ინტერვიუები

19:27 | 9.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

როვნაგ აბდულაევი: “სტამბოლში გასამართ კონგრესზე ამ საკითხზე არ ვიმსჯელებთ”

გამოცემა azerifootball.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის ზედიზედ მეორედ არჩეულმა პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა უარყო, რომ 21 მარტს უეფას კონგრესზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის ერთობლივად ჩატარების საკითხს განიხილავენ. 

- მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ ერთად ჩაატარონ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი. თქვენი აზრით, ჩვენ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება რამდენად რეალურია?
- ამ საკითხს ვსწავლობთ. ამის შესახებ ინფორმაციას სრული შესწავლის შემდეგ წარმოვადგენთ. 
- მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას უეფას კონგრესზე მიიღებთ, რომელიც 21 მარტს სტამბოლში გაიმართება?
- სტამბოლში გასამართ კონგრესზე ამ საკითხზე არ ვიმსჯელებთ. იქ სულ სხვა საკითხებს განვიხილავთ. სინამდვილეში ეს წინადადება მე დავაყენე. ორივე ქვეყნის პრეზიდენტი მას ინტერესით შეხვდა. როგორც იცით, SOCAR Georgia საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობს. ქართულ ფეხბურთში საინტერესო მოვლენები ხდება. აზერბაიჯანს სურს, რომ ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიადას უმასპინძლოს. მანამდე, ჩვენ ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსთან სხვა შეჯიბრების ჩატარების შესაძლებლობას განვიხილავთ. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩატარება არარეალურია.  
- საქართველოში სუსტი ინფრასტრუქტურაა. არ შეიძლება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი თურქეთთან ერთად ჩავატაროთ?
- ჯერჯერობით, არის ვარიანტი, რომელიც ზაფხულის ოლიმპიადას უკავშირდება. 
“რა ქვეყანაა საქართველო, რომ მან ჩვენთან ერთად ევროპის ჩემპიონატი ჩაატაროს? რა, ჩვენ არ შეგვიძლია ამ ტურნირის ფინალურ ეტაპი თავად ჩავატაროთ?” – ასეთი რამ განუცხადა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ყაზბეგ ტუაევმა ინტერნეტ-გამოცემა apasport.az-ს. 
ტუაევის აზრით, აზერბაიჯანს ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად საქართველოს დახმარება არ სჭირდება: 
“რა თქმა უნდა, აზერბაიჯანს ევროპის ჩემპიონატის ჩატარება მარტო შეუძლია. ჩვენ ისეთი პრეზიდენტი გვყავს, როგორიც ილხამ ალიევია. ჩვენი პრეზიდენტი სხვა ქვეყნების სახელმწიფოების ხელმძღვანელებზე ძლიერია. ჩვენ დიდი ტურნირის ჩატარება ქართველების გარეშეც შეგვიძლია. ასეთ შემთხვევაში, მათთან ერთად ეს რატომ უნდა გავაკეთოთ? ჩვენთან შედარებით საქართველო სუსტი და ღარიბია. მათ უნდათ რომ “მოგვეწებონ”, ჩვენ კი, ეს არ გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიადა სხვების დახმარების გარეშე ჩავატაროთ. ამისთვის ყველა საშუალება გვაქვს. რაც მთავარია, ჭკუა და სიმდიდრე”. 
 
ლაშა თაბაგარი
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093746