ქართულ ჭიდაობაში შიდა დაპირისპირება თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ რეალურად, პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არაა და უახლოეს დღეებში ახალ ხმაურს უნდა ველოდოთ - საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭო პრეზიდიუმის სხდომის მოწვევას აპირებს და გამორიცხული არაა, საქმე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდეც მივიდეს. საბჭოს წევრები პირველ ყოვლისა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებში განხორციელებულ ცვლილებებს აპროტესტებენ.
სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, ვეტერანი მოჭიდავე რომან რურუას განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არ ჰქონდა და ეს საკითხი პრეზიდიუმს უნდა დაემტკიცებინა.
“ლუკა კურტანიძემ მძიმე შეცდომა დაუშვა. თუკი მას ცვლილებები სურდა, შეეძლო ეს უფრო წინდახედულად გაეკეთებინა. ახლა კი ჩიხშია მოქცეული. იურიდიულად წამგებიან პოზიციაშია. მწვრთნელები უკანონოდ დაითხოვა, ახლები დანიშნა და ამ შეცდომის გამოსწორება ახლა ვეღარ ხერხდება. ძველი მწვრთნელების გაშვების საკითხი პრეზიდიუმს რომ დაედასტურებინა, მაშინ სადავო აღარაფერი იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ფედერაციის პრეზიდენტს პრეზიდიუმის წევრთა მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდა. უახლოეს დღეებში სამეთვალყურეო საბჭო ერთხელაც შეიკრიბება და პრეზიდიუმის სხდომასაც აუცილებლად დანიშნავს, სავარაუდოდ მომავალი კვირისთვის. პრობლემატური საკითხის მოსაგვარებლად ყველაფერს ვიღონებთ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” რომან რურუამ.
ოთარ მაღლაკელიძე







