ჭიდაობა

19:46 | 3.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ ლაშხი ევროტიტულს მიუახლოვდა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, რევაზ ლაშხი (60 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალშია. გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, სამიოდ საათში ჩემპიონ-პრიზიორები კლასიკოსთა დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში – 60, 74 და 96 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ და ევროპირველობაც ამით დასრულდება.
ლაშხმა ფინალის გზაზე ფრანგი სებასტიან იდალგო, პოლონეთის სახელით მოჭიდავე ედუარდ ბარსეგიანი, რუმინელი ეუსებიუ იანკუ დიაკონუ და აზერბაიჯანელი ჰასან ალიევი ჩამოიცილა. საჩემპიონო ორთაბრძოლაში კი ბულგარელ სერაფიმუ ანგელოვს დაუპირისპირდება.
სოსო ჯაბიძეს (96 კგ) კვარცხლბეკამდე ორი მოგება დააკლდა. ძირითად ბადეში მოლდოველი მარინ კაზაჩის ძლევის შემდეგ, მომავალ ფინალისტთან, სომეხ არტურ ალექსანიანთან დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. შარშანდელი შედეგის გასამეორებლად 96 კილოგრამში მოჭიდავე ქართველს რეპეშაჟში სამი გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგის - ჩერნოგორიელ ვლადიმერ რადოსლავლევიჩის ძლევა შეძლო და ნორვეგიელ მარტინ ნილსენთან ვეღარას გახდა.
დღესვე, გერმანულ ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი მანუჩარ კვირკველიაც (74 კგ) გავიდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა, ფრანგ კრისტოფ რენე მარსელ ჟენოსთან. ამ უკანასკნელმა კი ფინალს ვერ უწია.

ოთარ მაღლაკელიძე

0.095715