საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, ლეგენდარულ ჟუსტ ფონტენს, 18 აგვისტოს იუბილე ჰქონდა – მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენს, 77 წელი შეუსრულდა. ფონტენმა 1958 წლის მუნდიალზე 13 გოლი გაიტანა და ამ შედეგის დამხობა, ან თუნდაც გამეორება, ნებისმიერი ფორვარდისთვის მიუღწეველ ამოცანად რჩება.
ჟუსტ ფონტენი დაიბადა 1933 წელს მაროკოში, რომელიც იმჟამად საფრანგეთის კოლონია იყო. მისი მამა ნორმანდიელი იყო და მაროკოში თამბაქოთი ვაჭრობდა. დედა საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ მის ძარღვებში ესპანური სისხლი ჩქეფდა. ფონტენების ოჯახში შვიდი შვილი იყო და შუათანა ბიჭს დედამ ესპანური სახელი - ხუსტო დაარქვა, რომელიც მოგვიანებით ფრანგულ ჟუსტად გადაკეთდა.
ფონტენმა ფეხბურთის თამაში სამოყვარულო კლუბ “AC მარაკეშ”-ში დაიწყო და 1948 წელს მაროკოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდული გუნდების (კადეტების) გათამაშებაში. სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო, ის იძულებული გახდა სწავლა სხვა დაწესებულებაში გაგრძელებინა და მისი საფეხბურთო კარიერაც სხვა გუნდში გაგრძელდა. ის კასაბლანკაში გადასახლდა და საბაჟოს გუნდში ჩაირიცხა. ჟუსტისთვის ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგანაც კლუბი სწავლის საფასურს ფარავდა და ფეხბურთი რომ არ ეთამაშა, ფონტენი განათლების გარეშე დარჩებოდა.
1953 წელს, 20 წლის ფონტენი საფრანგეთში გადაბარგდა და პროფესიული კონტრაქტი “ნიცასთან” გააფორმა. იქ მან სამ სეზონში 44 გოლი გაიტანა, პარალელურ რეჟიმში კი, საფრანგეთის არმიაში 30-თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი პარიზში მდებარე სამხედრო ნაწილში მსახურობდა და ორ ქალაქს შორის მუდმივი მგზავრობა უწევდა, რის გამოც, დროის დიდ ნაწილს მატარებელში ატარებდა.
1956 წელს ფონტენი “რეიმსში” გადავიდა, რომელიც იმ დროს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად ითვლებოდა. იქ მან, მადრიდის “რეალში” გადასული რაიმონ კოპა შეცვალა, ექვსი წელი გაატარა და 121 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ფონტენს, ფეხის მოტეხილობის გამო, ერთი სეზონი გაუცდა და ამ ტრავმის მიზეზით, საფრანგეთში გამართული პირველი ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა. მთლიანობაში, ჟუსტმა საფრანგეთის ჩემპიონატში 200 შეხვედრა ჩაატარა, 165 გოლი გაიტანა და ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ის ორივე ფეხით კარგად ურტყამდა, თავით დიდებულად თამაშობდა და ამიტომ, მეტოქის საჯარიმოს ნებისმიერ წერტილში სახიფათო მოთამაშე იყო.
მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი საკლუბო კარიერისა, ფონტენმა სახელი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში თამაშით მოიხვეჭა. 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მან მეტოქეთა კარში 13 გოლი გაიტანა და ერთ მუნდიალზე გატანილი გოლების მიხედვით რეკორდსმენი გახდა. მას შემდეგ, ყველა მუნდიალის დაწყების წინ, ფონტენის სახელი აქტუალურია. აღსანიშნავია, რომ ჟუსტმა, გოლების უმეტესობა იმ რაიმონ კოპას გადაცემების შემდეგ გაიტანა, რომლის ადგილიც თავის დროზე “რეიმსში” დაიკავა. შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამ ორი ფეხბურთელის ურთიერთგაგებამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. თავად რეკორდსმენი, უწინარესად, მარგი ქმედების კოეფიციენტით ამაყობს. ფონტენის განცახადებით, მას მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 20 საგოლე მომენტი შეექმნა და აქედან 13 გამოიყენა, სამჯერ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა, სამჯერ მეტოქის მეკარემ აჯობა, ერთხელ კი, ბურთი კარს გადააცილა. სრული სტატისტიკისათვის უნდა ვთქვათ, რომ ჟუსტმა შვიდი გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა, ხუთი მარცხენათი, ხოლო ერთი - თავით.
ერთი საინტერესო ფაქტიც - ფონტენმა რეკორდი სხვისი ბუცებით დაამყარა, რადგანაც თავისი მოპარეს. მაშინ გუნდებს არ ჰყავდათ სპონსორები, შესაბამისად, დაკარგული სპორტული ინვენტარის სანაცვლოდ, ახალს არავინ გაუგზავნიდა და ჟუსტსაც სიტუაციიდან თავის დაღწევა თავად მოუწია. საბედნიეროდ, ფონტენის თანაგუნდელ სტეფან ბრიუ, იგივე ფეხის ზომა აღმოჩნდა, რაც ჟუსტს. რადგანაც ბრიუ სათადარიგო ფეხბურთელად ითვლებოდა, მან თავისი ამუნიცია “სამფეროვანთა” ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელს დიდსულოვნად დაუთმო.
ზემოთნახსენები ფეხის უმძიმესი მოტეხილობა, ჟუსტმა 1960 წლის მარტში მიიღო და ამან, ფრანგი ფეხბურთელის კარიერა პრაქტიკულად დაასრულა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ფონტენმა რამდენიმე სეზონი კიდევ ჩაატარა და საფრანგეთის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ უფრო წვალობდა, ვიდრე სიამოვნებას იღებდა, რადგან დაზიანებულმა ტერფმა ელასტიურობა დაკარგა. საბოლოოდ, ფონტენი 29 წლისაც არ იყო, როდესაც ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.
საინტერესოა, რომ მისთვის ტრიუმფალური, 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ჟუსტმა სიმღერა დაიწყო. ამით ის, ბავშვობისდროინდელი მეგობრის დახმარებას გეგმავდა და დუეტმა ორი ალბომიც ჩაწერა. სიმღერამ ფონტენს გვარიანი ფული მოუტანა, მაგრამ ამას თავისი მინუსიც ჰქონდა: თუკი ფორვარდს თამაში არ წაუვიდოდა, გულშემატკივრები მის გასაღიზიანებლად სკანდირებდნენ - “კალას! კალას!” - ასე ერქვა ბერძენ ოპერის ცნობილ მომღერალს.
აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან ხუთი წლის შემდეგ, ფონტენი საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებში საბჭოთა კავშირის ნაკრებთან 2:4 და რუმინეთთან 1:2 მარცხის შემდეგ, ის დაკავებული თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლეს. 1970-იან წლებში ფონტენი პსჟ-სა და “ტულუზას” წვრთნიდა, მერე კი მიწვევა მაროკოს ეროვნული ნაკრებიდან მიიღო. იქ მან ორი წელი იმუშავა, მაგრამ როგორც კი ფრანგი სპეციალისტის საქმიანობაში მაროკოს სპორტის მინისტრი ჩაერია, ფონტენმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ამრიგად, ჟუსტის სამწვრთნელო კარიერა წარმატებული არ გამოდგა, მაგრამ ამით მას არაფერი დაკლებია. ჯერ კიდევ 60-იან წლებში, მან სპორტული ინვენტარის მაღაზიათა ქსელი გახსნა და სამწვრთნელო საქმიანობა ბიზნესს ხელს უშლიდა. ფონტენი ამჟამადაც ამ ბიზნესით მიღებული შემოსავლით ცხოვრებს, სიამოვნებით იხსენებს ახალგაზრდობის წლებს და მის მიერ დამყარებულ რეკორდს.
ჟუსტ ფონტენი: დაიბადა 1933 წლის 18 აგვისტოს მარაკეშში (მაროკო). თავდამსხმელი.
საფეხბურთო კარიერა: “კასაბლანკა” (მაროკო) - 1950-1953 წლები, “ნიცა” (საფრანგეთი) - 1953-1956, “რეიმსი” (საფრანგეთი) - 1956-1962; საფრანგეთის ჩემპიონატში 200 მატჩი, 164 გოლი; საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩი, 30 გოლი.
მიღწევები: საფრანგეთის ოთხგზის ჩემპიონი (1956, 1958, 1960, 1962), საფრანგეთის თასის ორგზის მფლობელი (1954, 1958), საფრანგეთის სუპერთასის ორგზის მფლობელი (1958, 1960), საფრანგეთის ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1958, 1960), მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და საუკეთესო ბომბარდირი.
სამწვრთნელო კარიერა: საფრანგეთის ეროვნული ნაკრები - 1967 წელი, პსჟ (საფრანგეთი) - 1973-1976 წლები, “ტულუზა” (საფრანგეთი) - 1978-1979, მაროკოს ეროვნული ნაკრები - 1979-1981.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









