ინტერვიუები

14:40 | 21.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო დი მატეო: “სიტის” არაფერს დავუთმობთ”

დღეს ღამით მანჩესტერის “ეტიჰადზე” ინგლისური პრემიერლიგის მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ჩატარდება. ადგილობრივი “სიტისა” და დასავლეთლონდონის “ჩელსის” დაპირისპირების შედეგი დიდწილად განსაზღვრავს პირველობისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელთა ბედს. დედაქალაქელთა ახალბედა იტალიელი დამრიგებელი რობერტო დი მატეო თანამემამულისა და სეხნიის, მანჩინის გუნდთან შეხვედრის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმასაც არ გამორიცხავს, სასტარტო შემადგენლობაში ერთდროულად უხმოს თავდამსხმელებს, დიდიე დროგბასა და ფერნანდო ტორესს.


- რა სიახლეებია გუნდში ტრავმირებულ მოთამაშეთა მხრივ?
- საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ მაქვს. მხოლოდ ჯონ ტერი და ორიოლ რომეუ არინ შეუძლოდ. საბედნიეროდ, ტერის დაზიანება სერიოზული არაა და იგი უკვე შაბათს “ტოტენჰემის” წინააღმდეგ დანიშნულ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. “ჯეი ტი” ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა როგორც მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
- თუ საიდუმლო არაა, “სიტის” პირისპირ შეხვედრისას “ჩელსის” წინა ხაზს რომელი ფეხბურთელები დააკომპლექტებენ?
- დიდიე დროგბამ ბოლო მატჩებში სამჯერ გამოიჩინა თავი, განსაკუთრებით კარგად კი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში ითამაშა “ნაპოლის” წინააღმდეგ. ამასობაში ფერნანდო ტორესი “ლესტერ სიტისთან” სათასო ასპარეზობის გმირი გახდა, როდესაც 2 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემაც გაუკეთა პარტნიორებს. ძალიან გამიჭირდება, რომელიმე მათგანის სათადარიგოთა სკამზე დატოვება. ისე კი, გუნდში ბევრი მაღალი კლასის მოთამაშეა, ფეხბურთს კი მოგეხსენებათ 11 თამაშობს. მეორეს მხრივ, კონკურენცია დადებით ზეგავლენას ახდენს მთლიანად გუნდზეც და ცალკეულ ფეხბურთელებზეც. არაა გამორიცხული, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ დროგბამ და ტორესმა ერთდროულად იასპარეზოს. “ნაპოლისთან” ისინი ერთად იყვნენ მინდორზე 30 წუთის განმავლობაში და შედეგიც სასურველი მივიღეთ.
- “ჩელსი” ერთდროულად 3 ფრონტზე განაგრძობს ასპარეზობას. გადატვირთული გრაფიკი ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სირთულეს არ შეუქმნის?
- პრაქტიკულად ყოველ სამ დღეში პრინციპული შეხვედრის ჩატარება გვიწევს, რაც დამატებით პასუხისმგებლობას გვანიჭებს. ისე კი, მოთამაშეებიცა და მწვრთნელები მზად ვართ გამოწვევის მისაღებად. ჩემპიონთა ლიგაში, პრემიერლიგასა და საფეხბურთო ასოციაციის თასზე ერთდროულად მაღალი მიზნისთვის ბრძოლა დამატებით სტიმულს გვაძლევს. ამასთან, ძირითადი ენერგია ყოველთვის მომდევნო მატჩზე უნდა მივმართოთ და მეტ-ნაკლებად შორსმიმავალი გეგმების დალაგებას თავი დავანებოთ. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს “სიტისთან” შეხვედრის შედეგს. ვიმედოვნებ, საშინაო პირველობის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე დამკვიდრებას მოვახერხებთ. ყოველ შემთხვევაში, საამისოდ ვიბრძვით და რობერტო მანჩინის გუნდის პირისპირ თამაში ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს.
- რას გვეტყოდით მომავალ მოწინააღმდეგესა და მის მთავარ მწვრთნელზე?
- მთლიანობაში “სიტი” სოლიდურ თამაშს აჩვენებს, რასაც მისი ადგილიც ადასტურებს, თუმცა, ჩვენ დიდი გამოცდილების გუნდი გვყავს და “ჩელსის” ფეხბურთელებმა კარგად იციან, როგორ ჩაატარონ მნიშვნელოვანი მატჩები. “სიტი” საკუთარ მინდორზე მძლავრად ასპარეზობს, მაგრამ არც “ჩელსი” აპირებს მეტოქისთვის რაიმის დათმობას. მანჩინის რაც შეეხება, მოუთმენლად ველი რობერტოსთან სამწვრთნელო დაპირისპირებას. “მანჩო” თავის დროზე ბრწყინვალე ფეხბურთელი გახლდათ. მასთან ერთად არასდროს მიასპარეზია, მაგრამ ძალიან მოქნილი და ტექნიკური ფეხბურთელი იყო. მანჩინი იტალიელი გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი გახლდათ. რობერტომ სადამრიგებლო ასპარეზზეც მოახერხა საუკეთესო თვისებების წარმოჩენა. ჩვენი ამოცანა კი “სიტის” მოთამაშეების შეზღუდვაა. მანჩინის განკარგულებაში ყველა პოზიციაზე მაღალი რანგის მოთამაშეები ჰყავს, ამიტომაც მთელ ფრონტზე უნდა გავშალოთ ბრძოლა და მოწინააღმდეგეს მოქმედების არეალი შევუკვეცოთ. მხოლოდ აქტიური თამაში მოგვიტანს წარმატებას და არა იმის ცდაში ყოფნა, როდის დაუშვებს მეტოქე ამა თუ იმ ტაქტიკურ თუ ტექნიკურ შეცდომას.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ



 

0.092877