ბოლო წლების განმავლობაში, “მანჩესტერ სიტის” მულტიმილიონერი მეპატრონე შეიხ მანსური უდიდეს თანხას ხარჯავს, მაგრამ გუნდი მისთვის სასურველ შედეგს ვერა და ვერ აღწევს. 2008 წლიდან მოყოლებული, აბუ დაბის ემირის რიგით მეხუთე ვაჟის დანახარჯმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. “სიტის” იტალიელი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია – თუკი გუნდმა მიმდინარე სეზონიც წარუმატებლად ჩაამთავრა, სავარაუდოდ, აპენინელს პოსტს დაატოვებინებენ. გასულ შაბათს, “სიტიმ” ლონდონის “უემბლიზე,” მანჩესტერულ დერბიში “იუნაიტედი” დაამარცხა და პლანეტის უძველესი გათამაშების, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ მატჩში რობერტო მანჩინის გუნდი “სტოკ სიტის” შეხვდება და თოთხმეტ მაისს დიდწილად მანჩინის სამომავლო ბედიც გაირკვევა. გთავაზობთ, ინტერვიუს, რომელიც “სიტის” მთავარ მწვრთნელს Manchester Evening News-ის ჟურნალისტმა ჩამოართვა.
- თქვენი გუნდის გულშემატკივრებისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება ყოველთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მით უმეტეს, როდესაც მათი საყვარელი კლუბი თანაქალაქელ “წითელ ეშმაკებს” ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ნახევარფინალში მოუგებს...
- ძალიან გახარებულები ვართ, ერთგულ გულშემატკივარს საზეიმო განწყობა რომ მივანიჭეთ. “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. თანაც ერთი მომენტიც გავითვალისწინოთ – სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ბოლო ოცწლეულია, სეზონში ამ რანგის მატჩს რამდენიმეს ატარებს და “იუნაიტედის” ფეხბურთელები მიჩვეულები არიან გადამწყვეტ შეხვედრებში თამაშს. ეს უპირველესად მათ ფსიქოლოგიურ დაძაბულობას უხსნის. დააკვირდით “უემბლიზე” მატჩი როგორ დაიწყო. დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში ჩვენი ფეხბურთელები შებოჭილები გამოიყურებოდნენ. საბედნიეროდ, მათ ნერვული დაძაბულობა თანდათან მოეხსნათ, მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგეს უკვე საკუთარ პირობებს ვკარნახობდით. მოხარული ვარ, ისეთი ძლიერი გუნდი რომ დავამარცხეთ, როგორიც “მანჩესტერია”.
- “სიტის” ინგლისის თასი 1969 წლის შემდეგ არ მოუგია. “მანჩესტერ იუნაიტედის” ძლევის შემდეგ, ალბათ, ფინალში “სტოკ სიტის” დამარცხებასაც აპირებთ...
- მეტად პრესტიჟული თასის დაუფლებას ერთადერთი მატჩი გვაშორებს და ცხადია, ყველა ზომას მივმართავთ, რათა სათასო ტურნირი მოვიგოთ. სტოკელებმა ნახევარფინალში შთამბეჭდავი თამაში აჩვენეს “ბოლტონ უონდერერზთან” დაპირისპირებისას და მოწინააღმდეგე 5:0 გაანადგურეს. კარგად ვიცნობ “სტოკ სიტის” და მასთან საბრძოლველად მაქსიმალური მონდომებით მოვემზადებით. პრემიერლიგის პირველ წრეში ამ გუნდთან გასვლაზე 1:1 ვითამაშეთ, მეორე საჩემპიონატო შეხვედრის გამართვა კი ბოლოსწინა ტურში გვიწევს. ასე რომ, “სტოკთან” მიმდინარე სეზონის ფინიშზე ორი პრინციპული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს.
- “მანჩესტერთან” სანახევარფინალო დაპირისპირებისას კვლავ უმტყუნა ნერვებმა მარიო ბალოტელის. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან უწმაწური სიტყვებით მიმართა იუნაიტედელ რიო ფერდინანდს, რაც აყალმაყალის საფუძველი გახდა და ფეხბურთელთა დაშოშმინებას გარკვეული დრო და დიდი ენერგია დასჭირდა...
- მართალია, მსაჯის საფინალო ნიშნის შემდეგ მინდორზე შევედი, მაგრამ ბალოტელისა და ფერდინანდისგან შორს ვიყავი, ამიტომაც ჩემთვის ძნელია ამ ეპიზოდზე დეტალური საუბარი. ვიცი, ყველა ბალოტელის რომ ამტყუნებს. არ ვარ წინააღმდეგი, თუკი მას სათანადოდ დასჯიან, ოღონდ, სეზონის გადამწყვეტი თამაშების შემდეგ.
- საპრემიერლიგო ამბებზეც ვისაუბროთ. ასოციაციის თასის ნახევარფინალამდე “ლივერპულთან” 0:3 დამარცხდით. ამ წაგებამ მეოთხე ადგილის შენარჩუნების სანსი გაგიუარესათ. მეხუთე პოზიციაზე მყოფ “ტოტენჰემს” სამი ქულით კი უსწრებთ, მაგრამ ჰარი რედნაპის გუნდს მატჩი აქვს თადარიგში...
- როდესაც ახალი გუნდის მშენებლობის პერიოდია, სეზონის განმავლობაში რამდენიმე ჩავარდნა გარდაუვალია. ცხადია, “ენფილდ როუდზე” დიდი ანგარიშით განცდილმა მარცხმა დაგვაღონა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ჩვენი სუსტი თამაში საპრემიერლიგო შეხვედრას დაემთხვა და არა თასის უპრინციპულეს ნახევარფინალს. “მანჩესტერ სიტის” უმთავრეს ამოცანად ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება რჩება. პირველობის დასრულებამდე ექვსი მატჩიღა რჩება. ბედის ირონიით, უმთავრესი საჩემპიონატო შეხვედრის ჩატარება ათ მაისს, უშუალო კონკურენტ “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” მოგვიხდება, 14-ში კი “უემბლიზე” თასისი ფინალის გამართვა გვიწევს. სწორედ ეს ორი შეხვედრა იქნება “მანჩესტერ სიტისთვის” გადამწყვეტი. იმედია, წლევანდელ დასახულ მიზანს შევასრულებთ, მომავალი აგვისტოდან კი “სიტი” პრემიერლიგის პირველობისთვის ბრძოლაში ჩაებმება. ახალ სეზონში გუნდი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
- კლუბის მფლობელებთან როგორ დამოკიდებულება გაქვთ?
- შეიხ მანსურსა და კლუბის პრეზიდენტ ჰალდუნ ალ მუბარაკთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს. მათ კარგად ესმით, რომ წარმატებული გუნდის მშენებლობას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომაც მოთმინებით არიან აღჭურვილნი.
გოჩა კაჭარავა









