4-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. დღეს, გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, საქართველოს ჰიმნი რევაზ ლაშხის საპატივცემულოდ დაუკრეს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ხუთი მეტოქე ჩამოიცილა. ოქროს გზას ფრანგი სებასტიან იდალგოს ძლევით შეუყვა, შემდეგ პოლონეთის სახელით მოჭიდავე ედუარდ ბარსეგიანი, რუმინელი ევროპის ჩემპიონი ეუსებიუ იანკუ დიაკონუ და აზერბაიჯანელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან ალიევი ჩამოიცილა. ფინალში კი ბულგარელ სერაფიმუ ანგელოვს სძლია. ამ ხუთ ორთაბრძოლაში ლაშხს მესამე პერიოდი მხოლოდ აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან დასჭირდა. ხოლო დანარჩენებს პერიოდწაუგებლად მოუმთავრა საქმე.
დღესვე, მედლები 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა, მაგრამ ბეგი დარჩიას შეგირდები სამეულს მიღმა დარჩნენ. ყველაზე დიდი მოულოდნელობა საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრის, მანუჩარ კვირკველიას (74 კგ) წარუმატებლობა იყო. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოქრო-ვერცხლის შანსი პირველივე შეხვედრის წაგებით დაკარგა. დაუძლეველი ბარიერი ფრანგი კრისტოფ რენე მარსელ ჟენო აღმოჩნდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ფინალამდე არც ჟენო მიუშვეს, კვირკველიას ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა.
2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, სოსო ჯაბიძეს (96 კგ) შარშანდელი შედეგის განმეორებამდე ორი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში მოლდოველი მარინ კაზაჩის ჩამოცილების შემდეგ, მომავალ ფინალისტთან, სომეხ არტურ ალექსანიანთან წააგო და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. ჩერნოგორიელ ვლადიმერ რადოსლავლევიჩს კი გასცდა, მაგრამ ნორვეგიელ მარტინ ნილსენთან ვეღარაფერი გააწყო.
საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობა ერთადერთი მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, ორ აპრილს, კვარცხლბეკს მიღმა ლაშა გოგიტაძე (55 კგ), ანტონ მამაგეიშვილი (66 კგ), მათე სოფაძე (84 კგ) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120 კგ) დარჩნენ. 66 კილოგრამში ყველას აზერბაიჯანელმა რაფიგ ჰუსეინოვმა აჯობა, 96-ში – ბელარუსმა ტიმაფეი ძეინიჩენკამ. სამეულში ერთი ქართველიც შევიდა - აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე შალვა გადაბაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
დორტმუნდი
3 აპრილი
60 კგ.
1 რევაზ ლაშხი (საქართველო)
2 ივო სერაფიმოვ ანგელოვი (ბულგარეთი)
3 მუსტაფა საგლამი (თურქეთი)
3 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)
74 კგ.
1 რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
2 პეტერ ბაკში (უნგრეთი)
3 კრისტოფ რენე მარსელ ჟენო (საფრანგეთი)
3 რომან ვლასოვი (რუსეთი)
96 კგ.
1 ტიმაფეი ძეინიჩენკა (ბელარუსი)
2 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
3 ელის გური (ბულგარეთი)
3 შალვა გადაბაძე (აზერბაიჯანი)
ოთარ მაღლაკელიძე







