ავტოსპორტი

11:27 | 15.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავის ავტოდრომზე, რბოლაში, ერთმანეთს ქართველი და რუსი პილოტები შეეჯიბრებიან

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი კვირას, 16 სექტემბერს, ავტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-5 ეტაპს, ოთხ კლასში - „ფორმულა ალფა“, „ლეგენდსი“, GT და მონო კლასი - უმასპინძლებს. რბოლაში, რომელიც 11:55 საათზე დაიწყება და კლასების მიხედვით, 17:10 საათამდე გასტანს, ერთმანეთს ქართველი და რუსი ავტომრბოლები დაუპირისპირდებიან.
რუსთავის ავტოდრომის მენეჯმენტის ცნობით, საგანგებოდ ამ ჩემპიონატისთვის საქართველოს ორი უძლიერესი რუსი მრბოლი - ოლეგ ჩებოტაროვი და ლევ ეფიმი ეწვივნენ, ხოლო საქართველოს მხრიდან შეჯიბრზე, სხვებთან ერთად, დავით ქაჯაია (მრბოლი, რომელიც ევროპის ლეგენდსის თასის გათამაშებაში ლიდერობს), მევლუდ მელაძე და შოთა აფხაზავა იასპარეზებენ.
„რუსი სტუმრები რუსეთის „ლეგენდსის“ თასის ლიდერები არიან. მათგან ერთ-ერთს, ოლეგ ჩებოტაროვს უკვე აქვს საქართველოში რბოლის გამოცდილება, ხოლო ლევ ეფიმი ჩვენს ქვეყანაში პირველად იასპარეზებს. ორივე მათგანი რუსეთის ჩემპიონატებზე ლიდერის პოზიციებს ფლობენ და ძლიერ მეტოქეებს წარმოადგენენ. რაც შეეხება ქართულ მხარეს, იასპარეზებენ 2012 წლის ლეგენდსის ევროპის თასის ლიდერი, დავით ქაჯაია, რუსთავის ავტოდრომის მფლობელი და გამოცდილი მრბოლი, შოთა აფხაზავა და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, მევლუდ მელაძე. ყოველივე ეს იმედს გვაძლევს, რომ კვირას ავტოდრომზე მოსულ მაყურებელს საინტერესო და დაძაბული სანახაობა ელის. ბილეთის ფასი სულ 5 ლარია და შესაბამისად, ავტოსპორტის უამრავ გულშემატკივარს ველით“, -აცხადებს რუსთავის ავტოდრომის მარკეტინგის დირექტორი, მანუჩარ ჭაფოძე.
საქართველო ამიერკავკასიის ერადერთი ქვეყანაა, რომელსაც „ფორმულას“ კლასის ნაციონალური ჩემპიონატი გააჩნია. ამასთან, საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვშიც შედის, რომლებშიც „ლეგენდსის“ საერთაშორისო კლასის ჩემპიონატები იმართება. ასეთები კი არიან: აშშ, საფრანგეთი, ბელგია, მაროკო, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი.
„ჩვენ ყველა პირობა გაგვაჩნია, რათა საქართველოში სარბოლო ჩემპიონატები უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ. რაც მთავარია, აქტიურად ვემზადებით ნოემბრის ბოლოსთვის, როდესაც დიდ საერთაშორისო ეტაპს ვუმასპინძლებთ“, - აცხადებს მანუჩარ ჭაფოძე.
რუსთავის ავტოდრომის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დასრულდა და მასში, მფლობელის, შოთა აფხაზავას მიერ განხორციელებულმა კერძო ინვესტიციამ 20 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „რუსთავის სართაშორისო ავტოდრომი“ ამიერკავკასიის ერთადერთ პროფესიონალური ავტოდრომია, რომელიც FIA (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის) მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული, ეს კი, შესაძლებელს ხდის ჩატარდეს მსოფლიოს ჩემპიონატები ავტორბოლის ყველა სახეობაში, გარდა „ფორმულა 1“-სა.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090902