თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, რუსულ "სპორტ-ექსპრესს" საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც თავიდან საუბარი იმ პერიოდს შეეხო, როცა ქართველი ბიზნესმენი სარატოვის "სოკოლს" პრეზიდენტობდა და კლუბი თითქმის ჭაობიდან ამოიყვანა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ინტერვიუს დიდი ნაწილი "დინამოს" შეეხო:
- 2000 წელს უალტერნატივოდ გავედით პირველ ლიგაში პირველ ადგილზე, ხოლო წინა წლებში საშინელება ხდებოდა. არ მოვყვები პირველი ლიგის სპეციფიკას. იმედია, ახლა იქ უკეთესი სიტუაციაა. უმაღლეს ლიგაში ბევრად მოწესრიგებული ვითარება იყო, ქვედა ლიგაში კი უნდა გაგეძლო. უმაღლესში რომ გადავედით, დიდხანს ვლიდერობდით, რაც ბევრ ჩემს კოლეგას არ მოსწონდა. წარმოიდგინეთ, ცხრილის თავში სულ იყვნენ "სპარტაკი", ცსკა, "ზენიტი", "დინამო", "ლოკომოტივი" და ამ დროს ვიღაც "სოკოლი" ყველას თვალში ეჩხირება. ლიგის საბჭოზე უსიამოვნო საუბარი წარიმართა და სხვა კლუბის პრეზიდენტებს ვუთხარი: "მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთ და ღმერთის გეშინოდეთ". და მაინც, სუფთად თამაშის საშუალება არ მოგვეცა. საბოლოოდ, მერვეზე გავედით, თუმცა სამეულში შესვლა თავისუფლად შეგვეძლო. გუნდი მართლაც მშვენივრად თამაშობდა და ყველა ხედავდა, "სოკოლი" უმაღლეს ლიგაში ღირსეულად გამოდიოდა. ამასთან, იყო საოლქო მასშტაბის პრობლემები. კლუბს ვეხმარებოდი, მაგრამ ძირითადი დაფინანსება მაინც სარატოვის ოლქის ბიუჯეტიდან მოდიოდა. ზოგიერთი ჩინოვნიკი მიხვდა, რომ "სოკოლის" პრეზიდენტობა დიდი ბედნიერება იყო.
- "ბედნიერება" ბრჭყალებში?
- დიახ. მათ არ იცოდნენ, რომ 24 საათი მუშაობა იყო საჭირო. მოკლედ, უსიამოვნო საუბარი დაიწყო და მე ვთქვი: "მორჩა, მივდივარ". აი, თქვენია უმაღლესი ლიგა, ვინც გსურთ, ის დააყენეთ ხელმძღვანელად და თავშიც ქვა გიხლიათ-მეთქი. ბევრმა მთხოვა დარჩენა, მაგრამ წავედი. ადამიანი, რომელსაც მუშაობის შედეგი უნდა დაეფასებინა, არ დააფასა. დანარჩენი კი უინტერესო იყო ჩემთვის. მომდევნო სეზონის წინ იმ კაცმა დამირეკა და "სოკოლში" დაბრუნება მთხოვა. მე ვუთხარი: "შეუძლებელია. მოსამზადებელი პერიოდი დასრულებულია და გუნდზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ". მარტო ფულში არაა საქმე, "სოკოლთან" არანაირი კონტაქტი აღარ მქონდა, არადა, პრეზიდენტობის დროს ყოველდღიურად გუნდთან ერთად ვიყავი, ბაზის გვერდით ვცხოვრობდი. ჩემი მეორე სახლიც ეს იყო.
- იმ ადამიანის სახელ-გვარს იტყვით?
- რისთვის? როცა წაიკითხავს, საკუთარ თავს ამოიცნობს. აქვე ვიტყვი, რომ ფული არაა მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური ატმოსფეროა და ის, თუ როგორ აფასებენ ხელმძღვანელს ფეხბურთელები. თუ შენი სჯერათ, მომავალსაც მშვიდად უყურებენ. თუ ბიჭები ხედავენ, რომ გუნდის ხელმძღვანელი ბიძია მხოლოდ მატჩის დროს ჩნდება ტრიბუნაზე, მზესუმზირას აკნატუნებს, ეწევა და მორჩა, იმის იქით არ გენახვება, მაშინ სხვა ამბავია... "სოკოლიდან" წასვლის შემდეგ, დიდხანს ვცხოვრობდი მოსკოვში, ხოლო საქართველოში 2006 წელს წავედი.
- და ეს წლები ფეხბურთში არ ყოფილხართ?
- არა. ვთქვი, რომ ამ სფეროში აღარ დავბრუნდებოდი.
- რატომ გადაიფიქრეთ?
- თბილისის "დინამო" საბჭოთა ფეხბურთის ხატია. მივხვდი, რომ არსებობდა კლუბი, სადაც არანაკლების გაკეთება შეიძლებოდა, ვიდრე "სოკოლში" გავაკეთე. სარატოვში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვთქვი: "რატომ არ უნდა დავეხმარო "დინამოს"? ვიცი, რაც სჭირდება გუნდს წარმატების მისაღწევად. "სოკოლში" ეს გავაკეთეთ.
- "სოკოლი" რუსეთში პოპულარული კლუბი არაა და მგონი, მარტო სარატოველებს აინტერესებთ. "დინამო" კი სხვაა - საერთაშორისო დონის ბრენდია, საქართველოს სავიზიტო ბარათია. რას შეძლებთ ამ კლუბში?
- ლეგენდარული კლუბია თუ არა, ყველგან ერთნაირი მიდგომაა საჭირო. არ შეიძლება, ერთ გუნდს ვიტამინ B-ს აძლევდე, მეორეს კი ვიტამინ C-ს. ფეხბურთით უნდა ვიცხოვროთ, რადგან სხვა ფორმულა არ არსებობს. არ შეიძლება, VIP-ლოჟაში იჯდე, თითებს იშვერდე და კითხულობდე, თუ რატომ არაა შედეგი. თუ კლუბში მთლიანად არ იქნები, ვერანაირი მწვრთნელი ვერ მოგიტანს შედეგს. ადამიანი საკუთარ შვილებს მხოლოდ თავად ზრდის. ევროპის საუკეთესო კლუბების მსგავს პირობებს შევამზადებთ და მერე მოვკითხავთ მწვრთნელსა და თითოეულ ფეხბურთელს.
- ქართულ ფეხბურთშიცაა ისეთი ნიუანსები, რაც "სოკოლში" იყო?
- საქართველოში არაა ის ნეგატივი, რაც სარატოვში იყო. ხომ ხედავთ, როგორი მოწესრიგებული პოლიციაა საქართველოში? არავინ არ დგას ქუჩაში და ფულის "მოტეხვას" არ ცდილობს. იგივეა საფეხბურთო მინდვრებზეც. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს – ამასწინათ, თამაშების გაყიდვაში ფეხბურთელები ამხილეს და დააკავეს. არ მახსოვს, რუსეთში ეს გამოევლინათ. ქართულ კლუბებს განვითარების საშუალება აქვთ. სახელმწიფო დახმარება აქ არაა, ყველა კლუბი კერძოა. ღმერთის წყალობით, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, საქართველოს ლიგა ხუთ წელიწადში სულ სხვაგვარი იქნება.
- ქართული კლუბების საშუალო ბიუჯეტი რამდენია?
- ვისურვებდი, რომ 3-5 მილიონზე ნაკლები არცერთს არ ჰქონოდეს. "დინამო" მოისუსტებს და ბევრი რამის შეცვლა დავიწყეთ, მათ შორის, მთლიანი სტრუქტურის. დიდ ფულს ვხარჯავთ ბაზის რეკონსტრუქციისთვის, სადაც ოთხი მინდორი იქნება და მათ შორის არ ვთვლი საბავშვო მოედნებს. მწვრთნელი არა მარტო მთავარ გუნდში, აკადემიაშიც იმუშავებს. ჩვენ გვსურს მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მოდელის დანერგვა.
- დიდხანს აპირებთ "დინამოში" ყოფნას?
- ასე გიპასუხებთ - კლუბს ჩემს სათამაშოდ არ განვიხილავ. თუ არაფერი გამომივა, "დინამოს" ღირსეულ კაცს ჩავაბარებ. არავის აქვს უფლება, მუდმივად VIP-ლოჟის სავარძელში იჯდეს. თუ სამი წლის განმავლობაში შედეგს ვერ ვაჩვენებთ, ესე იგი, ცუდი პრეზიდენტი ვყოფილვარ. არ ვგულისხმობ გრანდიოზულ გამარჯვებებს, მაგრამ "დინამო" ყველა ასპექტში გამორჩეული უნდა გახდეს.
- ალბათ, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა არაა თქვენი მიზანი...
- რა თქმა უნდა, არა. ქვეყნის მიღმაც უნდა ვაჩვენოთ ძალა.
- მაგრამ 30 წლის წინანდელი წარმატების გამეორებაზე ლაპარაკი ახლა ცოტა უადგილოა...
- იცით, თუ არ მიიწევ მიზნისკენ, მაშინ რისთვის უნდა იმუშაო? არ შეიძლება, ფეხბურთელებს უთხრა, დაივიწყეთ 1981 წელი და დავკმაყოფილდეთ ჩემპიონატით, გავიდეთ მესამეზე ან მეათეზე... ნებისმიერი გუნდი გამარჯვებას უმიზნებს და რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატით არ შემოვიფარგლებით.
- კლუბში ვეტერანი ფეხბურთელების დახმარების პროგრამა თუ არსებობს?
- დიახ, მაგრამ ეს პროგრამა კი არა, ვალდებულებაა. "დინამოს" ვეტერანები ყოველთვის იგრძნობენ, რომ "დინამოში" იყვნენ და არიან. ეს დაუწერელი კანონია.
- ვეტერანები ახლანდელ ფეხბურთელებს ხვდებიან?
- 10 წელია, ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ ყველაფერი იცვლება. ვეტერანები აუცილებლად ივლიან ბაზაზე, მიიღებენ ფორმას და ისეთივე კომფორტულ პირობებში ითამაშებენ, როგორც თანამედროვე ფეხბურთელები. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და მთავარია, ბავშვთა ფეხბურთი განვავითაროთ. საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმუშაოთ პატარებთან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნიჭიერი ბავშვები ბადეში კვლავ ხვდებოდნენ.
ილია ნანობაშვილი









