ბელარუსის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა რენან ბრესანმა, რომელმაც 15 აგვისტოს სომხებთან ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა, თბილისში გამომგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის მთავარი გოლის გატანა კი არა, გუნდის გამარჯვებაა.
- სომხებთან მატჩში, რომლებიც გეორგი კონდრატიევის სიტყვებით სათამაშო სტილით ქართველებს გვანან, ორჯერ გაიტანეთ. პარასკევს იგივეს გაიმეორებთ?
- მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიტანს. მთავარია, რომ გუნდმა გაიმარჯვოს. მე ჩემსას ვეცდები.
- საქართველოში უფრო ცხელა ვიდრე ბელარუსში. ეს გუნდის მდგომარეობაზე იმოქმედებს?
- საღამოს ვითამაშებთ და სიცხე არ იმოქმედებს. ჩვენ სომხეთში ვითამაშეთ, ბატემ მატჩები ისრაელსა და უნგრეთში ჩაატარა, სადაც ასევე მაღალი ტემპერატურა იყო. ბიჭები მზად არიან. ის ფეხბურთელები ვინც რუსეთში თამაშობენ, ამბობენ რომ იქაც ცხელა. ამიტომ, არა მგონი, რომ ეს ჩვენთვის პრობლემა იყოს.
- განვლილ შესარჩევ ციკლში ნაკრებს ცოტა გოლი გაჰქონდა. ახლა თუ შეძლებთ შედეგიანობის გაზრდას?
- გეორგი პეტროვიჩი გვეუბნებოდა, რომ დაცვაში ცუდად არ ვთამაშობთ, მაგრამ შეტევაა გასაძლიერებელი. თავდასხმაში სერიოზული ფეხბურთელები გვყავს: კორნილენკო, როდიონოვი, კოველი. ჩვენ თითოეულ მატჩში მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ და ამასთანავე დაცვაში ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.
- საქართველოს წინააღმდეგ ბელარუსის ეროვნულ გუნდში პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებთ. რაიმე განსაკუთრებული შეგრძნება გაქვთ?
- პრინციპში არა. მე უკვე ვითამაშე ოლიმპიადაზე, ეს ტურნირი კი, ბევრ შესარჩევ მატჩზე უფრო ძნელია.
საქართველოში ჩამოსვლამდე ბელარუსთა მთავარმა მწვრთნელმა გეორგი კონდრატიევმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ თითოეულ მატჩში გამარჯვებას შეეცდება:
“მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ამ შემთხვევაში მთავარ მწვრთნელს ხელი არ შეუშალონ. ბუნებრივია, უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ფეხბურთელი თანაბარ დონეზე მოვამზადოთ. ეს რამდენად გამოგვივიდა თამაშები გვაჩვენებს. იმედია, მოკლევადიან შეკრებაზე კარგად ვიმუშავეთ და ყველაფერი გამოგვივა. თითოეულ მატჩზე გამარჯვებისთვის უნდა გავიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტსმენი არ ხარ. მე ყოველთვის გამარჯვება მინდა – ბრაზილიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან. სხვა საქმეა, რომ ეს ყოველთვის არ გამოდის. თუმცა, შევეცდებით საქართველოშიც მოვიგოთ და საფრანგეთშიც”.
ლაშა თაბაგარი







