ინტერვიუები

10:23 | 16.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

რენე იგიტა: "გენიოსები ცოტათი გიჟებიც არიან"

ვისაც თუნდაც ერთხელ რენე იგიტას თამაში უნახავს, შეუძლებელია ეს კოლუმბიელი მეკარე სამუდამოდ არ დამახსოვრებოდა. იგიტა თავისი განუმეორებელი სტილით გამოირჩეოდა, მატჩის მსვლელობისას კი, ერთხელ მაინც შეასრულებდა თავის საფირმო “მორიელის დარტყმას” და მაყურებელიც აღტაცებაში მოჰყავდა.
სამხრეთამერიკელმა კიპერმა ეს საფეხბურთო ტრიუკი პირველად 1995 წელს ინგლისის ნაკრებთან ტესტ-მატჩის მსვლელობისას შეასრულა (ალბიონელთა ნახევარმცველის ჯეიმი რედნაპის უხეირო ჩაწოდების შემდეგ), მოგვიანებით კი ჩჰანნელ 4-მა ეს ეპიზოდი წლის 100 საუკეთესო მომენტთა შორის შეიყვანა. იგიტა სხვა მხრივაც გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. მან 68 მატჩი ჩაატარა კოლუმბიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, მსოფლიოს პირველობებზეც უასპარეზია და თამამი სათამაშო მანერის წყალობით, ხშირად მოწინააღმდეგის კარში გოლის გატანასაც ახერხებდა. რენეს 38 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით მეკარეთაგან მხოლოდ ბრაზილიელ როჟერიო სენის (89), პარაგვაელ ხოსე ლუის ჩილავერტსა (62) და ბულგარელ დიმიტარ ივანკოვს (42) ჩამორჩება. იგიტას ექსტრავაგანტური და ზოგჯერ ავანტურისტული ასპარეზობის სტილი მაყურებელს ხშირად “საფეხბურთო ექსტაზში” აგდებდა, თუმცა, იტალიის 1990 წლის მუნდიალზე რენეს ზომაზე მეტი სითამამე კოლუმბიელთათვის საბედისწერო გამოდგა. იგიტამ, ლამის მოედნის შუაგულამდე წაწეულმა კამერუნელთა ვეტერანი ფორვარდის როჟე მილას მოტყუება სცადა, მაგრამ აფრიკელმა კიპერს ბურთი აართვა, კოლუმბიელთა კარისკენ დაიძრა და ზუსტი დარტყმით კამერუნელები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა.
ლიბერტადორესის თასის მფლობელმა და კოპა ამერიკას ორგზის პრიზიორმა რენე იგიტამ საფეხბურთო კარიერა რამდენიმე თვის წინ, 44 წლის ასაკში დაასრულა. 2009-ში მას კოლუმბიაში “ოქროს ფეხის” სპეციალური თასი გადასცეს, აწ უკვე ვეტერანი ფეხბურთელი კი სამომავლოდ პოლიტიკურ მოღვაწეობას აპირებს.
- საფეხბურთო მინდორს მეკარის რანგში 44 წლამდე შერჩით. კარიერის ბოლომდე ოსტატობა და სპორტული ჟინი შენარჩუნებული გქონდათ?
- მოგეხსენებათ, ღვინო რაც უფრო ძველდება, მისი ხარისხობრივი მაჩვენებლებიც უმჯობესდება. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ღვთაებრივ  სითხეს სათანადო პირობებში შევინახავთ. დაახლოებით ასევეა ფეხბურთელის შემთხვევაშიც. სპორტული რეჟიმის დაცვის წყალობით მოთამაშეს 40 წლამდე წარმატებულად ასპარეზობა თავისუფლად შეუძლია. მეკარეს რაც შეეხება, გამოცდილების მეშვეობით, ამ ამპლუის ფეხბურთელს 45 წლამდეც კი ხელეწიფება ნორმალურ დონეზე გამოსვლა. საბედნიეროდ ამას ვენესუელასა და კოლუმბიაში მიხვდნენ და საფეხბურთო კარიერის გახანგრძლივების საშუალება მომცეს. მეც მწვრთნელები არ დამიღალატებია – რეაქცია ბოლო დრომდე შენარჩუნებული მქონდა, გამოცდილებით კი, მოქმედ კიპერთაგან რომელი შემედრებოდა.
- დაგვეთანხმებით, რომ “გამოცდილება” განყენებული მცნებაა. კონკრეტულად მაინც რაში გამოიხატებოდა თქვენი უპირატესობა შედარებით ახალგაზრდა კოლეგებთან?
- მატჩის მსვლელობისას ძალის რაციონალურად განაწილებას ვახერხებდი. ერთი შეხედვით, მეკარეს, მინდვრის მოთამაშეებთან შედარებით, ნაკლები ფიზიკური დატვირთვა აქვს, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. გოლკიპერს ასპარეზობისთვის განკუთვნილი მთელი 90 წუთის განმავლობაში ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში მოეთხოვება, ეს კი დიდძალ ენერგიას ნთქავს. მე კი დროდადრო თავს მოდუნების უფლებას ვაძლევდი. ამ დროს ჩემი გუნდი ოდნავადაც არ ზარალდებოდა, რადგანაც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების წყალობით, ყოველთვის ვიცოდი, როდის მეთამაშა სრული დატვირთვით. დამწყებ მეკარეს კი უფლება არ აქვს თუნდაც წამის მეათედით გაფანტოს ყურადღება. გამოცდილ მეკარეს პარტნიორების, განსაკუთრებით მცველების, ხელმძღვანელობაც უნდა შეეძლოს. გამონაკლისს არც მე წარმოვადგენდი. ჩემი სადარაჯოდან ყოველთვის კარგად ჩანდა მინდვრის მოთამაშეთა შეცდომები და პარტნიორებს ყო-ველთვის დროულ შემჩნევებსაც ვაძლევდი.  
- დროთა განმავლობაში თქვენი სათამაშო სტილი არ შეცვლილა?
- არა. ჩემი ძირითადი კოზირი ყოველთვის კარის ხაზზე საიმედო თამაში იყო. ბევრი რამ კი კონკრეტულ სიტუაციაზე გახლდათ დამოკიდებული. თუკი გუნდის ინტერესი მოითხოვდა, ეგრეთ წოდებული “მწმენდელის” ფუნქციებსაც კარგად ვასრულებდი.
- ხანგრძლივი სამეკარეო კარიერის განმავლობაში ლურჯ საცვლებს ატარებდით. ამ ტრადიციისთვის არც ბოლო წლებში გიღალატიათ?
- არა. გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდიდან (1986-90-რედ) “ატლეტიკო ნასიონალში” გამოვდიოდი და ჩემს ყოფილ გუნდთან “მილიონარიოსთან” პრინციპული შეხვედრა წავაგეთ. თანაგუნდელმა კარლოს პერეამ მკითხავთან მიმიყვანა. “ნათელმხილველმა” შეგვათვალიერა და “დიაგნოზი” დაგვისვა – გათვალულები ხართო. მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორების მიზნით კი ლურჯი საცვლების ჩაცმა გვირჩია. თქვენ წარმოიდგინეთ და ამან გვიშველა. გუნდმა კარგად დაიწყო თამაში და იმ სეზონში ლიბერტადორესის თასის მოგებაც კი მოვახერხეთ. მას შემდეგ ამ ფერის საცვლები ჩემი გარდერობის განუყოფელი ნაწილი გახდა.
- მსოფლიოს 1990 წლის პირველობა თუ გახსოვთ? პლანეტის გულშემატკივრების უმრავლესობამ სწორედ მაშინ გაგიცნოთ...
- აპენინის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ მუნდიალს რა დამავიწყებს. სამწუხაროდ, გამოუცდელები ვიყავით, მოწინააღმდეგეების თაობაზე პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა, თორემ კოლუმბიის ნაკრები მეტსაც მიაღწევდა. ყველაფრის მიუხედავად, ურიგოდ მაინც არ გამოვსულვართ და კოლუმბიური ფეხბურთის განვითარებას ახალი დამატებითი ბიძგი მივეცით.
- გულშემატკივრები როჟე მილას გოლს არ გახსენებენ?
- როგორ არა, ქომაგებს ხომ თავი ძირითადად “მორიელის დარტყმით”, კამერუნის ნაკრებთან თამაშისას დაშვებული შეცდომით და “უემბლიზე” განხორციელებული ფანტასტიკური სეივით დავამახსოვრე. ფეხბურთი ხომ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და აქაც ადამიანებს ყველაზე მეტად საბედისწერო შეცდომები და გმირობა ამახსოვრდებათ.
- გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი ირწმუნება, წარმატებული მეკარეები ზარმაცები არიანო. ეთანხმებით ამგვარ თვალსაზრისს?
- იმასაც ამბობენ გენიოსები ცოტათი გიჟები რომ არიან (იცინის). მეკარეობას დიდი შრომა სჭირდება, ზარმაც ადამიანს კი ამ საფეხბურთო ამპლუის მიმართ გული მალე აუცრუვდება.
- ბოლო წლების განმავლობაში თავს ბევრი რამ გადაგხდათ. დოპინგისთვის დისკვალიფიცირებული იყავით, ცოტა ხნით ციხეშიც ამოჰყავით თავი, პოპულარულ სატელევიზიო რეალითი-შოუშიც მიიღეთ მონაწილეობა და მეკარეთა მწვრთნელადაც იმუშავეთ...
- ნებისმიერ სიტუაციაში ჩავარდნილმა ადამიანმა თავისთვის სასრგებლო დასკვნა უნდა გააკეთოს. რაც იყო, იყო. ყველაფერი ღმერთის ნებაა და სირთულეების გადალახვით მასთან მიახლოების შანსი გეძლევა. შვილებს კი მიღებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას უშურველად ვუზიარებ. იმედია, ისინი ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებენ.
- თანამედროვე მეკარეთაგან რომელი კიპერების ასპარეზობის მანერა განიჭებთ სიამოვნებას?
- სამ მათგანს გამოვყობდი. ელ პატო (რობერტო) აბონდანსიერი ყოველთვის აუღელვებლად დგას კარის ზღურბლზე, ეს კი მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ფანტასტიკური სეივებითაა ცნობილი იკერ კასილიასი, საუკეთესო გოლკიპერად კი მაინც ჯანლუიჯი ბუფონს ვთვლი. ღრმად ვარ დარწმუნებული, გერმანიისა და სამხრეთ აფრიკის მუნდიალებზე “სკუადრა აძურასა” და “ფურია როხას” სხვა მეკარეები რომ ჰყოლოდათ, იტალია და ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონები ვერ გახდებოდნენ. კარგი გოლკიპერის გარეშე ხომ ერთადერთ ბრაზილიას შეუძლია მუნდიალის მოგება! ამ ქვეყნის ნაკრები ხუთჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ოთხჯერ მის კარს საშუალო დონის მეკარეები იცავდნენ. გამონაკლისი მხოლოდ 1994 წლის ფორმაციის გუნდი იყო – მაშინ ხომ პენტაკამპეონთა მეციხოვნე კლაუდიო ტაფარელი იყო.
- ბოლოს ერთ კითხვაზეც გვიპასუხეთ. გულშემატკივარმა როგორი გსურთ რომ დაგიმახსოვროთ?
- სულაც არ მინდა ვინმესგან გამორჩეული ვიყო. ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, ცხოვრებისეული შეცდომაც ბევრი დამიშვია და საფეხბურთო მინდორზეც თავი არაერთხელ გამომიჩენია.

 

გოჩა კაჭარავა







სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16602