სხვა

23:07 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიხიანი სტარტი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით გახსნა. საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” მიმდინარე ტურნირზე, ვლადიმერ ისელიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბრიტანეთის ნაკრებს უპრობლემოდ აჯობა.

ეს მატჩი საქართველოსა და ბრიტანეთის ნაკრებების მეხუთე დაპირისპირება იყო. აქამდე ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან, სამში ქართველებმა იმარჯვეს, ერთში – ბრიტანელებმა.

დღევანდელი თამაში თავიდანვე მასპინძელთა კარნახით დაიწყო. პირველ მეოთხედში სამი გოლი გავიდა და სამივე ბრიტანელთა კარში. ამასთან, სამივეჯერ თავი ქართული გუნდის ნატურალიზებულმა ლეგიონერებმა გამოიჩინეს. ანგარიში დამინ სრეპულიამ გახსნა, ხუთმეტრიანი დარტყმით. შემდეგ კი, მარკო ელაჩამ და იმავ სრეპულიამ გაიტანეს.

მეორე რვაწუთეულში, საქართველოს ნაკრებმა კიდევ უფრო გაილაღა და უპირატესობა 8 ბურთამდე გაზარდა – 9:1. ელაჩამ და კონსტანტინე გეგელაშვილმა ორ-ორჯერ გაიტანეს, სრეპულიამ და გალაქტიონ ლაითაძემ – თითოჯერ.

მესამე მეოთხედში, “ოლიმპიკში” შეკრებილმა მაყურებელმა ერთადერთი გოლი იხილა – სრეპულიამ ანგარიში 10:1 გახადა. ბოლო მეოთხედში კი ყველაზე თანაბარი ბრძოლა გაიმართა – სტუმარ-მასპინძელმა ორ-ორი გოლი გაცვალეს. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ყველაზე შედეგიანი, დამინ სრეპულია აღმოჩნდა 5 გოლით. მარკო ელაჩამ 3-ჯერ გაიტანა. ერთ-ერთი საუკეთესო კი, ქართულ გუნდში მეკარე ზურაბ ჭუმბურიძე იყო, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია და წარმატებაში ლომის წილი შეიტანა.

დღესვე, საქართველოსა და ბრიტანეთის დაპირისპირებამდე, სლოვაკეთისა და პოლონეთის ნაკრებებმა ითამაშეს და სლოვაკებმა ძალიან ადვილად მოიგეს - 11:1.

შეგახსენებთ, ამავე ქვეჯგუფშია ჩეხეთი, რომელიც დღეს ისვენებდა და ტურნირში ხვალ დილით ჩაერთვება სლოვაკეთთან შეხვედრით. დილითვე, პოლონელები ბრიტანელებს ეთამაშებიან. საღამოს კი საქართველოსა და სლოვაკეთის უმნიშვნელოვანესი მატჩი შედგება (18:30 საათზე).

ხუთგუნდიანი ჯგუფიდან, შემდგომი ეტაპის საგზურს ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

 

წყალბურთი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

4 აპრილი. “ოლიმპიკი”

საქართველო 12:3 ბრიტანეთი

საქართველო: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე, ლევან ჩიქვინიძე, ალექსანდრე რუსიშვილი, გალაქტიონ ლაითაძე (1 გოლი), მარკო ელეზი, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია (1), ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი (2), ალექსანდრე ყაზახიშვილი, მარკო ელაჩა (3), დამინ სრეპულია (5).

 

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0885