ინტერვიუები

10:32 | 23.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

როი ჰოჯსონი: “ნეაპოლში ერთდროულად 2 კურდღელი დავიჭირეთ”

რაფა ბენიტესის როი ჰოჯსონით ჩანაცვლების შემდეგ, “ლივერპულის” გულშემატკივრებს საყვარელი გუნდის თამაშისა და შედეგის გაუმჯობესების ეიმედებოდათ, საპირისპირო კი მოხდა – ჯერჯერობით, ენფილდელები პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის აუტსაიდერები არიან. ამის მიუხედავად, “წითლების” გამოცდილი დამრიგებელი მდგომარეობის სასწრაფო გამოსწორებას ჰპირდება გუნდის ქომაგს და ჰოჯსონისვე განცხადებით, “ლივერპული” მალე ცხრილის ზედა საფეხურებისკენ დაიწყებს სვლას.
- “ლივერპულისგან”, ამგვარ უსუსურ სტარტს არავინ ელოდა. რით ახსნის გუნდის მთავარი მწვრთნელი იმ ფაქტს, ესოდენ ტიტულოვანი კლუბი, პრემიერლიგის აუტსაიდერთა შორის რომაა?
- სუსტი დასაწყისი ჩემთვისაც მოულოდნელი გახლდათ. “ლივერპულისთვის”, ბოლოსწინა ადგილი კატასტროფაა, მაგრამ ჩემპიონატმა სტარტი ორიოდე თვის წინ აიღო და გაძლევთ პირობას, არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობას, შეძლებისდაგვარად გამოვასწორებთ.
- კლუბი ახალი მეპატრონეების მფლობელობაში გადავიდა. რას იტყვით მფლობელთა შეცვლის თაობაზე?
- გაგიკვირდებათ და მათ უკვე მოასწრეს გარკვეული საქმის გაკეთება. “ევერტონთან” მატჩის წინ, ახალმა მეპატრონეებმა გვაგრძნობინეს, რომ გვენდობიან და მუშაობის მშვიდ ატმოსფეროში გაგრძელების საშუალებას მოგვცემენ. ეს, დამატებით სტიმულს გვაძლევს.
- კვირას, “ბლექბერნთან” მნიშვნელოვანი საპრემიერლიგო ასპარეზობის ჩატარება მოგიწევთ...
- “ვარდები” დიდ წინააღმდეგობას კი გაგვიწევენ, მაგრამ “ლივერპულმა” 3 ქულა უსიკვდილოდ უნდა აიღოს. “ნაპოლისთან” საგარეო საევროპალიგო შეხვედრაში დავამტკიცეთ, ჩვენი ჩამოწერა ნაადრევი რომაა. დარწმუნებული ვარ, “ბლექბერნის” წინააღმდეგ თამაშისას, ბიჭები მოსაგებად არაფერს დაიშურებენ. გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.
- ევროპის ლიგაზე, ნეაპოლში პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით ითამაშეთ. გაამართლეს ახალგაზრდებმა თქვენი მოლოდინი?
- ცალსახად გიპასუხებთ – დიახ. ბევრს ეგონა, ფერნანდო ტორესისა და სტივენ ჯერარდის გარეშე არაფერი შეგვიძლია, მაგრამ სამხრეთ იტალიაში, სკეპტიკოსთა მოლოდინი არ გამართლდა. “ლივერპულის” ახალგაზრდა მოთამაშეები მზად აღმოჩნდნენ სერიოზული გამოცდის ჩასაბარებლად, ამგვარი მატჩები კი, მათ სათანადო გამოცდილებას სძენს.
- თქვენი სიტყვებიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ “სან პაოლოზე” ჩატარებული ორთაბრძოლით კმაყოფილი დარჩით...
- ასეა. ჯგუფის მთავარ მეტოქესთან, გასვლაზე ქულა მოვიპოვეთ, რამაც სატურნირო ცხრილის სათავეში დაგვტოვა. თანაც, სასურველ შედეგს წამყვან ფეხბურთელთა დასვენებით მივაღწიეთ. ერთი სიტყვით, ნეაპოლში ერთდროულად 2 კურდღელი დავიჭირეთ.
- “ლივერპულს” ფიზიკურ მომზადებას უწუნებენ. ეთანხმებით ამგვარ შეფასებას?
- არა. “ნაპოლისთან” თამაშს 92-93 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. ბურთს მეტწილად ვფლობდით და მოწინააღმდეგეს მისი ართმევა უჭირდა. ამასთან, უბურთოდაც კარგად ვმოქმედებდით, რაც იმის გათვალისწინებით, მინდორზე ახალბედა მოთამაშეები რომ გვყავდა, მშვენიერია.
- და მაინც, არ წყდება ხმა თქვენი მთავარმწვრთნელობიდან შესაძლო დათხოვნის თაობაზე...
- ამაზე არასდროს მიფიქრია და არც ვიფიქრებ. “ენფილდზე” დიდი ხნით იმ განწყობით მივედი, “ლივერპულს” ძველ დიდებას რომ დავუბრუნებ. ამ საქმეში, ფეხბურთელები მხარს მიჭერენ.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100161