მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ სრულად გამოჯანმრთელდა და ის ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშს განაგრძობს.
“სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, აგვისტოს ბოლოს, რონალდუს დასვენება გადაწყვიტა. იტალიელ სპეციალისტს მხარი პორტუგალიის ნაკრების დამრიგებელმაც აუბა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს სრულად გამოჯანმრთელების საშუალება მიეცა.
მის არყოფნაში “რეალმა” და პორტუგალიამ თითო თამაში გამართეს და ორივე მათგანმა წააგო. მადრიდული პრესა ვარაუდობდა, რომ რონალდუ ვერც ლა ლიგის მე-3 ტურში, “ატელტიკოს” წინააღმდეგ ითამაშებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, პორტუგალიელი ინდივიდუალური დატვირთვიდან სრული რეჟიმით ვარჯიშზე გადავიდა და ქალაქურ დერბიში მისი თამაშიც უფრო სარწმუნო გახდა.





