გულშემატკივრის სვეტი

10:30 | 21.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

როგორ უნდა გახდეს ქართული სპორტი მომგებიანი?

ალბათ, ბევრ ქართველ სპორტის მოყვარულს აწუხებს კითხვა: როგორ უნდა გახდეს საქართველოში სპორტი იმდენად მომგებიანი სფერო, რომ მასში ბიზნესმენებმა ფული მოგების იმედად ჩადონ და სპორტისათვის კონკრეტული ბიზნესმენის დაინტერესება, არ განიხილებოდეს, როგორც კეთილშობილური ჟესტი, ანდა კიდევ, უფრო უარესი – წყალობა! რეალობა კი გვაჩვენებს, რომ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესმენები სპორტს სათოფეზე არ ეკარებიან და თუკი ვინმე რომელიმე სახეობას (უმეტესად, ნაკრებ გუნდებს) დააფინანსებს, ეს როგორც წესი, განპირობებულია ბიზნესმენის კონკრეტული სახეობისადმი პირადი ინტერესითა და სიყვარულით.
 განსაკუთრებით გაურკვეველ მდგომარეობაშია ქართული საკლუბო ფეხბურთი. ქართული კლუბების უმეტესობას, როგორც წესი, ამა თუ იმ ქალაქის ხელმძღვანელობა, ანდა რაიონში არსებული რომელიმე დიდი საწარმოს დირექტორი პატრონობს. იცვლება ხელმძღვანელობა, მათ ნაცვლად მოდიან სპორტზე ნაკლებად შეყვარებული ადამიანები და კლუბის ბედიც ჰაერში გამოკიდებული რჩება. არაერთი ქართული კლუბის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომლებიც თავიდან, სხვა გუნდებთან შედარებით სოლიდური დაფინანსების წყალობით “ამოიქაჩნენ”, შემდეგ კი, ხელმძღვანელობას ან ფული გაუთავდა, ანდა, უბრალოდ, კლუბისათვის ვეღარ მოიცალეს და კარგად დაწყებული საქმეც ჩაფლავდა. ასეთ კლუბებს ქართველმა ქომაგებმა და ჟურნალისტებმა საკმაოდ სწორი სახელი – “ერთწლიანი გუნდები” დაარქვს და ზოგიერთ ქომაგს სეზონის დასაწყისშიც კი შეუძლია იწინასწარმეტყველოს, რომელ კლუბს ჩემპიონატის რომელ პერიოდში გაუჭირდება ფინანსურად და ფულის არქონის გამო, ჩემპიონატის ბოლოს რომელი კლუბი გაყიდის ერთბაშად 10 და 12 ფეხბურთელს.
 ამ რთული სიტუაციიდან, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს. არც ის ივარგებს, საკითხს წმინდა ნეოლიბერტარიანულად რომ მივუდგეთ და ყველაფერი თავის ნებაზე მივუშვათ, (ანუ, გამგეობებსა და ქალაქის ხელმძღვანელობებს კლუბების დაფინანსება ავუკრძალოთ), რადგან ასე, შესაძლებელია, სულ თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის კლუბები შემოგვრჩეს, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლების დახმარების იმედად ყოფნაც რომ სპორტს კარგს არაფერს მოუტონს, ესეც ფაქტია. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუკი ქართული სპორტული კლუბები სააქციო საზოგადოებებეად გადაკეთდებიან და ამ კლუბების აქციები საჯარო წესით და თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან იაფად გაიყიდება როგორც ბიზნესმენებზე, ასევე ქომაგებზეც.
 დამერწმუნებით, რომ არაფერს განსაკუთრებულს არ ვამბობ. ინგლირური კლუბების უმეტესობა, სწორედ სააქციო საზოგადოებებს წარმოადგენენ. ამ კლუბების აქციათა სრულ პაკეტს, ხშირად, ერთი ადამიანი სულაც არ ფლობს, მაგრამ აქციონერთა მიერ არჩეული პრეზიდენტები და კლუბის დირექტორები, კანონისა და აქციონერი ქომაგების წინაშე ვალდებულნი არიან, რომ კლუბის მიერ დახარჯული ყოველი ფუნტი საჯარო გახადონ და კლუბის საჭირბოროტო საკითხებს ერთი და ორი კი არა, რამდენიმე ათეული და ხშირად ასეული ადამიანი წყვეტდეს. ინგლისური მაგალითი ძალიან კარგად გადაიღო ცოტა ხნის წინ გაკოტრებულმა და ბოლო პერიოდში მომძლავრებულმა იტალიურმა “ფიორენტინამაც”, რომლის აქციები, ბიზნესმენების გარდა, რიგითმა ფლორენციელებმაც შეიძინეს. საერთო მართვის მოდელმა კი, ამ კლუბის ბოლოდროინდელი არცთუ უმნიშვნელო წარმატებები განაპირობა.
 ყველამ ვიცით, რომ დღეს, ტყიბულის “მეშახტის”, ანდა, თელავის “კახეთის“ აქციების ფასი მინიმალურზე მინიმალური იქნება და თავიდან საკმაოდ ძნელი იქნება მათი მომგებიან ორგანიზაციად ქცევა, მაგრამ კლუბის მართვაში ქომაგების ჩართვა, სიტუაციას ბევრად გააუმჯობესებს, რადგან ყველა აქციონერი (თუნდაც ხელში ერთადერთი ფარატინა აქცია ეჭიროს), დაინტერესული იქნება კლუბის ბედით და როგორც თანხების მოძიების, ასევე სხვა ორგანიზაციული კუთხით, ყველა დაინტერსებული გახდება, რომ საკუთარ კლუბს რაიმე შესძინოს. ამას გარდა, რა თქმა უნდა, დარჩებათ მომავალში ფინანსური მოგების მიღების შანსიც, რადგან სწორი მენეჯმენტისა და მართვის შემთხვევაში, ფინანსურად მომგებიანი კლუბიდან, რაღაც თანხა მათაც შეხვდებათ. ფინანსრურად შედარებით ძლიერ ქართულ კლუბებს და მათ მფლობელებს, სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის, ალბათ, სურვილიც არ ექნებათ, მაგრამ ღარიბ გუნდებს დასაკარგი არაფერი აქვთ და ამ ნაბიჯის გადადგმა, მათთვის განსაკუთრებულად რთული არ უნდა გახდეს.

ლევან სეფისკვერაძე      
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099787