მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდული კლუბების შანსი 50/50-ზეა. პორტუგალიელი თავდამსხმელი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ევროთასების ფინალში სამი გუნდის გასვლა, ესპანეთის ჩემპიონატის სიძლიერეზე მეტყველებს.
"ამ ფინალს დიდხანს ველოდით და მალე ერთმანეთის პირისპირ ორი დიდი კლუბი წარსდგება. ვიმედოვნებ, რომ შესანიშნავი საღამო იქნება და ჩვენ გავიმარჯვებთ, თუმცა ფინალში შანსები ყოველთვის 50/50-ზეა,” - განაცხადა რონალდუმ.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ესპანეთის ჩემპიონატის დონესაც გაუსვა ხაზი.
"დიეგო სიმეონეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს და მათზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. "ატლეტიკო" პრიმერას ცხრილის სათავეშია. ჩემპიონთა ლიგაზე ესპანური ფინალი გველოდება, ევროპის ლიგაზე "სევილიაც" ფინალში გავიდა და ეს პრიმერადივიზიონის სიძლიერეზე მეტყველებს. ვიცით, რომ ჩემპიონობა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, თუმცა ჩვენ წინ ლიგის ფინალი გველოდება.”
გიორგი ბალახაძე





