ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში ძიუდოისტთა განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე ხუთი დღე რჩება. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი ჯერ არ დასახელებულა. წინასწარი გეგმით, მთავარი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი ლონდონში წასაყვან შვიდეულს 7 ან 8 ივლისს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ჩასატარებელ პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს.
შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში ისედაც ყველაფერი ნათელია. ლაშა შავდათუაშვილის (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილის (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) წონებში ოლიმპიადისთვის საჭირო სარეიტინგო ქულების დაგროვება საქართველოს წევრთაგან სხვამ ვერავინ შეძლო. 60, 100 და +100 კილოგრამებში კი სალონდონო ნორმატივი ორ-ორმა ძიუდოისტმა შეასრულა და მთავარმა მწვრთნელმა არჩევანი მათ შორის უნდა გააკეთოს. 60 კილოგრამში – ამირან პაპინაშვილსა და ბეთქილ შუკვანს, 100-ში – ირაკლი ცირეკიძესა და ლევან ჟორჟოლიანს, ხოლო +100-ში – ადამ ოქრუაშვილსა და ზვიად ხანჯალიაშვილს შორის.
ოფიციალური ინფორმაციით, ზაიზენბახერს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია, თუმცა კულუარებში უკვე საუბრობენ ქართულ ოლიმპიურ შვიდეულზე. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ხმები აბსოლუტურად დაემთხვა კიმონოების მწარმოებელი ფირმის “Fighting Films”-ის მიერ ინტერნეტ-სივრცეში ამ დღეებში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც 7 ქართველი ძიუდოისტია აღბეჭდილი.
“საქართველოს 2012 წლის ოლიმპიური ნაკრები” – ასეა დასათაურებული ფოტო, რომლის მიხედვითაც, ზაიზენბახერმა პაპინაშვილს შუკვანი ამჯობინა, ცირეკიძეს – ჟორჟოლიანი, ხანჯალიაშვილს კი ოქრუაშვილი.
სიტუაციაში უკეთ გასარკვევად “მსოფლიო სპორტი” საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს შეეხმიანა. გიორგი ალექსიძემ ნაკრების შემადგენლობის დაზუსტების ფაქტი კატეგორიულად უარყო:
- კიმონოების მწარმოებელი ეს კომპანია ჩვენი ნაკრების სპონსორია. მისგან შევიძინეთ კიმონოები, შემდეგ კი ჩამოვიდნენ ფირმის წარმომადგენლები თბილისში და ოლიმპიური ნაკრების კანდიდატებისთვის ფოტოს გადაღება გვთხოვეს. ისე მოხდა, რომ ათი ძიუდოისტიდან მხოლოდ შვიდის შეკრება მოვახერხეთ და სწორედ ისინი გადაიღეს. ამ სურათზე აღბეჭდილ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრება განაღდებული ნამდვილად არ აქვთ.
- თუმცა მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ზაიზენბახერი ზუსტად ასეთ არჩევანს გააკეთებს...
- ამჟამად ძალიან ძნელი სათქმელია, რას გადაწყვეტს მწვრთნელი. რა თქმა უნდა, შეიძლება დაემთხვეს კიდეც, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, ეს ნაკლებად რეალურია. ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ყოველდღიური სატელეფონო კონტაქტი მაქვს და ვიცი, რომ ჯერ საბოლოო არჩევანი არ გაუკეთებია.
P.S. თუ ““Fighting Films”-”-ის ფოტო სამ დღეში რეალობად გვექცა, ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის გარეშე ჩავა. პეკინი 2008-ის ოქროსმედალოსანთაგან თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილის საკითხი ადრიანადვე გაირკვა, “ბერძენ-რომაელი” მანუჩარ კვირკველიას ბრიტანულ ხალიჩაზე გასვლა ახლახან გამოირიცხა, ძიუდოისტ ირაკლი ცირეკიძის ამბავი კი შაბათს გადაწყდება.
ოთარ მაღლაკელიძე







