1910 წლის პირველ დღეს დაარსებულმა საფეხბურთო კლუბმა “ველეს სარსფილდმა” სახელი განსაკუთრებით გასული საუკუნის 90-იან წლებში გაითქვა. იმ პერიოდში კლუბმა სამჯერ კლაუსურა, ერთხელ აპერტურა მოიგო და საშინაო ასპარეზზე წარმატებას საერთაშორისო არენაზე ტრიუმფიც მიაყოლა. “ველესმა” ლიბერტადორესის თასი მოიგო, საკონტინენტთაშორისოზე კი ბარეზის, მალდინის, ბობანის, სავიჩევიჩის, დონადონის “მილანს” სძლია. არადა, ევროპაში პარაგვაელი ხოსე ლუის ჩილავერტის გარდა, ველესელ ფეხბურთელებს პრაქტიკულად არავინ იცნობდა. მაგრამ კარლოს ბიანკის დამოძღვრილმა გუნდმა, ფაბიო კაპელოს “ვარსკვლავური კრებული” თავის ადგილზე “მოსვა” – იტალიელები უტევდნენ, არგენტინელები კი ჯიუტად საკუთარ შანსს ელოდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში ორჯერ მიეცათ როსის კარის დალაშქვრის შესაძლებლობა და ტროტასა და ასადის გოლებით, 1994 წლის პირველ დეკემბერს ტოკიოში 2:0 იმარჯვეს.
“ვარსკვლავური კრებული” ვახსენეთ, იმდროინდელი “ველესი” კი თავად იყო “გუნდი-ვარსკვლავი”. ეს კი, უპირველესად, კარლოს ბიანკის დამსახურება გახლდათ. გუნდის იმ შემადგენლობიდან რამდენიმემ “საფეხბურთო ბედი” ევროპაშიც მოსინჯა, მაგრამ აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მეტ-ნაკლებად თავის გამოჩენა მხოლოდ ტურუ ფლორესმა (“ლას პალმასისა” და “დეპორტივოს” რიგებში) თუ მოახერხა. ჩილავერტმაც კი “ძველ კონტინენტზე” დიდად ვერაფრით ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. რობერტო ტროტამ “რომაში” მოსინჯა ძალა, მაგრამ მალევე სამშობლოში დაბრუნდა. კრისტიან ბასედასი ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშობდა, მაგრამ “ნიუკასლში” ძირითადში ფეხის მოკიდება გაუჭირდა და 30 წლისამ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. მოკლედ რომ ვთქვათ, “ველესის” ნებისმიერი მოთამაშე “იმ”, კარლოს ბიანკის გუნდში წარმოადგენდა გარკვეულ სათამაშო ფიგურას. ისე, თავად ბიანკისაც არაფერი გამოუვიდა ევროპაში – გავიხსენოთ მისი მუშაობა იმავე “რომაში”.
1994 წლიდან კარგა ხანი გავიდა, იცვლებიან მწვრთნელები და ფეხბურთელები, “ველესი” კი არ იცვლება – იგი კვლავინდებურად “გუნდი-ვარსკვლავია”. რისი დამადაასტურებელიც ის ფაქტია, რომ ბუენოს აირესის ერთ-ერთი გარეუბნის კლუბმა კლაუსურის ჩემპიონობა ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა და გვარიანი დისტანციით მოიტოვა უკან არგენტინული ფეხბურთის ისეთი გრანდები, როგორებიც, თუნდაც, “ბოკა” და “რივერი” არიან.
“ველესის” მთავარი მწვრთნელი რიკარდო გარეკაა, რომელიც “ელ ფორტინის” (“პატარ ფორტი”, გუნდის მეტსახელი) სათავეში მისვლამდე ათიოდეს მოძღვრავდა, მაგრამ “ბოკას”, “რივერისა” და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, “პედაგოგიური მოღვაწეობით” სარსფილდელთა გარდა, თავი ვერსად გამოიჩინა.
“ელ ფორტინი” ერთნაირად სოლიდურად გამოიყურება როგორც დაცვაში, ასევე შეტევის დროსაც. მისი საშინაო წარმატება შემთხვევითი რომ არ იყო, ლიბერტადორესის თასის გათამაშებამაც დაადასტურა. ამ ტურნირში არგენტინულ კლუბებთაგან “ველესმა” წელს ყველაზე შორს, ნახევარფინალამდე გააღწია. ამ ეტაპზე კი არგენტინელებმა არაფერი დაუთმეს მონტევიდეოს “პენიაროლს”, ურუგვაელები კი ფინალში მოწინააღმდეგის მინდორზე მეტი გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ.
სტაბილურობა – თანამედროვე “სარსფილდის” ყველაზე ძლიერი მხარეა. 2010 წელს აპერტურას მოგებამდე გარეკას გუნდს მცირედი დააკლდა. აპერტურას ბოლო გამარჯვებული “ესტუდიანტესი” მეთერთმეტე საფეხურამდე დაქვეითდა, “ველესმა” კი ერთით ზემოთ აინაცვლა და მერვედ გახდა არგენტინის ჩემპიონი. “ელ ფორტინი” მერვედ გახდა არგენტინის საუკეთესო გუნდი და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ “რივერ პლეიტს” (33 ტიტული), “ბოკა ხუნიორსს” (23), “ინდეპენდიენტეს” (14) და “სან ლორენსოს” (10) ჩამორჩება. დინამიკის გათვალისწინებით, რომლითაც “ელ ფორტინი” არგენტინის წამყვანი კლუბების კოჰორტაში შეიჭრა, მისი კიდევ უფრო წინსვლაა მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში, მისი გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მათი საყვარელი “ელ ფორტინი” სხვებისთვისაც მოსაწონ ფეხბურთს ითამაშებს და ახალ-ახალ ტიტულებს დაეუფლება.
გოჩა კაჭარავა









