ის მატჩი ოსლოში გაიმართა. ნორვეგიელებთან მატჩის შემდეგ მთელი არგენტინა გადაირია - გააფთრებული ადამიანები ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს გაუგონარი სიტყვებით ლანძღავდნენ. რეპორტიორებმაც მხოლოდ მარადონა დაინდეს და იგი ტლაპოში ჩავარდნილ ყვავილს შეადარეს.
ამბობდნენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი რაულ ალფონსინიც კი გაანაწყენა საქმის ამგვარმა მიმდინარეობამ. ბუნებრივია, ჟურნალისტებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და პირველივე ბრიფინგზე იკითხეს სახელმწიფოს პირველი პირის რეაქციის შესახებ. პასუხი მკაცრად მოზომილი იყო: „არსებობს ფეხბურთზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები, რითაც პრეზიდენტია დაკავებული.“
როგორც ყველა მსგავს შემთხვევაში, ჯოხი კარლოს ბილარდოზე უნდა გადატეხილიყო. ასახელებდნენ კიდეც ოთხ გვარს ანუ იმ ადამიანებს, რომელთაგან ერთ-ერთს არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ბილარდოს შემცვლელობას დაავალებდა.
და მაინც, არაფერი შეცვალეს - ჩინოსნები მიხვდნენ, რომ მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე მწვრთნელის გადაყენება გაცილებით მეტ პრობლემას მოიტანდა, ვიდრე „ექიმის“ პოსტზე დაყენება.
სხვა ყველაფერთან ერთად, კარლოს ბილარდოს ლუის სესარ მენოტის ხმელი აჩრდილიც არ აძლევდა მოსვენებას. საყოველთაოდ გახლდათ ცნობილი, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მენოტი ძველ გვარდიას, ბილარდო კი ადგა და „ძველებიდან“ თითქმის ყველა ჩამოაშორა ნაკრებს.
რასაკვირველია, ესეც გაუხსენეს...
საფიქრალი და გამოსავალი ცოტა იყო. მწვრთნელსაც დიდი საფიქრალი და საძებნი არაფერი ჰქონია - ნეაპოლში გაფრინდა. დიეგო მარადონა უნდა ენახა.
ბარსელონური კოშმარის შემდეგ, ნეაპოლელების მიერ შეთავაზებულმა 7 მილიონ 600-ათასიანმა კონტრაქტმა და ამ თანხიდან მხოლოდ მისთვის გადადებულმა 800 ათასმა მწვანემ ერთიანად დაავიწყა წარსული დიეგოს. ისევე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება - საერთოდ დაენებებინა თავი ფეხბურთისათვის.
„ნაპოლი“ ჯერაც სხვა იტალიური გრანდების ჩრდილში იმყოფებოდა და ჩემპიონობა ვერ მოეხერხებინა, მაგრამ ხალხი ძველებურად ხელისგულზე ატარებდა არგენტინელს, სჯეროდა მისი და ელოდებოდა ‘სკუდეტოს“...
ბილარდომ კარგად იცოდა, სად და რატომ მიდიოდა. მარადონას ხომ არანაკლები მოტივაცია ამოძრავებდა, რათა თავი დაეღწია იმ ხმელი აჩრდილისაგან, რომელმაც ცხოვრება გაუმწარა ბილარდოს. მენოტი ხომ ნიჭიერ, მაგრამ დაახლოებით სხვა არგენტინელი მოთამაშეების დარ თავდამსხმელად მიიჩნევდა მარადონას.
„შევხვდეთ იქ, სადაც შენი გულშემატკივრები თავს არ მოგვაბეზრებენ“ - სთხოვა ბილარდომ დიეგოს და საუბარი ნეაპოლის ერთ პორტისპირა ქუჩაზე, ციცქნა პიცერიაში შედგა.
მაგიდას მიუსხდნენ. ოფიციანტი იხმეს. შეუკვეთეს. დაელოდნენ. ის ათიოდე წუთში დაბრუნდა და თან ორი პიცა მოიტანა. წითლად მოლაპლაპე ტომატის სოუსიან ზედაპირზე ოქროსფრად მოელვარე შებოლილი სარდინი „იწვა“.
დიეგომ პორცია მიიჩოჩა, მაგრამ ბილარდომ არ დააცალა. იგი ჩანგლით მარადონას სარდინს მისწვდა და პიცის ცენტრიდან კიდისკენ გააჩოჩა.
„ოცდახუთი წლისა ხარ. ეს სასურველი და შესაფერისი ასაკია, რათა მექსიკის ჩემპიონატი შენს მუნდიალად იქცეს.“
„ეს ექიმი წინასწარმეტყველიც გამხდარა“ - გაიფიქრა მარადონამ და კიდისკენ გადაჩოჩებულ სარდინს დახედა.
„წარმოიდგინე, ეს პიცა საფეხბურთო მოედანია, შენ მენოტი კიდისკენ გათამაშებდა - ბილარდომ ჩანგალი ერთხელაც დაარჭო სარდინს - და ამით შენი შესაძლებლობები იზღუდებოდა. შენ ცენტრში უნდა ითამაშო. აქ სივრცეც მეტი გექნება, ბურთსაც ხშირად მოგაწვდიან და შეტევის გაგრძელების ვარიანტსაც მეტს შეარჩევ. მინდა, კაპიტანიც შენ გახდე. იფიქრე. პასუხს დაველოდები“, - ამ სიტყვებით ბილარდომ სარდინი კვლავ ცენტრისკენ გადმოაჩოჩა.
მარადონა ჩუმად იჯდა და ისევ მწვრთნელმა გააგრძელა:
„დიეგო, მე მჯერა, ყველაფერი გამოვა, მაგრამ ამისთვის 30 დღე უნდა დამითმო - შენი ცხოვრების 30 დღე.“
ნეაპოლში მარადონამ „ახალგაზრდობა“ გაიხსენა - სმა, ღამის კლუბები, უძილობა (გამონაკლისს მატჩისწინა დღეს უშვებდა და ღამის ორ საათზე წვებოდა (!)), ფლირტი, გვერდითა რომანები...
ერთ ვინმეს და ერთ რამეს ვერ თმობდა მხოლოდ - ეს რამე ფეხბურთი იყო: მატჩის დღეს ყოველთვის მხნე და ფხიზელი გახლდათ, ხოლო ვინმე კი - უპრეტენზიო და მისთვის თავგადადებული კლაუდია, ვისაც ორ ძმასთან, ხუთ დასთან და მშობლებთან ერთად უდიდესი ადგილი ეჭირა დიეგოს ცხოვრებაში.
ასეთი ოცდაათი დღის დათმობას ითხოვდა მწვრთნელი - სამაგიეროდ, მსოფლიო ჩემპიონი გუნდის კაპიტნობა იდო სასწორზე.
...ბილარდოს ლოდინი მოუხდა, მაგრამ მარადონა დათანხმდა და ბუნებრივია, ლოდინი ღირდა.
პირველი, რაც „ექიმმა“ უკვე კაპიტნისაგან მოითხოვა, რომის სპორტის ინსტიტუტში, ფიზიოლოგიის პროფესორ ანტონიო დელა მონტესთან ვიზიტი იყო - ორშაბათს, იტალიური საკლუბო ფეხბურთის ტრადიციულ დასვენების დღეს მარადონა ნეაპოლიდან რომში გაქანდა და ფიზიოლოგიისა და ბიომექანიკის კათედრაზე უცნობი პროფესორი მოინახულა.
ასე დაიწყო მექსიკური ჩემპიონატისათვის მზადება დიეგომ სტადიონის მაგივრად... ინსტიტუტში.
რა საგზალი ეკიდა ზურგზე პროფესორ დელა მონტეს? 1984 წელს, მექსიკაში მისი მეთოდოლოგიით დამზადებულმა „ოსპის მარცვლის“ ბორბლებიანმა ველოსიპედმა ერთსაათიან რბოლაში რეკორდი დაამყარებინა ფრანცესკო მოზერს.
რასაკვირველია, მარადონამ ზუსტად იმდენი იცოდა ამის შესახებ, რამდენიც მამამისმა ჩიტორომ და ამიტომ პროფესორის პირველივე ფრაზაზე უნდილად გაიღიმა.
ფრაზა? ასეთი იყო:
„მაშ ასე, იმისთვის, რათა თქვენ კარგად გამოხვიდეთ მექსიკურ ჩემპიონატზე, თქვენი ორგანიზმი უნდა შევისწავლოთ. ამისთვის თქვენი ხუთი ორშაბათია საჭირო.“
დელა მონტეს მარადონას რეაქცია არც შეუმჩნევია:
„თქვენ უნდა გაიგოთ, რომ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები, ითამაშოთ ფეხბურთი, გაუტოლდება ნულს, თუკი ფიზიკურად მზად არ იქნებით მაღალმთიანი, გაიშვიათებული ჰაერისათვის. ასეთ შემთხვევაში, თქვენ მებრძოლი კი არა, ჩვარი იქნებით...“
მარადონა აღარ იღიმებოდა.
„პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ტესტების სერიაა. მოგცემთ და შეასრულეთ.“
მარადონა მოიღუშა.
„გარდა ამისა, მე უნდა დავრწმუნდე, რომ თქვენი სხეულის სიმძიმის ცენტრი ჩვეულებრივზე დაბლაა. ადექით.“
მარადონა უკვე გაბრაზებული უყურებდა. პროფესორმა მაშინვე გაუგო:
„იმისთვის, რომ გაიმარჯვოთ, საუკეთესო ფორმაში უნდა იყოთ.“ - მშვიდად უთხრა მან ფეხბურთელს - მეთანხმებით?“
„ჰო...“ - წაიბურტყუნა დიეგომ.
...ყოველ ორშაბათს, მთელი თვის განმავლობაში მარადონა რომში მიემგზავრებოდა და ტესტებს აბარებდა. კვირის დანარჩენ დღეებში იგი იტალიელი ფიზიოლოგის დავალებებს ასრულებდა. მექსიკის ჩემპიონატმა კი ყველაფერს უპასუხა, მაგრამ მაინც საინტერესოა პროფესორ დელა მონტეს კომენტარი:
„მე ვმუშაობდი მარადონასთან და არა მარადონაზე... მეტიც, ამ სამუშაოში მონაწილეობას მთელი ფაკულტეტი იღებდა. მარადონაც, პასიური კლიენტი კი არა, აქტიური, დაინტერესებული მონაწილე გახლდათ. იგი იქცა ადამიანად, რომელსაც სულ უფრო მეტად აინტერესებდა საკუთარი თავი.
იგი მეტად მგრძნობიარე, მახვილგონიერი და ფაქიზი ნერვული სისტემის მქონე ადამიანია. განსაკუთრებით გამოვყოფდი საყვარელი საქმის, ფეხბურთის მიმართ თავდადებას და სიყვარულს. უკვე მაშინ მეჩვენებოდა, რომ მარადონას მარტო შეეძლო ყველას დამარცხება. სიჯიუტე, ჟინი, რწმენა, მოთმინება - ამ კომბინაციამ მოიტანა შედეგი. მე იმთავითვე ვირწმუნე ამ ახალგაზრდისა.
სიმძიმის დაბალმა ცენტრმა და ძლიერმა ფეხებმა იგი მინდორზე გოლიათად აქცია. კუნთების ელასტიურობა, მუსკულატურის სიძლიერე დიდებულად ეხამებოდა მშვენიერ რეაქციას და უჩვეულო ამტანობას. ტანმორჩილი, მაგრამ იმდენად სიმეტრიული, რომ აპოლონი გეგონებოდათ, მორალურად ოვოდს მახსენებდა - ადამიანს, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის... ასეთი სპორტსმენი ნებისმიერ გუნდშია საჭირო.
მისი პატარა ფეხები საოცარი მექანიზმია. მარადონა ჰგავს ავტომანქანას, რომელსაც უმძლავრესი ძრავი და პატარა ბორბლები აქვს. ასეთი მანქანა სხვებზე სწრაფად ჰკრეფს სიჩქარეს. ბუნებამ იგი კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისებით დააჯილდოვა - მას შეუძლია სხვებთან შედარებით გაცილებით სწრაფად, მყისიერად დაჭიმოს და მოადუნოს კუნთები, რაც, შესაბამისად, მიმართულების მყისიერ ცვლას განაპირობებს.
ვიჯექი მექსიკური სტადიონების ტრიბუნებზე და ქრონომეტრით ხელში ვადევნებდი თვალს მის თამაშს. მისი ორგანიზმი მოქმედებდა, როგორც სრულყოფილი მანქანა. ვერცერთმა, თვით მაღალმთიან ჰავასთან შეგუებულმა ფეხბურთელმა, ვერ შეძლო, ტოლი დაედო მისთვის ვერც ფიზიკური, ვერც ოსტატური თვალსაზრისით“...
კონსტანტინე გოგიშვილი









