ინტერვიუები

11:40 | 27.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდუ კარვალიუ: "რეალს" "ბარსელონას" მისაბაძი არაფერი სჭირს"

32 წლის რიკარდუ კარვალიუ მადრიდის “რეალმა” “სულ რაღაც” 8 მილიონ ევროდ შეიძინა. “სამეფო კლუბის” 6 ახალწვეულთაგან პორტუგალიელის კასტილიაში მისვლამ ყველაზე ნაკლები აჟიოტაჟი გამოიწვია, დრომ კი გამოაშკარავა, ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილების სისწორე. სწორედ მან მოსთხოვა დაჟინებით “რეალის” ხელმძღვანელობას რიკარდუ კარვალიუს ყიდვა.
- მიმდინარე სეზონის სტარტზე “რეალმა” 6 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა. მოურინიო გუნდის უკანახაზელების თამაშით უკმაყოფილო არ უნდა იყოს...
- მხოლოდ მცველების დამსახურებაზე ნუ ვილაპარაკებთ. ნახევარმცველები თავდაცვით ოპერაციებში ძალიან აქტიურად არიან ჩაბმულნი, ამასთან, ფორვარდებიც ბურთის დაკარგვის შემთხვევაში მეტად ინტენსიურად ცდილობენ მეტოქის შეტევის ჩანასახშივე ჩახშობას.
 - “რეალთან” ადაპტირება არ გაგჭირვებიათ. დამაჯერებლად გამოიყურებით და უკვე გოლის გატანაც მოასწარით...
- შეტევაში ჩართვა ყოველთვის მომწონდა და მადრიდში ასპარეზობის დროსაც ასე იქნება. გუმანით ვიგრძენი, წინ რომ უნდა წავსულიყავი. გამოცდილი ფეხბურთელი ვარ და სიტუაციის შეფასებაც მეტ-ნაკლებად კარგად შემიძლია.
- ხშირად “რეალი” იგებს, მაგრამ “სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნები მაინც უკმაყოფილოდ “ბზუიან”. ეს თქვენ¬თვის უჩვეულო არაა?
- თქვენ წარმოიდგინეთ და ლონდონშიც ანალოგიური სიტუაციაა. “სტემფორდ ბრიჯზეც” მეტად მომთხოვნი პუბლიკა იყრის თავს. ასე რომ, მადრიდელ გულშემატკივართა საქციელი ჩემთვის უცხო არაა.
- მაინც რატომაა ჟოზე მოურინიო განსაკუთრებული?
- მას რამდენიმე ამბიციურ კლუბში უმუშავია და ყველგან სეუ ჟოზეს გაწვრთნისა და გუნდის თამაშის მანერით ფეხბურთელები კმაყოფილები იყვნენ.
- გარკვეული ხნის წინ, ინგლისური გაზეთები ერთხმად წერდნენ, რომ მოურინიოსთან ურთიერთობა გაგიფუჭდათ. რა იყო უთანხმოების მიზეზი და როგორ შერიგდით?
- საიდან გაგახსენდათ ეს ამბავი! ჩემი “ჩელსიში” ყოფნის პირველ სეზონში მე და სეუ ჟოზე გასახდელში წავკინკლავდით. მან შენიშვნა მომცა, საკმაოდ უკმეხად ვუპასუხე, რამაც მოურინიო გააბრაზა და ლამის გუნდიდან დამითხოვა. საბედნიეროდ ინციდენტი მალე აღმოიფხვრა. მან თავისთან მომიხმო და მითხრა, ორივე გავცხარდით, მაგრამ თუკი მონდომებით ივარჯიშებ და კარგად ითამაშებ, მომხდარს სამუდამოდ დავივიწყებო. იმ დღიდან მოყოლებული ჩვენს შორის საუკეთესო ურთიერთობა დამყარდა.
- “რეალი” მხოლოდ იმით შეიცვალა, ცოტა გოლს რომ უშვებს?
- გუნდი ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაშია, ამიტომაც საკუთარი კარის ხელშეუხებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, თუნდაც ერთ კონკრეტულ მატჩში 4 ბურთის გატანაა. დარწმუნებული ვარ, თანდათან “რეალი” სულ უფრო და უფრო ძლიერად ათამაშდება.
- მოურინიო “უბრალოდ” ჩემპიონობის მოპოვებას გისახავთ მიზნად, თუ ტიტულის მოგებას ლამაზი სტილით გთხოვთ?
- ცხადია, იდეალურ შემთხვევაში ლამაზად მოგებას არაფერი სჯობს, მაგრამ კარგად ვიცნობ მოურინიოს და მას ნაკლებადდამაჯერებელი გამარჯვება ურჩევნია კარგ თამაშს, მაგრამ წაგებას. ამის მიუხედავად, თუკი ჩემპიონები შედარებით უსახური თამაშით გავხდით, სეუ ჟოზე გულის სიღრმეში უკმაყოფილო დარჩება.
- “ბარსელონას” თამაში პრიმერა დივიზიონის გუნდებისთვის და კერძოდ “რეალისთვის” ორიენტირად გამოდგება?
- ჩვენ გუნდში კატალონელთა თამაშზე არ ვსაუბრობთ. “რეალს” არავის მისაბაძი არაფერი სჭირს.
- ბავშვობაში თქვენი კერპი რომელი ფეხბურთელი იყო?
- პორტუგალიაში თავიდან ბენფიკელი რიკარდო ყველაზე მეტად მომწონდა, მოგვიანებით კი პორტოელი ფერნანდო კოუტუს თამაში მხიბლავდა. ევროპაში ყველაზე ძლიერ ფეხბურთელად პაოლო მალდინის ვთვლი. მეუბნებიან, ფრანკო ბარეზისნაირი მცველი არცერთიაო, მაგრამ მე მისი ასპარეზობა ნაკლებად მინახავს.
- მალდინი 40 წლამდე თამაშობდა. თქვენც ამ ასაკამდე აპირებთ შერჩეთ პროფესიულ ფეხბურთს და თანდათან თამაშის სტილი თუ შეიცვალეთ?
- ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშმა ძალიან შემცვალა. ნისლიან ალბიონზე ათლეტური ფეხბურთის მიმდევრები არიან, ამიტომაც “ჩელსიში” გამოსვლის პერიოდში ფიზიკურად მოვუმატე. ასაკის მომატებასთან ერთად, სისწრაფე არ დამიკარგავს. თავს ისეთივე მოქნილ და გამძლე მოთამაშედ ვგრძნობ, როგორც კარიერის დასაწყისში. ჩემი სათამაშო სტილისგან გამომდინარე, სისწრაფე, მოქნილობა და გამძლეობა არ უნდა დამაკლდეს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ასეა.
- პეპესთან შეთამაშება მოასწარით? “ლევანტესთან” მას არ უთამაშია, “მარტოს” არ გაგიჭირდათ?
- ორივენი საკუთარ საქმეს თავს კარგად ვართმევთ, “მარტო” კი პირისპირ მოწინააღმდეგის ფორვარდებთან ვრჩებით და ვცდილობთ, ისინი არ გავახაროთ.
- კასტილიის დედაქალაქში ცხოვრებით კმაყოფილი ხართ?
- მადრიდში წყნარი სიტუაციაა. მხოლოდ ჩემი შვილები მირღვევენ სიმყუდროვეს, როცა სხვადასხვა თხოვნით მომმართავენ ხოლმე. მათთან ურთიერთობა მსიამოვნებს და ვცდილობ ოჯახის წევრებთან შეძლებისდაგვარად დიდი დრო გავატარო.
- ფეხბურთელობა რომ არა, რომელ პროფესიას აირჩევდით?
- რაც თავი მახსოვს, მხოლოდ ფეხბურთი მაინტერესებდა და 14 წლისა უკვე “პორტუს” წევრი ვიყავი. ჩემი ერთადერთი მიზანი ყოველთვის პროფესიულ ფეხბურთში წარმატების მიღწევა გახლდათ.
- ამბობენ, მატჩის დასრულების შემდეგ “ჩელსის” გასახდელს ყველაზე ბოლოს თქვენ ტოვებდით...
- დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ ფრენკ ლამპარდმა მოგითხროთ (იცინის). გასახდელში ყოველთვის შამპუნი და ტანის სხვადასხვა კრემი შემაქვს, ამიტომაც ნამატჩევს კარგა ხნით ვყოვნდები ხოლმე. სხვები უცბად შხაპს გადაივლებენ და სხვადასხვა საქმეზე მიიჩქარიან, მე კი სახლში ყველაზე გვიან მივდივარ.


გოჩა კაჭარავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.18033