ინტერვიუები

15:58 | 19.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

როი ჰოჯსონი: “რუნის გამოსვლა ფსიქოლოგიურადაც დაგვეხმარება”

დღეს დონეცკში, “დონბას-არენაზე,” ევრო 2012-ის D ჯგუფის ბოლო ტურის ერთ-ერთი და ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება. უკრაინელები ინგლისელებს უმასპინძლებენ. ბრიტანელებს მეოთხედფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნით, მასპინძლებს კი აუცილებლად მოგება სჭირდებათ. მოკლედ, ორთავჯანი იქნება. მანამდე კი, ინგლისელთა დამრიგებელმა როი ჰოჯსონმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა:
- ახლახანს “დონბას-არენაზე” გასეირნების საშუალება გქონდათ, როგორ შეაფასებდით მინდვრის საფარს?
- ძალიან ხარისხიანი მინდორია. გაკვირვებულებიც კი ვართ, როგორ შეინარჩუნეს ასეთი ბალახი უკრაინა-საფრანგეთის მატჩის შემდეგ, ხომ გახსოვთ, რა თავსხმა წვიმა მოვიდა...…
- უოლკოტი თავს როგორ გრძნობს?
-კარგადაა. საერთოდ, ტრავმირებული აღარავინ გვყავს. ასე რომ, ჩვენი გუნდი მზადაა უკრაინისთან სათამაშოდ.
- სამშაბათს უეინ რუნი გიბრუნდებათ. ამისდაკვალად, რამდენად შეიცვლება თქვენი გუნდის ამბიციები?
- ჩვენი ამბიციები თავიდანვე ცნობილი იყო – კარგი ფეხბურთის ჩვენება და დასაწყისისთვის ჯგუფიდან გასვლა. ეს უკანასკნელი ჯერ არ შეგვისრულებია, ამიტომ, უკრაინასთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. რუნის კი, ცხადია, შეუძლია, ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეცვალოს. ვიმედოვნებ, სამშაბათს მასთან ერთად ხარისხიან ფეხბურთს ვითამაშებთ და გავიმარჯვებთ.
- უელბეკსა და ქეროლს შორის არჩევანის გაკეთება რთული არაა? რუნის დაბრუნება ხომ ერთ-ერთს სათადარიგოთა სკამზე დასვამს...…
- გეთანხმებით, ძალიან რთული გადასაწყვეტია. ისინი ევრო 2012-მდეც კარგად თამაშობდნენ და ახლაც მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებენ. ამ ორმა მწვრთნელისთვის კლასიკური თავისტკივილი დამმართა. მაგრამ ეს აუცილებელია, რადგან გუნდში კონკურენცია მთავარია.
- ფეხბურთელებს უკვე უთხარით, რომ რუნი სასტარტოში იქნება?
- დიახ. რუნი შესანიშნავად გამოიყურებოდა ვარჯიშებზე. სწორედ ამის საფუძველზე მივიღე შემადგენლობაში მისი შეყვანის გადაწყვეტილება. კიდევ, რუნის დაბრუნებას ფსიქოლოგიური სარგებელიც აქვს - მის გვერდით სხვებიც უფრო თავდაჯერებულები გახდებიან.
- ევრო 2012-ის წინ ინგლისის ნაკრები ფავორიტობიდან თითქმის ჩამოწერეს. მაგრამ ახლა ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაგიჩნდათ. ბიჭებს თუ სჯერათ წარმატების?
- ამაზე ყველა ოცნებობს, თუმცა მარტო ოცნება არაფერს მოგვცემს. წინ ძალიან დაძაბული 90 წუთი გველის და ახლა რაღაც გარანტიებზე საუბარი არასერიოზული მგონია.
- თქვენ რუნი დაგიბრუნდათ. უკრაინელებს კი, შესაძლოა, შევჩენკო დააკლდეთ. რა აზრის ხართ შევჩენკოზე და საერთოდ, უკრაინის ნაკრებზე?
- შევჩენკო მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ხოლო მის მიღწევებზე ლაპარაკი უხერხულიც კია. ვფიქრობ, ბლოხინს ბოლო მომენტამდე ექნება შევჩენკოს გამოჯანმრთელების იმედი. “შევას” მარტოს შეუძლია ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა. მას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. რამდენიმე ჩვენს ფეხბურთელს მასთან ერთად უთამაშია “ჩელსიში” და იცნობენ არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ ადამიანური მხრიდანაც.
ჩვენ კი მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. სამშაბათს მსოფლიო დონის გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში.
 

მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.128609