“ბევრი ფეხბურთელი მომწონდა. მაგალითად, მიქაელ ლაუდრუპთან ერთად თამაში უდიდესი სიამოვნება იყო და სწორედ მას გამოვყოფდი. როგორც ფორვარდი, ლაუდრუპზე უკეთეს პარტნიორზე ვერც ვიოცნებებდი. კერპი? ეს მამაჩემი გახლდათ, ედევაირი. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი და მწვრთნელი იყო. მამაჩემი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ძალიან მაკლია”, – ეს, ბრაზილიელი რომარიოს სიტყვებია, რომელიც მან world soccer -თან ინტერვიუში თქვა.
გასული საუკუნის 90-იანი წლების საუკეთესო ფორვარდი და საჯარიმო მოედნის “მელა”, რომელიც თითქმის არასოდეს მიმართავდა ძლიერ დარტყმას. რომარიო 1994 წლის მუნდიალის გამარჯვებული და საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა საერთო აზრით, გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო – თუნდაც ის გავიხსენოთ, როგორ დატოვეს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა, როცა საუცხოო ფორმაში იყო.
44 წლის ბრაზილიელი, პოლიტიკაში წასვლის მიზეზებზეც საუბრობს:
- ბედნიერი ხართ, რომ თამაშობდით თქვენ დროს და არა ახლა?
- ვფიქრობ, სწორ ეპოქაში დავიბადე. არასოდეს მიფიქრია, რა მოხდებოდა სხვა დროს. ანუ, “თუ” და “რომ” არ მიყვარს. ნოსტალგია არ მჩვევია. ზოგადად, მე საუკეთესო ვარ - პელეს შემდეგ.
- თანამედროვე ფეხბურთელებს ძალიან ბევრ ფულს უხდიან?
- ფინანსური თვალსაზრისით, ფეხბურთი მართლაც მაღალ ტემპში მიიწევს წინ. შესაბამისად, იზრდება მოთამაშეთა ხელფასებიც. თუმცა, ჩემ დროსაც დიდ ფულს იღებდნენ, საწუწუნო ამ მხრივ არაფერია. ალბათ, 60-70-იან წლებში მოთამაშე ფეხბურთელებს უფრო აქვთ სინანულის საბაბი.
- გაგვანდეთ, რა დაგამახსოვრდათ ყველაზე ტკბილად თქვენი კარიერიდან.
- 1994 წელს მსოფლიო თასი რომ ავწიე, იმ გრძნობას არაფერი შეცვლის. დღესაც თმები ყალყზე მიდგება, როცა იმ წუთებს ვიხსენებ. ჩვენ განსაკუთრებული რამ გავაკეთეთ ბრაზილიური “ტორსიდისთვის”. მათ შორის ხომ ახალგაზრდები სჭარბობდნენ, რომლებიც ბრაზილიის ნაკრების ძველ წარმატებებს ვერ შეესწრნენ. ასევე ტკბილად ვიხსენებ 1993 წელს ურუგვაისთან მოგებას მუნდიალის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში. მე ერთწლიანი სესვენების შემდეგ დამაბრუნეს ნაკრებში, ურუგვაის 2:0 მოვუგეთ და ორივე გოლი მე გავიტანე.
- თქვენი დროის ფეხბურთი, დღევანდელისგან ბევრად განსხვავებულია?
- რა თამაშებსაც ახლა ვუყურებ, ტექნიკური თვალსაზრისით დღეს რეგრესია. ჩემ დროს ტექნიკას დიდი ყურადღება ექცეოდა. არა მარტო ფეხბურთში, მთლიანად თანამედროვე სპორტში ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება აქცენტი, რითაც თამაშის ხარისხი კლებულობს. ამაში მწვრთნელებს ვადანაშაულებ – იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდებს ტექნიკა განუვითარონ, ტრენაჟორების დარბაზში მიჰყავთ. ასევე, დღეს დიდი ყურადღება ექცევა დაცვას, მე კი ყოველთვის ჩემ აზრზე დავრჩები – საუკეთესო დაცვა, თავდამსხმაა.
- დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
- ორ მსოფლიო ჩემპიონატზე (1998 და 2002) არ წამიყვანეს, ასევე, გამომატოვებინეს 1996 წლის ოლიმპიადა. მიზეზი დღესაც არ ვიცი, გამოცანად რჩება. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ამ მხრივ შევცვლიდი რაღაცეებს.
- ბოლო 50 წელიწადში, რომელმა ფეხბურთელებმა დატოვვეს თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?
- პელე, დიეგო მარადონა, რონალდო, ზინედინ ზიდანი, მარკო ვან ბასტენი და მიქაელ ლაუდრუპი. ბევრს უკვირს, როცა ლაუდრუპს ვახსენებ, მაგრამ სწორედ ის გახლდათ ჩემი საუკეთესო პარტნიორი, ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია. ის ორივე ფეხით ფანტასტიკურად თამაშობდა და გენიალურ პასებს იძლეოდა. როგორც ფორვარდი, ლაუდრუპზე უკეთეს პარტნიორზე ვერც ვიოცნებებდი.
- თქვენს კარიერაზე, ყველაზე დიდი გავლენა ვინ მოახდინა?
- რეინალდოს თამაშების ყურებაში გავიზარდე. ბრწყინვალე თავდამსხმელი იყო, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო, საკადრისად ვერ წარმოაჩინა თავი ნაკრებში. რეინალდო შეტევებს მშვენივრად აგვირგვინებდა და კარგა ხანს ბრაზილიის ჩემპიონატში რეკორდსმენი გახლდათ გოლების მხრივ. რაც შეეხება კერპს, ეს მამაჩემი იყო, ედევაირი.
- სულ რამდენიმე კვირაა, რაც პოლიტიკაში წახვედით, ბრაზილიის ქვედა პალატის კონგრესის არჩევნები მოიგეთ. რატომ აირჩიეთ პოლიტიკა?
- მინდა, ხალხს დავეხმარო. უნდა გავცე ის სიხარული, რასაც მათგან ამდენი წლის განმავლობაში ვიღებდი. განსაკუთრებით დაინტერესებული ვარ ბავშვების დახმარებით, რომლებიც გაჭირვებულ ოჯახებში იზრდებიან (ცნობისთვის, რომარიოს ქალიშვილი დაუნის სინდრომითაა დაავადებული – რედ.) და სხვაგვარი მზრუნველობა სჭირდებათ. პოლიტიკაში ყველაფერი მარტივია: იქ მიდიან ადამიანები, რომლებსაც სხვების დახმარება შეუძლიათ და მეც ამას ვაპირებ.
ასეთია რომარიო დე სოუზა ფარია, რომელიც 1966 წლის 29 იანვარს დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში და ბრაზილიის ნაკრებში 70 მატჩში 55 გოლი აქვს გატანილი. მისი ყველა მიღწევის ჩამოთვლა კი, ძალიან შორს წაგვიყვანს.
ილია ნანობაშვილი









