გულშემატკივრის სვეტი

12:05 | 7.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

რექვიემი, რომელიც არ იმღერება

ათი წლის წინ, ალბათ ვერავინ დაიჯერებდა იმას, რომ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი რეიტინგში ფაქტობრივად რუსეთის დონეზე ჩამოვიდოდა და კალჩოს მესვეურები იმდენს “მოახერხებდნენ”, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ იტალიის მეოთხე საგზურს გერმანია მოიპოვებდა. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი მრავალი ფაქტორის გამო იყო, უპირველესად კი, ალბათ იმიტომ, რომ “პარმასა” და “ფიორენტინას” რანგის იტალიური კლუბებიც კი ევროთასებზე უკრაინულ და რუმინულ კლუბებთან იშვიათად მარცხდებოდნენ და მაშინდელ აპენინურ კლუბებს ფინანსური პრობლემებიც ნაკლებად აწუხებდათ...
როგორც ხედავთ, დღეს რეალობა მკვეთრად შეიცვალა და უკვე გადაწყვეტილია, რომ ამიერიდან, უპირველეს ევროტურნირზე იტალია ოდენ სამი გუნდით წარსდგება, ხოლო გერმანია - ოთხით. ახლა თითქმის ყველა იტალიური გაზეთი თუ სპორტული ვებ-გვერდი გადაძეძგილია სტატიებით, სადაც მსჯელობენ და ათასგვარ ვარაუდს გამოთქვამენ იმაზე, თუ რატომ დაემართა სერია “ა”-ს, ამ ერთ დროს უპირველეს გათამაშებას ასეთი რამ და იტალიელელთა მხრიდან რა გზები უნდა მოინახოს გამოსავლის საპოვნელად. ვარაუდები კი, იცოცხლეთ – უამრავია...
ერთნი ამბობენ, რომ ყველაფერი კვალიფიციურ იტალიელ მწვრთნელთა სხვა ქვეყნებში გადინებამ გამოიწვია, რადგან მარჩელო ლიპის, ფაბიო კაპელოს, რობერტო მანჩინის, კარლო ანჩელოტის და სხვა ცნობილი სტრატეგოსების ნაცვლად, იტალიურ გუნდებს ლეონარდოსა და სინიშა მიხაილოვიჩის მსგავსი “დილეტანტები” ხელმძღვანელობენ და ეს განსაკუთრებით ცუდად აპენინური გუნდების ევროარენაზე გამოსვლაზე აისახება. მეორენი კი, ფიქრობენ, რომ ყველაფერი იტალიელი ბიზნესმენების ინერტულობის ბრალია, რომლებიც ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად დებენ ფულს კალჩოში. ასევე, გაჩნდა მოსაზრება, რომ თითქოს იტალიელებს კონკურენტი ქვეყნები შეგნებულად ებრძვიან და სერია “ა”-ში თავგამოჩენილ ვარსკვლავებს სხვა ქვეყნების კლუბები იმიტომ ყიდულობენ, რომ იტალიის ჩემპიონატის დონე დააგდონ. მაგრამ, ბევრს ხშირად ავიწყდება, ჩემი აზრით უპირველესი მიზეზი, რაც იტალიურ ფეხბურთს უკვე ამდენი წელია სჭირს და რასაც სახელად – სილვიო ბერლუსკონი ჰქვია!
მას შემდეგ, რაც ბერლუსკონიმ “მილანი” შეიძინა და იტალიურ ფეხბურთში თავისი ძალმოსილი პერსონა დაამკვიდრა, კალჩიოს საქმეები სულ უკან და უკან წავიდა. ხოლო, როდესაც ეს კაცი მთლიანად იტალიის სათავეში მოექცა, გახშირდა ჩაწყობილი თამაშები, ნარკო-სკანდალები, ცარიელი სტადიონები, ფეხბურთელთა საპროტესტო გამოსვლები, კლუბების გაკოტრების შემთხვევები...
ძალიან არ მიყვარს, როდესაც ყველაფერი ერთ კაცს ბრალდება ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ სილვიო ბერლუსკონის “დამსახურებაა” ის, რომ ძმები გლეიზერებისა და აბრამოვიჩის მსგავსი ჯიბესქელი პერსონები სიკვდილივით ერიდებიან იტალიურ ფეხბურთში ფულის დაბანდებას, რადგან არამყარი ფინანსური გარემო მათ არ აძლევთ რაიმე გარანტიას, რომ ჩადებული ინვესტიცია არ დაეკარგებათ და ისინიც “ფიორენტინას” ავადსახსნებელი ყოფილი პრეზიდენტის, ვიტორიო ჩეკი-გორის ბედს არ გაიზიარებენ.
სილვიო ბერლუსკონის პოლიტიკური და საფეხბურთო მმართველობის დროს, იტალიურ ფეხბურთში დამკვიდრდა უსაშინლესი სენი, რომელსაც სახელად უნდობლობა ჰქვია. სერია “ა”-ს კონკრეტულ მატჩებზე, ვისაც კი არ ეზარება, ყველა ეჭვს გამოთქვამს, რომ თამაშები ჩაწყობილია და “ჰოი საოცრებავ!” ამ დაეჭვებული ხალხის ვარაუდები ხშირად მართლდება ხოლმე. ტოტალიზატორის სტაჟიან მოთამაშეებს შეეკითხეთ და აუცილებლად გეტყვიან, რომ იტალიის ჩემპიონატის განსაკუთრებით, უკანასკნელ ორ-სამ ტურში, მუდამ არის ისეთი თამაში, რომელთა შედეგებიც ყველამ წინასწარ იცის და ტოტალიზატორები ამ თამაშებს უბრალოდ იღებენ პროგრამებიდან. ასევე ყველამ იცის, რომ ნდობის მოპოვებაა ძნელი, ნდობადაკარგულ გუნდებსა და ჩემპიონატებს კი, ყველა ალმაცერად უყურებს და ამ დროს, წარსული დიდება და მსგავსი ღირებულებები ცოტა ვინმეს თუ ახსენდება.
სილვიო ბერლუსკონი არის იტალიური ფეხბურთის ნამდვილი მესაფლავე, რომელიც არაფრით არ ჰგავს რომანტიზმის შირმით შემოსილ გალაკტიონისეულ “მესაფლავეს”. ამ კაცმა უკანასკნელ წლებში თავის ქვეყანას იმდენი ცუდი რამ გაუკეთა, რომის იმპერიაზე დაგეშილ ოდოაკრისა და ტევტონ-გოთების ურდოებსაც კი რომ ვერ დაესიზმრებოდათ. მაგრამ, როგორც იტალიური ფეხბურთის საუკეთესო ტრადიციების ერთ-ერთი რიგითი თაყვანისმცემელი, მეც სხვებთან ერთად, ჯერ კიდევ მიღვივის იმის იმედი, რომ ბერლუსკონის საშინელი ეპოქის დასრულების შემდეგ, იტალიური ფეხბურთი კვლავ ჩადგება თავის კალაპოტში. ამის იმედს, უპირველესად იტალიელი ტიფოზები მაძლევენ, რომლებიც ამდენი ვაი-ვაგლახის შემდეგ, ჯერ ისევ ახმიანებენ ნახევრად ცარიელ სტადიონებს და ჯერ ისევ ფეთქავს იტალიის უკვდავი სული, რომელსაც ძველი რომაული ლეგიონის მსგავსად, ასე ადვილად ვერავინ გატეხავს!

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096551