რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კვირას, 4 ნოემბერს, 13.00 საათზე, გრანდიოზული შეჯიბრი "Rustavi International Challenge“ გაიმართება. ამჯერად, ავტოდრომი დაძაბულ შეჯიბრში ქართველ მრბოლელებთან ერთად, უცხოელ სტუმრებსაც უმასპინძლებს.
ავტოდრომის მენეჯმენტის ინფორმაციით, "Rustavi International Challenge" საავტომობილო სპორტში წლის ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია და იგი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე პირველად ჩატარდება. წრიული რბოლა სამ კლასში: „ფორმულა ალფა“-ში, „ლეგენდს“-ში და „GT Unlimited“-ში გაიმართება. ასპარეზობაში, ქართველ მრბოლელებთან ერთად, 13 უცხოელი პროფესიონალი ავტომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას.
რუსთავის ავტოდრომზე მაყურებელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა მთელ ტრეკზე მიმდინარე რბოლა ახლადდამონტაჟებულ 20 კვადრატული მეტრის ფართობის გრანდიოზულ მონიტორზე იხილოს. ტრეკზე დამონტაჟებული 28 კამერის საშუალებით კი, მაყურებელი გრანდიოზულ მონიტორზე იხილავს რბოლის ყველაზე საინტერესო და დაძაბულ მომენტებს.
„Rustavi International Challenge"-ში მონაწილეობაზე ორჯერ მეტი განაცხადი გაკეთდა ვიდრე მოველოდით. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მასშტაბური შეჯიბრია საავტომობილო სპორტის სფეროში და წლევანდელი წლიდან მას ჩვენ ტრადიციულ სახეს მივანიჭებთ. ამჯერად, შეჯიბრში სულ 44 მრბოლელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 13 უცხოელი. მოხარული ვართ, რომ უკვე გვაქვს შესაძლებლობა მაყურებელს რბოლა გრანდიოზულ მონიტორზე შევთავაზოთ. ეს საშუალებას იძლევა ყურადღების ცენტრში იყოს რბოლის ყველაზე მწვავე მომენტები, რომლებიც აქამდე ტრეკის შორეულ წერტილებში მაყურებლისთვის ძნელად აღსაქმელი იყო“, - აცხადებს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის დირექტორი, მევლუდ მელაძე.
შეჯიბრის გადაღება, პირველად საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში, ჰაერიდან, პარაპლანის საშუალებთ განხორციელდება. ამასთან, ავტოდრომის დირექცია ჟურნალისტებსა და ოპერატორებს საშუალებას მისცემს პარაპლანიდან გადაღებული კადრები გამოიყენონ.
„ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით რუსთავის საერთოშორისო ავტოდრომის შესაძლებლობებით და ეს შეჯიბრში მონაწილეობის მსურველთა სიმრავლით კიდევ ერთხელ დადასტურდა. სეზონის დახურვასთან დაკავშირებით, ასეთი მასშტაბური რბოლის მოწყობა, როგორც „Rustavi International Challenge"-ია მართლაც სერიოზული განაცხადია. საქართველოს უმაღლესი კლასის მრბოლელები ჰყავს, რაშიც შეჯიბრში მონაწილე უცხოელი პილოტები თავად დარწმუნდებიან“, - აცხადებს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელი, გამოცდილი მრბოლელი შოთა აფხაზავა.
უცხოელი მრბოლელების განცხადებით, რუსთავის ავტოდრომს მართლაც გააჩნია რესურსები, რათა თითოეულმა სპორტსმენმა საკუთარი ძალები ახლებურად მოსინჯოს.







