ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გულის მოსაგებად და 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დასაბრუნებლად კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე გადავიდა. ბოლო დღეებში ფილას წევრი ქვეყნების ჭიდაობის ფედერაციების ხელმძღვანელები მოსკოვში შეიკრიბნენ და მთელი რიგი სიახლეები დაამტკიცეს – შეცვალეს შიდა კონსტიტუცია, აირჩიეს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი და რაც მთავარია, კარდინალურად შეცვალეს წესები.
კონგრესს წინ ფილას ექსპრეზიდენტ რაფაელ მარტინეტის სკანდალური განცხადება უძღვოდა. ამ უკანასკნელმა იმდენი მოახერხა, საარბიტრაჟო სასამართლოს დახმარებით ფილას ბიუროს წევრის სტატუსი აღიდგინა, შემდეგ კი ბიუროს სხვა წევრებს კონგრესის დანიშვნის გადაწყვეტილება დაუწუნა და ერთობ უცნაური იდეითაც მიმართა - აქაოდა, თუ ოლიმპიურ პროგრამაში დაბრუნების პრეტენზია გვაქვს, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობები გავაერთიანოთო.
მარტინეტი საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებაზეც ფიქრობდა და წინასწარი ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობასაც გეგმავდა, მაგრამ საბოლოოდ გადაიფიქრა და პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა, სერბმა ნენად ლალოვიჩმა, რომელიც ბოლო თვეებში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ამჯერად პირველკაცობა გაიოფიციალურა - ხმა სულ 132-მა დელეგატმა მისცა. ამათგან 125-მა ლალოვიჩს სრული ნდობა გამოუცხადა, 7-მა კი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.
“დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ჭიდაობას უმნიშვნელოვანესი პერიოდი უდგას და ასეთ დროს ამხელა ნდობის გამოცხადება ჩემთვის უდიდესი პატივია. ვეცდები, თქვენთან ერთად მაქსიმალურად ვიზრუნო ამ სახეობის წინსვლისთვის” – განაცხადა ნენად ლალოვიჩმა და კონგრესის წევრებს იმ სიახლეების მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომლებიც ყველამ ერთად დაამტკიცა, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრე.
წესები ბოლოსთვის მოვიტოვოთ. იქამდე გეტყვით, რომ ხმის უფლების მქონე დელეგატებმა საჭიდაო კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი ჩაასწორეს. მიზეზად კი საერთაშორისო ფედერაციის მუშაობის არათანამედროვე და ნაკლებად გამჭვირვალე სისტემა დაასახელეს.
“მივიღეთ მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჭიდაობას აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება. სახეობა მეტად სანახაობრივი გახდება. შესაბამისად, მაყურებელსაც უფრო ადვილად მოვიზიდავთ, ჭიდაობის გეოგრაფიაც გაიზრდება და ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოღების საფრთხეც აღარ დაგვემუქრება. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და იმედია, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჭიდაობის მოყვარულებს სურთ” – დასძინა ლალოვიჩმა.
ფილასგან სოკ-ისთვის გაგზავნილ სიახლეებით დახუნძლულ ოფიციალურ წერილში შეტანილი ერთი სავარაუდო სიახლის დეტალები უკვე ცნობილია. თუ ჭიდაობა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში იქნება, მაშინ ქალთა, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ სტილებში ექვს-ექვს წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები და სამივე სტილის თითოეულ წონით კატეგორიაში მონაწილეთა რაოდენობა ოდნავ შემცირდება. შეგახსენებთ, ლონდონის ოლიმპიადაზე ქალებში მედლების 4 კომპლექტი გათამაშდა, ხოლო ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის – 7-7. აქედანვე დაზუსტებულია, რომ რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც ასევე იქნება.
დაბოლოს კონგრესის წევრების მიერ დამტკიცდა ახალი წესები, რომლებიც ძალაში დღეიდან შევიდა და უახლოეს ტურნირებზევე ამოქმედდება. ოღონდ იქამდე ფილა ყველა წევრის ფედერაციას დეტალურად აუწყებს თითოეული ცვლილების შესახებ. ამჯერად მხოლოდ იმ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომლებიც საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს.
ახალი წესების თანახმად, თითოეული შეხვედრა სამწუთიანი ორი პერიოდისგან შედგება, რომლებს შორისაც სპორტსმენებს დასასვენებლად 30 წამი მიეცემათ. გაუქმებულია ოვერტაიმი და კლინჩი. ასევე აღარ არსებობს მეტოქის ხალიჩიდან გაყვანის გამო ქულის მიღებისა და ბურთულის ამოღების წესი. თუკი პერიოდის პირველი ორი წუთი ისე ჩაივლის, რომ ქულის აღებას ვერც ერთი მოჭიდავე შეძლებს, მაშინ მსაჯები შეთანხმდებიან, რომელი სპორტსმენი იყო დროის ამ მონაკვეთში მეტად პასიური და მას ილეთის გასაკეთებლად 30 წამს მისცემენ. თუ ვერ გამოიყენებს, მაშინ ქულას მეტოქე მიიღებს და ანგარიშში ჩამორჩენილ მოჭიდავეს პერიოდის გადასარჩენად ნახევარი წუთი კიდევ ექნება.
თუკი აქამდე წინასწარი ეტაპის შეხვედრები 13.00 საათიდან იწყებოდა და მოჭიდავეებს ლამის ერთი ამოსუნთქვით უწევდათ რამდენიმე ბრძოლის ჩატარება, ახალი წესების თანახმად წინასწარი ეტაპის დაწყების დროდ დილის 10.00 საათი დამტკიცდა. შესაბამისად, სპორტსმენებს შედარებით მეტი დრო ექნებათ შეხვედრიდან შეხვედრამდე დასასვენებლად.
დარჩა მთელი რიგი პრობლემატური საკითხები, რომლებზეც კონგრესის წევრები ამჯერად ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ნენად ლალოვიჩის განცხადებით, ცვლილებები აუცილებლად გაგრძელდება და ჭიდაობის საერთო სახე ტურნირიდან ტურნირამდე დაიხვეწება. გადაუწყვეტელ საკითხთა შორის რჩება წილისყრის ჩატარების სისტემა. რატომღაც ვერ გაიმარჯვა აზრმა, რომლის თანახმადაც კენჭისყრის ჩატარებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ საერთაშორისო რეიტინგი. განთესვის სისტემის შემოღება მთავარი ფავორიტების საწყის ეტაპზევე ერთმანეთთან დაპირისპირებას გამორიცხავს, რაც ზოგადად ყველა დელეგატისთვის მისაღები სიახლე უნდა იყოს. მხარეები იმაზე ვერ შეთანხმდნენ, ორი საუკეთესო უნდა განთესონ თუ ოთხი. სავარაუდოდ ამ საკითხს უახლოეს მომავალში დაესმება წერტილი და მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელსაც 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტმა უნდა უმასპინძლოს, ახალ წესებთან ერთად განთესვის სისტემაც გაალამაზებს.







