საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აზიური შეკრებები მოილია და დღეიდან სამხრეთ ამერიკაში გადაინაცვლებს. 9-10 ივნისს, რიო დე ჟანეირო ტრადიციულ “დიდ სლემს” მასპინძლობს და პეტერ ზაიზენბახერის გუნდი ტატამზე ოპტიმალური შემადგენლობით გავა. საქართველოს ნაკრების ავსტრიელმა დამრიგებელმა განაცხადი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ნორმატივის შემსრულებელი შეგირდებით შეავსო. სულ ასეთი 10 ძიუდოისტია, მაგრამ მომავალ “დიდ სლემზე” 9 მათგანი იჭიდავებს. მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი კი შეჯიბრებას ტრავმის გამო დააკლდება.
ხანჯალიაშვილს მხარი აწუხებს და ამის გამო იაპონური შეკრებაც გაუცდა. წინასწარი გეგმით, იგი ნაკრებს რიო დე ჟანეიროში უნდა შეერთებოდა, ტურნირზეც ეჭიდავა და შემდეგ, ერთკვირიან ბრაზილიურ შეკრებაშიც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ექიმებმა ამ ეტაპზე ზედმეტი დატვირთვისგან თავის შეკავება ურჩიეს.
“ზვიად ხანჯალიაშვილი სარეაბილიტაციო პერიოდს თბილისში გაატარებს. ნაკრებთან სრული დატვირთვით ვარჯიშს კი სავარაუდოდ ორიოდ კვირაში განაახლებს, ესპანური შეკრებით” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ნუცუბიძემ.
აქვე ქართული ძიუდოს გულშემატკივრებს ჩვენი ნაკრების წინასაოლიმპიადოდ მოსამზადებელ გეგმას შეგახსენებთ. “დიდი სლემის” დასრულების შემდეგ პიტერ ზაიზენბახერის გუნდი 4 დღით ბრაზილიაში დარჩება სავარჯიშოდ. 16-17 ივნისს ნაკრები უკვე არგენტინაში იქნება და ბუენოს აირესის მსოფლიოს თასზე იჭიდავებს. სწორედ ეს ტურნირი იქნება წინასაოლიმპიადო დასკვნითი რეპეტიცია. აზია-სამხრეთამერიკამოვლილი ქართველი ძიუდოისტები თბილისში მხოლოდ ოთხი-ხუთი დღით შეყოვნდებიან და 25 ივნისიდან ჩეხეთისა და ესპანეთის თითოკვირიან ტრენინგ-კემპებში ჩაერთვებიან. დასკვნით წინასატურნირო შეკრებას კი სავარაუდოდ დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლიან.
სწორედ დასკვნით შეკრებაზე დაასახელებს მთავარი მწვრთნელი ოლიმპიურ თამაშებზე წასაყვან შემადგენლობას. ზაიზენბახერს არჩევანი სამ წონით კატეგორიაში აქვს გასაკეთებელი: 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილსა და ბეთქილ შუკვანს შორის, 100 კილოგრამში – ლევან ჟორჟოლიანსა და ირაკლი ცირეკიძეს შორის, ხოლო +100 კილოგრამში – ადამ ოქრუაშვილსა და ზვიად ხანჯალიაშვილს შორის. დანარჩენ ოთხ წონაში ოლიმპიური ლიცენზიისთვის საჭირო სარეიტინგო ქულები მხოლოდ თითო სპორტსმენმა დააგროვა: ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ).
ოთარ მაღლაკელიძე







