გულშემატკივრის სვეტი

10:53 | 7.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

საჭიროა თუ არა სკოლაში ფიზკულტურის სწავლება?

საქართველოს სკოლებში ფიზკულტურის (სპორტული აღზრდის), როგორც სასწავლო საგნის პოპულარიზაციაზე, ბოლო დროს მხოლოდ ვიწრო წრეებში თუ საუბრობენ. თუმცა, ეს საკითხი თავის გამოსვლაში რამდენჯერმე საქართველოს პრეზიდენტმაც კი ახსენა. ახლადგახსნილი, ან გარემონტებული სკოლების ხელმძღვანელები მუდამ თავს იწონებენ მაღალი დონის სპორტული დარბაზებითა და მოედნებით, მაგრამ თვალნათელია, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქართული სკოლების დიდ უმრავლესობაში ფიზკულტურა, როგორც საგანი, უბრალოდ, უგულველყოფილია და ხშირად მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლებიც ალმაცერად უყურებენ ამ საგანს. ბოლო პერიოდში ხშირად მიწევდა სკოლებში სიარული და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ის ზოგადი მდგომარეობა, რაც ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მხოლოდ რამდენიმე სკოლის ენთუზიაზისტი დირექტირი, ან ფიზკულტურის მასწავლებელი თუ ჯახირობს რამეს. ეს “ჯახირიც”, ძირითადად, მცირემასშტაბიანი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში და სხვადასხვა სახეობებში მინი-ტურნირების მოწყობაში გამოიხატება. დანარჩენ სკოლებს კი ისე ტკბილად და უშფოთველად “სძინავთ”, რომ ფიზკულტურა რომ უხსენო, შეიძლება სიცილადაც არ ეყოთ - “რა დროს ფიზკულტურაა, როდესაც ქიმიის ლაბორატორიისთვის კოლბები ვერ გვიყიდიაო”. მაშინ, საერთოდ გავაუქმოთ საგანი, რომელიც მხოლოდ ფურცელზე არსებობს და ოდენ, სიმბოლურ-თავმომწონებითი მნიშვნელობა აქვს! აქაოდა, ჩვენც ხალხი ვართ და ჩვენც პატივს ვცემთ სპორტსო... ნამეტანი პატივისცემაა...
 როგორც დასაწყისში ვახსენე, საქართველოს ბევრ სკოლაში გარემონტდა, ან თავიდან აშენდა სპორტული დარბაზები და მოედნები. რა თქმა უნდა, ეს ყველა სკოლას არ შეხებია, მაგრამ ძირითადად, ვერ ვიტყვით, რომ ამ მხრივ წინსვლა არ არის, თუმცა საინტერესოა, ამ გარემონტებულ დარბაზებში როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი და ვინ არიან ფიზკულტურის საგნის პედაგოგები.
 სწავლის პროცესთან დაკავშირებით დარწმუნებით შემიძლია გითხართ, რომ სკოლების დიდ ნაწილში, ფიზკულტურა, ან საერთოდ ცდება, ანდა, მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს. ერთ-ერთ თბილისურ საშუალო სკოლაში თავად გავხდი მოწმე, სპორტულ დარბაზში გაშლილი სუფრისა, რომლის თავშიც ფიზკულტურის მასწავლებელი იჯდა, აქეთ-იქიდან კი, უფროსკლასელი ბიჭები შემოესხა და სწორედ იმ დროს შევაწყვეტინე “სწავლის პროცესი”, როდესაც პაპა-ბებიის სადღეგრძელოზე ფეხზე უნდა წამომდგარიყვნენ. სხვა სკოლის ეზოში, უფრო საინტერესო რამე ვნახე. კალათბურთის თამაშის დროს, ერთ-ერთი მოსწავლე ბიჭი დაიღალა, ხელი ჩაიქნია, ზლაზვნით მივიდა იქვე დადგმულ ძელსკამთან, იქ მჯდომ მასწავლებელს გვერდით მიუჯდა და დინჯად გააბოლა სიგარეტი. ფიზკულტურის პედაგოგები ცალკე თემაა და ცალკე უნდა დაიწეროს მათზე. რა თქმა უნდა, ყველას ეს არ ეხება, მაგრამ ბევრ სკოლაში ფიზკულტურას ასწავლიან ადამიანები, რომლებსაც სპორტთან ისეთივე შეხება აქვთ, როგორც ცხვარს კიბერნეტიკასთან. შიდა ქართლის ერთ სკოლაში ფიზკულტურას ასწავლის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ვლადიკავკაზის ბაზარში ვაშლს ყიდდა. შემდეგ ვლადიკავკაზის გზა გადაეკეტა და რაკი სკოლის დირექტორი მისი ძველი მეგობარი იყო, უპრობლემოდ დასაქმდა სკოლაში. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია.
 რაკი შიდა ქართლი ვახსენე, ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვა, რომ ხშირად, ფიზკულტურას რეგიონებში უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე თბილისში. ამის მიზეზი ორი რამ შეიძლება იყოს: 1. რეგიონებში, თბილისის მსგავსად, ხშირად არ ხდება სკოლებში პედაგოგების ცვლა და ძველმა პედაგოგებმა, ელემენტალურად, დილის გამამხნევებელი ვარჯიშების ჩატარება მაინც იციან. 2. უფროსკლასელებს თბილისში, როგორც წესი, გამოცდებისათვის ამზადებენ და მშობლებს სხვადასხვა საგნის მასწავლებელთან დამატებითი განათლებისათვის დაჰყავთ, რის გამოც, ბავშვები ფიზკულტურას (როგორც არაპოპულარულ და მივიწყებულ საგანს) დროს არ და ვერ უთმობენ. მაშინ როდესაც, რეგიონებში ბავშვებს დროც მეტი აქვთ და სავარაუდოდ, სპორტისადმი ინტერესიც...
 მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ეშველოს სასკოლო სპორტული განათლებისა და აღზრდის საქმეს. არიან ადამიანები, რომელებიც ფიზკულტურის, როგორც საგნის, საერთოდ გაუქმებას ემხრობიან. ყველას თავის მისაღებ-მიუღებელი არგუმენტები აქვთ, მაგრამ პირადად მე, არ მახსოვს შემთხვევა, ეს თემა საჯარო სივრცეში გადასულიყოს და ელემენტალურად, ერთი ტელეგადაცემა მაინც დათმობოდეს. ბევრისთვის, ქართული სპორტისადმი ინტერესი, როგორც ჩანს, მხოლოდ ფიზკულტურის მაწავლებელთან ერთად “ჭიქის აწევით” და დამარცხებული ქართველი სპორტსმენების გინებით შემოიფარგლება.

ლევან სეფისკვერაძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170194