ჭადრაკი

15:24 | 12.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო აკადემიაში მორიგი სესია მიმდინარეობს

გრძელდება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საჭადრაკო აკადემიის სესიები. აკადემიის მესამე სესიაზე მიწვეულები არიან: 2013 წლის საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

მონაწილე მოჭადრაკეები: მერი არაბიძე, ირაკლი ბერაძე, სანდრო ებრალიძე, გიორგი სიბაშვილი, ნიკა ღვამბერია, გიორგი თავზარაშვილი, გიგი აბსარიძე, ანა კუჭავა, ნანი უნაფქოშვილი, ნატო იმნაძე, ნინო ხომერიკი, მარიამ ჭოლაძე, ნინო ჯალაღონია, თეა ჭოლაძე.

სესიაზე მიწვეული ქუმსაიშვილი ნიკოლოზის ნაცვლად, რომელმაც ვერ მოახერხა მონაწილეობის მიღება, აკადემიაში ჩაერთო ნოე თუთისანი.

აკადემიაში საჭადრაკო მომზადების გარდა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა: დისციპლინას, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ მომზადებასა და კვებას.

აკადემიაში საჭადრაკო სწავლებას ბავშვთა და ახალგაზრდული კომისიის თავმჯდომარე და მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი – ხვიჩა სუპატაშვილი ხელმძღვანელობს.

სადებიუტო თეორიის შესწავლასთან ერთად, პერიოდულად მიმდინარეობს საჭადრაკო ეტიუდებისა და ამოცანების ამოხსნა, ბლიც-პარტიები.

აკადემიას მოგვიანებით შეუერთდა მერი არაბიძე, რომელმაც რამდენიმე დღის უკან წარმატებულად დაასრულა ბელგრადში მიმდინარე ევროპის ქალთა XIV  ჩემპიონატი, სადაც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა! მან მამაკაცთა საერთაშორისო ოსტატის ნორმატივი მეორედ შეასრულა და საერთაშორისო რეიტინგს 47 პუნქტი შემატა. მერი ერთ-ერთი მოჭადრაკეა, რომელიც აკადემიის ყველა სესიის მონაწილეა, რამაც მის საჭადრაკო წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა.

ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში და თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის ბაზაზე, პარალელურად მიმდინარეობს 8, 10 და 12 წლამდე საქართველოს ჩემპიონატებზე I-II  ადგილებზე გასული მოჭადრაკეების მომზადება.

თბილისში ემზადებიან ლევან დოლბაშვილი, დავით სიბაშვილი, თამარ ტასოშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა, ნიკოლოზ კევლიშვილი, ნიკოლოზ პეტრიაშვილი, მათე თოდაშვილი, სალომე სანიკიძე, სალომე ბეიტრიშვილი, ეკატერინე ფიფია და კოკა ბუკია, რომლებთანაც მუშაობენ მწვრთნელები: საერთაშორისო დიდოსტატი – კონსტანტინე შანავა და ლევან ბახტაძე. 

ქუთაისში იმყოფებიან ელენე კოსტავა, ლილე ქორიძე, თამარ ესაძე, აკაკი ღაჭავა, დიანა ლომაია, ლილე გუმბერიძე და გიორგი ლომინაძე, რომლებთანაც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გია მენაბდე მუშაობს.

მოჭადრაკეების მზადებას დაესწრო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი – გია გიორგაძე. იგი იმ მოჭადრაკეებს ესაუბრა, რომლებმაც ბოლო შეჯიბრებებზე: სომხეთში, მოსკოვში, ჩინეთში, ყაზანში და ბელგრადში მიიღეს მონაწილეობა, მოისმინა მათი შეფასებები, რის შემდეგაც შეკრებილებს რჩევა-დარიგებები მისცა საკუთარი გამოცდილებიდან, როგორც საჭადრაკო თეორიული, ასევე საერთო პროფესიონალური თვალსაზრისითაც.

საჭადრაკო აკადემიის მეოთხე სესია შემოდგომაზე მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ გაიმართება, რაც ჩვენს მოჭადრაკეებს კიდევ ერთხელ დაეხმარება ჩემპიონატისათვის კარგად მომზადებაში.

ქუთაისის პარკ ჰოტელ “იმერში“ საუკეთესო პირობებია შექმნილი საჭადრაკო და ფიზიკური მომზადებისა და დასვენებისთვის. აკადემიას ადგილზე ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი – ალექსანდრე არსენიძე.

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.145799