ფეხბურთი

18:22 | 15.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” ესპანურ ცხოვრებას იწყებს და ევროპისკენ იხედება

საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს”, რომელიც საქართველოში ყველაზე დახვეწილი და ორგანიზებული აკადემიაა, დიდი მიზნები აქვს. კლუბის ხელმძღვანელთა თქმით, მიზანი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მომარაგება და ევროპულ კლუბებში ფეხბურთელების დამკვიდრებაა. გარდა ამისა, მალე, “საბურთალოს” გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, ამ მიზნის მისაღწევად, საბურთალოელებმა ესპანური “მალაგას” აკადემიის მთავარი მწვრთნელი ანდრეა კარასკო ჩამოიყვანეს. ესპანელი სპეციალისტი “საბურთალოს” ასაკობრივ გუნდებს უხელმძღვანელებს. კარასკო თბილისში 12 მარტს ჩამოფრინდა და ჩვენს დედაქალაქში ერთი კვირით დარჩება. ესპანელი “საბურთალოს” შიდა სამზარეულოს უკვე გაეცნო და მწვრთნელებს ლექცია-სემინარებიც ჩაუტარა.

“ბენდელას” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ და თავად ანდრეა კარასკომ.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “სხვადასხვა გამოკითხვებით, “საბურთალოს” საფეხბურთო სკოლა საქართველოში საუკეთესოა. ჩვენთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისთვის ფეხბურთელების მიწოდება და ჩვენი აღზრდილების ევროპულ კლუბებში გაშვება. ამისათვის, საქართველოში მოვიწვიეთ კარასკო, რომელიც ესპანეთის ბავშვთა ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ის დაგვეხმარება იმაში, რომ ევროპული ფეხბურთის დონეს მივაღწიოთ. კარგი იქნება, თუ სხვა ქართული კლუბებიც მოგვბაძავენ”.

კახა ჭუმბურიძე: “ამ ეტაპზე, საფუძველი უკვე შექმნილია. გაუმჯობესებისა და წინსვლისთვის, მოვიწვიეთ კარასკო. მას “ბარსელონაში” 13 წელი უმუშავია და დიდი გამოცდილება აქვს. მის ხელში, არაერთმა ვარსკვლავმა გაიარა. კარასკოს ჩამოსვლა “საბურთალოსა” და ზოგადად ქართულ ფეხბურთს დიდად წაადგება. მას “საბურთალოს” მწვრთნელებთან საუბრები უკვე ჰქონდა. ვგეგმავთ შევქმნათ გუნდი, რომელიც პირველ ლიგაში იასპარეზებს. ამისათვის უკვე მზად ვართ”.

ანდრეას კარასკო: “დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ განვითარებულიყო “საბურთალო”. ეს ადამიანები ესპანეთში იყვნენ ჩამოსულნი, რათა აკადემიის გაუმჯობესების გზები ენახათ. შეუძლებელია, ჩვენმა თანამშრომლობამ უარყოფითი შედეგი გამოიღოს. ხეჩიკაშვილმა და ჭუმბურიძემ კარგი წინადადებით მომმართეს, ასე რომ, ბევრი არ მიფიქრია. იციან, რომ “მალაგაში” ვმუშაობ, მაგრამ ისიც კარგად მოეხსენებათ, თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს ქართველების მიმართ. აქაურობას კარგად გავეცანი და გეგმებიც დავსახე. მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა”.

ხეჩიკაშვილის თქმით, კარასკო “საბურთალოში” ივნისიდან ოფიციალურად იმუშავებს, იქამდე კი, ისევ “მალაგაში” დაბრუნდება. ესპანელი სპეციალისტი საბურთალოელებთან, სულ ცოტა, 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ კარასკო საქართველოში წელიწადის განმავლობაში მუშაობდა და თბილისის “დინამოს” აკადემიის ხელმძღვანელი გახლდათ. ამგვარად, მისთვის საქართველო ნაცნობია და მუშაობა არ გაუჭირდება. თანაც, როგორც ირკვევა, ესპანელს “საბურთალოს” აღსაზრდელებთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, რადგან ბავშვების 80%-მა ინგლისური ენა იცის, რამდენიმე მათგანმა კი, ბევრისდა გასაოცრად, კარასკოსთან ესპანურ ენაზეც ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ “საბურთალოს” ყველა ასაკობრივი გუნდი შეკრებას ევროპაში გაივლის. ამგვარად, სამომავლოდ, აკადემიის აღზრდილებს ევროპაში თამაში არ გაუჭირდებათ, რადგან ადაპტაცია უკვე გავლილი ექნებათ. ახლახანს, “საბურთალოს” სკოლის 1997 წელს დაბადებული ფეხბურთელები თურქეთში იმყოფებოდნენ შეკრებაზე.

საგულისხმოა, რომ საბურთალოელები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ევროპული ფეხბურთის საკმაოდ ცნობილ კლუბებთან. მოგეხსენებათ, “საბურთალოს” ფეხბურთელები – ბექა ქურდაძე და ირაკლი ბიძინაშვილი უკვე იმყოფებოდნენ “მალაგაში” სტაჟირებაზე.

სასიამოვნოა, რომ საქართველო წელიწადში, სულ ცოტა, ერთ ევროპულ ტურნირს მაინც უმასპინძლებს, სადაც ცნობილი კლუბების ასაკობრივი გუნდები იასპარეზებენ. საბურთალოელები ამხანაგურად გაეჯიბრებიან იტალიურ, ჰოლანდიურ, ესპანურ და გერმანულ კლუბებს. გარდა ამისა, საუბარია რუსულ და უკრაინულ კლუბებზეც. ჯერჯერობით, “საბურთალოს” ხელმძღვანელობა კლუბების გამხელისგან თავს იკავებს, თუმცა, საქმე ისე მიდის, რომ სულ მალე, მათი ვინაობაც ცნობილი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093796