებაში იყო, მაგრამ ერთიანი კოლექტივი მაინც ვერ გახდა?
- ინგლისმა ძალიან ცუდად ითამაშა აშშ-სა და ალჟირის წინააღმდეგ, მაგრამ დრო და დრო გამონათებებიც ჰქონდა. კერძოდ, სლოვენიასთან ნახევარდაცვა და შეტევის ხაზი ძლეირად გამოიყურებოდა. თუმცა, გერმანიასთან მატჩში ყველაფერი დაინგრა. მეტოქეს იმდენად ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავდა, რომ ინგლისმა ვერაფერი გააწყო. გერმანელებმა იმდენი საგოლე მომენტი შექმნეს, ორ შეხვედრას ეყოფოდა.   
- განცდილ მარცხს ისიც ხომ არ ამძიმებს, რომ ინგლისმა სწორედ გერმანიასთან წააგო?
- რასაკვირველია, ამ დაპირისპირების მნიშვნელობის უარყოფა ძნელია. თუმცა, მირჩევნია წმინდა სათამაშო პრობლემებზე ვისაუბრო. პირადად ძალიან მომეწონა ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც გერმანიის ნაკრებში არიან შეკრებილი. მათ დამსახურებულად მოიგეს, რადგან ინგლისმა ვერაფერი დაუპირისპირა.
-  ინგლისის ნაკრების წარუმატებლობას მსაჯს რომ არ აბრალებთ დასაფასებელია. თუმცა, კარგად გესმით, რომ 1966 წელს ფინალში გვერდით მსაჯ ტოფიკ ბახრამოვის მიერ ინგლისის სასარგებლოდ დაშვებულ შეცდომას გვერდს ვერ ავუვლით...
- ეს ყველაფერი ძალიან ადრე იყო. რაც შეეხება განვლილ თამაშს, მას საკმაოდ კვალიფიციური მსაჯი უძღვებოდა, რომელსაც კარგად მუშაობა შეუძლია. თუმცა, ფაქტია, რომ არბიტრებმა საშინელი შეცდომა დაუშვეს. პირველყოვლისა, არჩათვლილი გოლი ლაინსმენის სინდისზეა, რომელმაც მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ მან ვერ დაინახა, რომ ბურთი კარის ხაზს იქით ნახევარი მეტრით შევიდა, მაშინ რა უნდა თქვა? ბუნებრივია, რომ ამ ეპიზოდმა მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია და ინგლისს მეორე ტაიმში თამაშის გარდაქმნის საშუალება არ მისცა.  
- ალბათ, ფაბიო კაპელომ კარიერის განმავლობაში ყველაზე მტკივნეული მარცხი განიცადა?
- არ ვიცი, ჩემთვის ამ თემაზე მსჯელობა რთულია. ცოტა ხნის წინ, ინგლისი იმით იყო ბედნიერი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდა – გადაწყვიტა რა ნაადრევად შესარჩევ ციკლში საგზურის ბედი და საუცხოო ფეხბურთი აჩვენა. ვერ ვიტყვი, რომ ინგლისი  გერმანელების წინააღმდეგ შეტევაში მორიდებულად გამოიყურებოდა, თუმცა დაცვაში “ჩავარდა”. წარუმატებლობის მთავარი მიზეზიც ესაა.    
- ტურნირზე რჩეული ნაკრები თუ გყავთ?
- შემიძლია ვთქვა, რომ სამხრეთამერიკული ნაკრებების თამაში მომწონს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.057983