ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ კარიერაში ბოლო მატჩი 2004 წლის 28 აპრილს, “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. მას შემდეგ ის გარკვეული ხნით ფეხბურთს განერიდა და 2010 წელს დაბრუნდა, როდესაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა, სადაც დღემდე მუშაობს. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობაზეა პასუხისმგებელი და ტალანტების მოძიება ევალება. 2011 წლის 18 ივლისს 44 წლის ბაჯომ A ლიცენზია აიღო, რომელიც უფლებას აძლევს, სერია C-ში მთავარ მწვრთნელად იმუშაოს, ხოლო სერია A-სა და სერია B-ში - მეორე მწვრთნელად. იგი ფიქრობს, რომ ახალ ამპლუაშიც შეუძლია, იტალიურ ფეხბურთს წარმატება მოუტანოს, რაც calcionews.net-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
- სინიორ ბაჯო, მართლაც ასეთი შეზღუდული ხართ თქვენს ახალ თანამდებობაზე, როგორც ამბობენ?
- თუ აქ ვარ, ესე იგი მჯერა, რომ იტალიური ფეხბურთისთვის რაღაცის გაკეთება შემიძლია. მსურს, მთელი ძალ-ღონე დავხარჯო, რათა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას დავეხმარო, რადგან ჩვენი მომავალი ეს არის. თუ გვსურს, რომ კალჩო კვლავ მსოფლიოს მწვერვალზე მოექცეს, მოზარდი თაობის აღზრდით უნდა დავიწყოთ.
- კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთიდან რამდენიმე წლით წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
- ეს შეგნებული გადაწყვეტილება იყო. იგივე შეიძლება ითქვას ფეხბურთში ჩემს დაბრუნებაზეც – ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდი, რომ ამის აუცილებლობა შინაგანად ვიგრძენი.
- მავანთ მწვრთნელის რანგში ვერ წარმოუდგენიხართ...
- მიუხედავად ამისა, კოვერჩანოში მწვრთნელების სწავლების კურსებზე ჩავეწერე. მომავალზე არ ვფიქრობ, დღევანდელი დღით ვცხოვრობ. მე ასეთი ხასიათი მაქვს –შორს არასოდეს ვიხედები.
- მართალია, რასაც ამბობენ - თითქოს, რენცო ულივიერის ყველაზე დიდი დამსახურებაა, რომ ფეხბურთს დაუბრუნდით?
- დიახ, მან ჩემს არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა. მსურს, ამისთვის მადლობა გადავუხადო.
- არადა, ახლა რომ გავიხსენოთ, რა რთული ურთიერთობა გქონდათ ულივიერისთან, რომელიც “ბოლონიას” წვრთნიდა...
- (იცინის)
- როდის გამოჩნდება ახალი ბაჯო ან დელ პიერო?
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევქმნათ პირობები, რომელშიც ახალგაზრდა ფეხბურთელები საკუთარ ნიჭს გამოავლენენ. როდესაც ვინმე განსაკუთრებული გამოჩნდება, ამის შესახებ მაშინვე გაიგებთ.
- თქვენი მშობლიური “ვიჩენცა” სერია B-ში ადგილს შეინარჩუნებს?
- ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც სამწვრთნელო სკამი ჯიჯი კანიმ დაიკავა, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. ის, რომ გუნდმა სახლში მოგება დაიწყო, კარგი ნიშანია. ვფიქრობ, “ვიჩენცასთვის” სეზონი შედარებით მშვიდი იქნება.
- “პადოვა” სერია A-სთვის მზადაა?
- ალესანდრო დალ კანტოს დიდი ხანია ვიცნობ. ის საუცხოო ადამიანია, კოვერჩანოში ერთად ვსწავლობთ. გასულ სეზონში, როდესაც მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა, “პადოვა” კინაღამ სერია А-ში გაიყვანა. წლეულს მას კვლავ ენდნენ. ალესანდროს შეუძლია, სირთულეებს თავი გაართვას და შედეგს მიაღწიოს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









