სტატიები

23:57 | 27.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

რკინის კაცი

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” მცველ დუგლას მაიკონს, რომელმაც გასულ სეზონში იტალიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო და ქვეყნის თასი მოიგო, 26 ივლისს 29 წელი შეუსრულდა.
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ბრაზილიელით არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა. თავის მხრივ, მილანელებს მაიკონი არ ეთმობათ, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე (სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე), ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ფეხბურთში ფული დიდ როლს თამაშობს და კაცმა არ იცის, მომავალ სეზონში დუგლასი რომელი კლუბის მაისურს მოირგებს.
თანამედროვე ფეხბურთში, მაიკონი ფლანგზე მოთამაშე მცველის ერთგვარი ეტალონია: სწრაფი, ამტანი, ორთაბრძოლებში შეუპოვარი, კარგად თამაშობს თავით, ტექნიკური არსენალით უხვად დაჯილდოვებული – აი, ასე ხასიათდება 29 წლის ბრაზილიელი. ის საიმედოა დაცვაში თამაშისას და შეტევებშიც კარგად ერთვება. მას სათამაშო კლასით მხოლოდ რამდენიმე მცველი თუ შეედრება და სწორედ ამიტომ, ევროპის ყველაზე მდიდარ და ამბიციურ კლუბებს დუგლასის შეძენა სწადიათ. მართალია, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მაიკონის შეძენაზე აღარ დაფიქრდება, მაგრამ ეს, შესაძლოა, ერთგვარი სატრანსფერო ხრიკი იყოს. ბრაზილიელის მსურველთა შორისაა ინგლისური “მანჩესტერ სიტი”, რომლის არაბი მეპატრონე “ვარსკვლავთა გუნდს” ქმნის და ტიტულების მოხვეჭის სურვილით, ლამის, მთელ თავის ქონებას გუნდის გაძლიერებაში აბანდებს.
დუგლასი 1981 წლის 26 ივლისს, ბრაზილიაში, ქალაქ კრიშიუმაში დაიბადა. მაიკონის მშობლები ჰოლივუდის ფილმების დიდი მოყვარულები არიან, განსაკუთრებით კი მსახიობი მაიკლ დუგლასი ესიმპატიურებათ და შვილსაც სახელი მის საპატივცემულოდ შეურჩიეს, მაგრამ რეგისტრატორის შეცდომის გამო, ახალდაბადებულ ბრაზილიელს, დაბადების მოწმობაში, მაიკლის ნაცვლად, მაიკონი ჩაუწერეს.
დუგლასი ფეხბურთით ადრეული ბავშვობიდან დაინტერესდა. მამის ხელმძღვანელობით, მან ვარჯიში სპორტული სკოლის კლუბ “კრიუშიუმაში” დაიწყო. მაიკონმა თამაში ნახევარმცველად დაიწყო, მაგრამ მერე მამამ შვილი დაცვის ხაზში დაწია, რადგანაც ამ პოზიციაზე ფეხბურთელთა ნაკლებობას განიცდიდა, დუგლასს კი მცველისთვის საჭირო ყველა მონაცემი მოჭარბებულად ჰქონდა. საქმე ისაა, რომ მაიკონი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სიმაღლით და ძლიერი ფიზიკური მონაცემებით.
2000 წელს, 19 წლის ასაკში, მაიკონმა თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი “კრუზეიროსთან” გააფორმა და მის შემადგენლობაში ოთხი წელიწადი გაატარა. სამშობლოში დუგლასმა არაერთი პრიზი მოიგო, რომელთა შორის, 2003 წელს მოპოვებული ბრაზილიის ჩემპიონობა და ქვეყნის თასი, ყველაზე ძვირფასია. 2004 წელს, მისით ევროპაში დაინტერესდნენ, ყველაზე მეტად ფრანგულმა “მონაკომ” იაქტიურა და დუგლასი სამი მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
მაიკონმა საფრანგეთში თამაშისას თავის კოლექციას ახალი ტიტული ვერ შემატა, მაგრამ “მონაკოში” გამოსვლამ, მის შემდგომ კარიერაზე უდიდესი გავლენა იქონია. იქ თამაშისას, ფეხბურთელი ხშირად ივიწყებდა თავის პირდაპირ მოვალეობას და შეტევაში ხშირად ერთვებოდა. სწორედ ამიტომ, მონაკოელთა მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, ის ნახევარდაცვის ხაზში გადაიყვანა და ამავდროულად, ვარჯიშებისას დაცვაში თამაშს ავალებდა. შედეგად, მაიკონი იდეალურ ფლანგელად ჩამოყალიბდა და სულ მალე, საფრანგეთი დატოვა.
2006 წელს, ბრაზილიელმა მილანის “ინტერთან” გააფორმა კონტრაქტი და ჯერჯერობით,  კვლავ ამ კლუბის საკუთრებაა. მილანელთა შემადგენლობაში აქამდე გატარებულ ოთხ წელიწადში, მაიკონმა იტალიის სერია A-ში 125 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. იტალიაში გატარებულ პერიოდში, ბრაზილიელი, პერსპექტიული მცველიდან, თავისი  ამპლუის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. ის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა, “ინტერთან” ერთად ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 2010 წელს კი, ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. ასეთმა მიღწევებმა, მაიკონის მიმართ “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის”  ინტერესი გამოიწვია და ისინი მზად არიან, ბრაზილიელი მცველის სანაცვლოდ საარაკო თანხა გაიღონ. თავად მაიკონს, “რეალის” მაისურის მორგება სურს. ეს სურვილი მას შემდეგ გაორმაგდა, რაც “სამეფო კლუბი” მაიკონისა და “ინტერის” ყოფილმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა.
“რეალში” თამაში მინდა და ამით, ჩემი ბავშვობის ოცნებაც ახდება. მოურინიო უკვე იყო ჩემი მწვრთნელი და მსურს, რომ მისი ხელმძღვანელობით მომავალშიც ვითამაშო. მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება, რადგანაც ამ დელიკატური ტრანსფერის განხორციელება, მხოლოდ ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული. “რეალში” შესაძლო  გადასვლაზე, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჩემს აგენტს ვესაუბრე და საქმეს სწორედ ის წარმართავს”, - აცხადებს მაიკონი.
მართალია, კაკასა და კრიშტიანუ რონალდუს შესაძენად მადრიდელებმა ასტრონომიული თანხები გადაიხადეს, მაგრამ მილანელებთან მათმა მოლაპარაკებამ, ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო და ისიც ითქვა, რომ “სანტიაგო ბერნაბეუს” ბინადრები მაიკონზე ფიქრს შეეშვნენ. მიზეზი “ინტერის” მოჭარბებული მადაა, რომელიც ბრაზილიელის სანაცვლოდ იმაზე დიდ თანხას ითხოვს, ვიდრე მას “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა სთავაზობს. არადა, თავის პოზიციაზე, ბრაზილიელი მართლაც საუკეთესოა და კონკურენციას, მხოლოდ გერმანელი ფილიპ ლამი და მასსავით ბრაზილიელი დანი ალვეში თუ გაუწევენ.
ბრაზილიის ეროვნულ გუნდში მაიკონის დებიუტი 2004 წლის 8 ივლისს შედგა. დუგლასი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რადგან სათადარიგო მარჯვენა  მცველის ადგილისთვის ბრძოლა სისინიოსთან წააგო, ძირითად შემადგენლობაში კი, იმ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კაფუ თამაშობდა. სამაგიეროდ, მაიკონმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ითამაშა, სულ კი, დღემდე ეროვნული გუნდის მაისური 63 შეხვედრაში მოირგო და 6 გოლი გაიტანა. ის 2004 და 2007 წლების ამერიკის თასის, 2005 და 2009 წლებში კი კონფედერაციის თასისთვის იბრძოდა და ეროვნულ გუნდთან ერთად გამარჯვებას მიაღწია.  

მაიკონ დუგლას სიზენანდო

დაიბადა: 1981 წლის 26 ივლისი (კრიშიუმა, ბრაზილია);
საკლუბო კარიერა: “კრუზეირო” (ბრაზილია) - 2000-2004 წლები, “მონაკო” (საფრანგეთი) - 2004-2006 წლები, “ინტერი” (იტალია) - 2006 წლიდან;
მიღწევები: სულ-მინას თასის მფლობელი (2001, 2002), მინას-ჟერაისის შტატის ჩემპიონი (2002, 2003), ბრაზილიის ჩემპიონი (2003), ბრაზილიის თასის მფლობელი (2003), ამერიკის თასის მფლობელი (2004, 2007), კონფედერაციის თასის მფლობელი (2005, 2009), იტალიის სუპერთასის მფლობელი (2006, 2008), იტალიის ჩემპიონი (2007, 2008, 2009, 2010), იტალიის თასის მფლობელი (2010), ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2010);
ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 6 გოლი

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178744