პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ, მშობლიური ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს მოიგებს თუ არა წლევანდელ “ოქროს ბურთს”.
მიუხედავად ამისა, მან დაამატა, რომ წარმატების დიდი იმედი აქვს და ეს მისი ერთ-ერთი მიზანია, მაგრამ უმთავრეს მნიშვნელობას მაინც გუნდურ წარმატებებს ანიჭებს. 27 წლის რონალდუმ “ოქროს ბურთის” გარდა ქვეყნის ეროვნულ გუნდში გატარებულ პერიოდზე და მომავლის იმედებზე ისაუბრა.
- თქვენ კიდევ ერთხელ მოხვდით “ოქროს ბურთის” მაძიებელთა ფინალურ სამეულში. როგორ ფიქრობთ, მადრიდის “რეალთან” ერთად ლა ლიგის მოგებისა და პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, შეძლებთ მეორედ ამ ჯილდოს მოპოვებას?
- ვერ ვიცხოვრებ ისე, რომ მხოლოდ პირად ჯილდოებზე ვიფიქრო. ეს უსამართლობა იქნება. ფეხბურთელის კარიერა არა პერსონალური ჯილდოებით, არამედ გუნდური მიღწევებით ფასდება. როდესაც “ოქროს ბურთის” მფლობელი გაირკვევა, შეიძლება გამიხარდეს, ან მოვიწყინო, მაგრამ ეს ცხოვრების კანონია. თუ დავმარცხდი, ამას მშვიდად მივიღებ და გავაგრძელებ ცხოვრებას, რადგან ისეთივე ადამიანად დავრჩები, როგორიც ახლა ვარ. არ ვიტყვი ტყუილს და ვაღიარებ, რომ გამარჯვება მინდა, ეს სწორედ ისაა, რისთვისაც ვიღწვი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი მთავრდება. თუმცა, არც წაგებით მთავრდება ცხოვრება. სამართლიანად თუ უსამართლოდ, მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს და ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება და ცხოვრების გაგრძელება.
- ერთნაირი შეგრძნება გაქვთ, როდესაც მადრიდის “რეალისთვის” თამაშობთ და როცა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მაისური გაცვიათ?
- აბსოლუტურად განსხვავებული შეგრძნებებია კლუბისა და ნაკრებისთვის თამაში. სიმართლე ისაა, რომ გამარჯვებისკენ სწრაფვა ორივე შემთხვევაში ერთნაირია, თუმცა, უფრო სენტიმენტალური ვარ, როდესაც ამას ქვეყნის სახელით ვაკეთებ.
- თქვენ უკვე ჩაატარეთ 100 მატჩი პორტუგალიის ნაკრების მაისურით. მხოლოდ ლუიშ ფიგუმ და ფერნანდო კოუტუმ შეძლეს ამ მაჩვენებლამდე მიღწევა...
- ნაკრებში ყოფნა უდიდესი მიღწევა, პრივილეგიაა და შემთხვევითობა სულაც არაა, ამ ისტორიულ ციფრს რომ ვუწიე. როგორც უკვე ახსენეთ, მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო აქამდე პორტუგალიის ნაკრების მაისურით 100 მატჩიანი ზღვარის გადალახვა, მაგრამ ჩემთვის ეს უნიკალური მიღწევაა, რადგან ჯერ მხოლოდ 27 წლის ვარ. გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი ვარ და ეს სიხარულითა და სიამაყით აღმავსებს. ვიმედოვნებ, რომ ნაკრების მაისურით კიდევ უფრო მეტ თამაშს ჩავატარებ და მაქსიმუმს გავიღებ, რათა პორტუგალიას მაქსიმალურად მაღალი შედეგის მიღწევაში დავეხმარო.
- მხედველობაში ალბათ ის გაქვთ, რომ გსურთ ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდეთ.
- ყველაფერი თავისთავად ხდება. უმთავრესი ისაა, რომ ჩემი ქვეყნისთვის, ნაკრებისთვის რაიმე ჯილდო მოვიპოვო, რადგან პერსონალური რეკორდეები მაინც განსხვავებულია. მათ მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ უმნიშვნელოვანესი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად რაიმეს მოგებაა. ეს ისაა, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში ვმუშაობდით და მიზნის მისაღწევად მხოლოდ მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვებაღა დაგვრჩა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიოს, ან ევროპის ჩემპიონატის მოგება შეუძლია?
- ვიცი, რომ ამის მიღწევა ძნელი იქნება. მიზნად რთული ამოცანა გვაქვს დასახული, თუმცა, უკვე ორ-სამჯერ ვიყავით მასთან ძალიან ახლოს. განვლილ ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან გამარჯვება ხელიდან ხომ მხოლოდ მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანებით გავუშვით ხელიდან? ტიტულის მოსაპოვებლად ცოტაოდენი გამართლებაცაა საჭირო, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში და სწორედ ის დაგვაკლდა უკანასკნელ წლებში.
- როგორ გაიხსენებთ თქვენს სანაკრებო დებიუტს? ეს 2003 წლის 20 აგვისტოს, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, როდესაც გუნდს სკოლარი ავარჯიშებდა.
- ძალიან ვნერვიულობდი, 16 ნომრიანი მაისური მეცვა. ვიჯექი სათადარიგოთა სკამზე და ვიმედოვნებდი, რომ ჩემი დებიუტი შედგებოდა, რაც მოხდა კიდეც. ჯერჯერობით ეს ჩემი საუკეთესო მოგონებაა, რომელიც ნაკრებთან მაკავშირებს.
- მოცემულ მომენტში, პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილს იკავებს ისრაელთან ერთად, მაგრამ ლიდერ რუსეთს ხუთი ქულით ჩამორჩება...
- ვიცით, რომ შეცდომის დაშვების, ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს და ვფიქრობ, ამ არცთუ სასიამოვნო პერიოდს, რომელსაც ახლა განვიცდით, მალე გადავლახავთ. გასულ წლებშიც არაერთხელ დაგვიძლევია სირთულეები შესარჩევი ეტაპის მსვლელობის დროს. ასე არა მხოლოდ ახლა, არამედ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ხდება და ვფიქრობ, მომავალშიც არაფერი შეიცვლება. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალი წელიწადი უკეთესი იქნება.
- რა არის გასაღები იმისა, რომ ეს გზა უფრო მარტივი იყოს?
- უმთავრესი გუნდის შედუღაბება, მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის გუნდური სულისკვეთების ამაღლებაა. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მობილიზება გვაკლია და ეს უნდა გამოვასწოროთ, რათა მსოფლიო პირველობისთვის უკეთ მოვემზადოთ.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









