რვაფეხა (Octopus vulgaris), რბილტანიანთა ტიპის თავფეხიანი მოლუსკი. გავრცელებულია ოკეანათა და ზღვების ტროპიკულ, სუბტროპიკულსა და ზომიერ სარტყლებში. ჩრდილოეთით ვრცელდება შოტლანდიის სანაპიროებამდე, ხოლო სამხრეთით - ავსტრალიამდე. თავზე აქვს 8 გრძელი „ხელი“ (წარსულში „ხელი“ ფეხად იყო მიჩნეული და აქედან წარმოდგა ცხოველის სახელწოდება) თავისი მისაწოვრებით. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით, თვითონ რვაფეხას ჭამენ ზღვის ძუძუმწოვრები, ზოგიერთი ფრინველი და თევზი. რვაფეხა განსხვავებულსქესიანია. განაყოფიერება შინაგანია. ზოგ ქვეყანაში მას საკვებად იყენებენ.
აქამდე, ზოგადად, მხოლოდ ეს ვიცოდით ამ არსების შესახებ, თუმცა, მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ, რვაფეხა, ალბათ, საკულტო არსებად იქცევა. ვინ იფიქრებდა რომ, 21-ე საუკუნეში, როდესაც მრავალი ცრურწმენა დაძლეულია და ადამიანები სხვა პლანეტების ათვისებისაკენ ისწრაფვიან, მოხდებოდა ისე, რომ მთელს პლანეტაზე დიდიცა და პატარაც ისაუბრებდა იმაზე, რომ არსებობს უნიკალური – წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოვებული რვაფეხა, რომელსაც კონკრეტულ მატჩებში გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა შეუძლია. არადა, ამ ლეგენდარულ რვაფეხაზე დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში ლაპარაკობენ და წარმოიშვა იდეა, რომ პროგნოზირების ნიჭი არამხოლოდ იმ ერთს, განუმეორებელსა და კონკრეტულს, არამედ ზოგადად რვაფეხებს ჰქონიათ. შესაბამისად, არც ისე შორია დრო, როდესაც ლონდონში, “უილიამ ჰილის” ცნობილ საბუკმეიკერო კანტორაში დიდ აკვარიუმს დადგამენ, სადაც ამ ცხოვრებით გალაღებული რვაფეხა იქნება გაშოტილი და მხოლოდ მასზე იქნება “დამოკიდებული” ”ევერტონი” მოიგებს თუ “არსენალი” და ფერნანდო ალონსო წამის რამდენი მეასედით დაჯაბნის ჯეისონ ბატონს.
ეს “რვაფეხომანია” განსაკუთრებით აქტუალური მაშინ გახდა, როდესაც ჩვენთვის კარგად ცნობილმა რვაფეხამ ესპანეთის ნაკრები ფინალში, პრაქტიკულად, “საკუთარი ძალ-ღონით გაიყვანა”. ალბათ, ერთხელ მაინც ნახავდით კადრებს, თუ როგორ “იცნობს” გამარჯვებულს ეს რვაფეხა, მას აკვარიუმში ჩაუდებენ ორ ყუთს, რომლებზეც იმ დღეს მეტოქე გუნდების დროშებია დახატული. ჰოდა, რვაფეხა რომელ ყუთშიც ჩაჯდება, გამარჯვებულიც ის არის! მან რამდენჯერმე უკვე მოიკალათა ესპანეთისდროშიან ყუთში და ხალხსაც მეტი რაღა უნდოდა? ალბათ, მექაში არ მიდის იმდენი არაბი მომლოცველი, რამდენი ადამიანიც ამ რვაფეხის სანახავად დაიძრა. არის ეს რვაფეხა თავისთვის კოხტად. კაის ჭამს, კაის სვამს და არის რა... ალბათ, კიდეც უკვირს, ამდენი ხალხი თავს რატომ მახვევიაო, მაგრამ რას იზამს? ვინ დაუტოვა არჩევანი, თორემ “ამდენ დაფასებას” ბარემ ლა-მანშის სრუტეში სხმარტალი ურჩევნია...
ყველაზე მეტად, მე ის მიკვირს, ლეგენდარულ რვაფეხაზე შეყვარებულ ადამიანებს რატომ არ უჩნდებათ ერთი მარტივი კითხვა: კარგი, გასაგებია, რომ რვაფეხა სულ ესპანეთისდროშიან ყუთში ჯდება, მაგრამ ამის მიზეზი შამანობა, მჩხიბავობა და ხვანცალი კი არ არის, ეგებ უბრალოდ მოსწონს ესპანეთის დროშის ფერები და გულიც იმიტომ მიუწევს მისკენ. ხომ გყოლიათ ძაღლი, რომელსაც მაინცა და მაინც ლურჯი ფლოსტების დაღრნა ჰყვარებია, ანდა ხომ გინახავთ კატა, რომელსაც ერთი ხე აქვს ამოჩემებული და იქ იძინებს?! რა არის გასაკვირი იმაში, რომ იმ საცოდავ რბილტანიანთა ტიპის თავფეხიან მოლუსკსაც ვიზუალურად მოსწონს ესპანეთის დროშა და სწორედ ამიტომ “ესიყვარულება”.
და განა მხოლოდ ცხოველებმა იციან რაიმე ნივთის ან ადგილის ამოჩემება. ჩვენც ხომ გვაქვს ჩვენი პატარ-პატარა ამოჩემებები?Yთუნდაც ბავშვებს... აი მაგალითად, ჩემს ერთი წლის შვილს ყველა სათამაშოს, გაგიკვირდებათ და, უთო ურჩევნია. ჰო, ჩვეულებრივი უთო, ტანსაცმელზე რომ უნდა გაუსვ-გამოუსვა ის... უნდა ნახოთ როგორი ბედნიერია, როდესაც ამ უთოს ელექტროსადენს კბილებით ხრავს და ზედაპირზე ხელს გამეტებით უტყაპუნებს...
ამასობაში კი, იმ ჩვენი რვაფეხას პოპულარობა დღითიდღე იზრდება. როგორც ერთ-ერთი გერმანული გაზეთი წერს, გერმანელ მილიონერს, ვინმე ბერნდ გინდერმანს, ლეგენდარული რვაფეხის შეძენის სურვილიც კი გამოუთქვამს და 50 ათასი ევროს გადახდაზეც ყაბულსაა. პრაგმატისტი გერმანელი რომ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ქართველების რა უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ ხომ მცირე იმედიც კი წლები გვყოფნის. მით უმეტეს, თუკი ამ “იმედს” 8 ფეხი (უკაცრავად, ხელი) აქვს და შეუძლია ფულის მოგებაში დაგვეხმაროს...
ლევან სეფისკვერაძე
http://www.youtube.com/watch?v=qX42eOmLRSE&feature=related







