ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევ რობინიოს, რომელიც იტალიურმა “მილანმა” “მანჩესტერ სიტისგან” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე შეიძინა, სურს, რომ ახალ გუნდთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშოს და იქ მადრიდის “რეალი” დაამარცხოს.
თავის დროზე, რობინიო სწორედ “სამეფო კლუბის” ღირსებას იცავდა, ახლა კი, ფინალამდე მავალ გზაში, მისი “მილანი” ჯგუფურ ეტაპზე “რეალს” ორჯერ უნდა ეთამაშოს. პირადი შურისძიება არ ამოძრავებს, მაგრამ სურს, რომ მადრიდელები მათსავე “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაამარცხოს. მოკლედ, რობინიო ახალ გუნდში ფეხს იკიდებს და უკვე გასაუბრება იტალიურ მასმედიასთანაც მოასწრო.
რობინიო: “ვოცნებობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშო “რეალის” წინააღმდეგ. დღეისათვის, ეს მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბია. მილანელთა ხელმძღვანელობამ, სატრანსფერო ფანჯრის დროს მნიშვნელოვანი შენაძენები განახორციელა. შემადგენლობის მხრივ უძლეველნი ვართ და ახლა მთავარია, რომ ჩვენი ძალა მოედანზე გადავიტანოთ”.
- “მილანში” თქვენი მეგობრის მხარდამხარ, რონალდინიოსთან ერთად ითამაშებთ.
- “მილანში” თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. რონალდინიოს გარდა, აქ ჩემი დიდი ხნის სხვა მეგობრებიც დამხვდნენ - დინო, პატო, ტიაგო სილვა. აქ ყველა მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობს, მეც ფეხბურთით ვცხოვრობ და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, აქ გადმოსვლით რამდენად ბედნიერი ვარ.
- ძლიერმა შემადგენლობამ, შესაძლოა, კონკურენციის თვალსაზრისით პრობლემა შეგიქმნათ.
- რატომ? ვინც მოცემული მომენტისთვის უკეთ იქნება მზად, ის ითამაშებს. შესაძლოა, ყველამ ერთდროულადაც ვითამაშოთ. ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. თუ გუნდს ისე სურს წარმატების მიღწევა, როგორც “მილანს”, მას შემადგენლობაში ბევრი კარგი ფეხბურთელი უნდა ჰყავდეს.
- იბრაგიმოვიჩმა თქვა, “რობინიო დიდებულიაო”.
- ეს, ნამეტანია. ჩემის მხრივ, შემიძლია გითხრათ, რომ იბრაგიმოვიჩი მსოფლიოს სამ საუკეთესო ცენტრფორვარდს შორის ერთ-ერთია.
- “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, “მილანი” – კარიერის განმავლობაში მთელი ევროპა მოიარეთ.
- “რეალთან” ერთად წარმატებებს მივაღწიე. ეს დადებითი გამოცდილება იყო. “სიტის” შესახებ სჯობს არაფერი ვთქვა, “მილანთან” ერთად კი, ჩემს კოლექციას ახალი ჯილდოები მოემატება.
- “მილანი” და “რეალი” ჩემპიონთა ლიგაში ერთ შესარჩევ ჯგუფში მოხვდნენ.
- მსურს, რომ გამარჯვებას “სანტიაგო ბერნაბეუზე” მივაღწიო. ეს ზღაპრული სტადიონია. ტექნიკური თვალსაზრისით, “მილანს” ყველაფერი აქვს, რათა “რეალს” ტოლსწორად ეთამაშოს.
- შესაძლოა, იმაზეც ფიქრობთ, რომ ამას “მილანი” რობინიოს გოლით მიაღწევს.
- რევანში არ მწყურია, უბრალოდ, მსურს, რომ წითელ-შავ მაისურებში ახალი დადებითი ემოციები მქონდეს. მთავარია, “რეალს” მოვუგოთ და ვინ გაიტანს გოლს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია.
- თქვენი შეძენა “ბარსელონასაც” სურდა.
- ეს ძველი ისტორიაა. მე და “მილანმა” ერთმანეთს რამდენიმე წუთში გავუგეთ - ორივეს გამარჯვებები გვწყურია.
- მაგრამ ტრანსფერი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე შედგა.
- ასეთები სატრანსფერო ბაზარზე ხშირად ხდება. “მილანს” და “მანჩესტერ სიტის” ჩემი ტრანსფერის გარკვეული დეტალები ჰქონდათ შესათანახმებელი. მე უკვე რამდენიმე დღეა თავი “მილანელად” მიმაჩნია.
- პირველი სამიზნე “სკუდეტოს” მოგებაა?
- ვეცდებით ყველა შესაძლო ტიტული მოვიგოთ.
- “ოქროს ბურთს” ვის მიანიჭებდით?
- კანდიდატი ძალიან ბევრია. ალბათ, არჩევანს ინიესტას, ხავისა და მესის შორის გავაკეთებდი.
- მას შემდეგ, რაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მანუ მენეზეშმა ჩაიბარა, ამ გუნდისთვის ახალი ციკლი იწყება.
- ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტალანტი გვყავს და ენთუზიაზმი შეინიშნება. ეს ძალიან კარგია. საბოლოო მიზანი, ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა, იქამდე კი, ჯერ ოთხი წელია.
- თუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ოთხი წლის შემდგომი ფინალი?
- ახლა ვიტყოდი, რომ ფინალი ბრაზილია-ესპანეთი იქნება, მაგრამ ვინ იცის, ოთხ წელიწადში რამდენი ახალი მსოფლიოს ჩემპიონი დაიბადება? რაღა თქმა უნდა, ბრაზილია ვალდებულია, რომ საკუთარ ქვეყანაში ფინალში მაინც ითამაშოს.
- რას ეტყვით “მილანის” გულშემატკივრებს?
- სამწუხაროდ, იტალიურად ჯერ კიდევ ვერ ვსაუბრობ. მათ მოთმინებას ვთხოვდი. ვეცდები, რომ იტალიური მაქსიმალურად მალე ავითვისო და ჩემი პირველი მიმართვაც მათ მშობლიურ ენაზე წარმოვთქვა. მაგრამ არის ასეთი უნივერსული სიტყვა - “გამარჯვება” და მინდა ვთქვა, რომ “მილანში” გამარჯვებების მოსაპოვებლად მოვედი.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა







