კალათბურთი

19:47 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

საკალათბურთო ლიდერს “ლიდერ-ბეთში” უმასპინძლეს

 

სპორტის სათამაშო სახეობებში ქართველი გულშემატკივრები ყველაზე მეტადDკალათბურთელებმა გაახარეს. კი, ბატონო, ჩვენს თანამემამულე ფეხბურთელებს, ხელბურთელებს, წყალბურთელებს (ოლიმპიური ჩემპიონი ფრენბურთშიც გვყავს) უამრავი დაუვიწყარი სანახაობა უჩვენებიათ მაყურებლისთვის და დიდძალი ოქრო-ვერცხლიც აქვთ მოხვეჭილი, მაგრამ კალათბურთელთა შედეგსა და ტიტულებს მაინც ვერ შეედრებიან. თანაც, ეს როგორც გუნდს (თბილისის “დინამოს”) ეხება, ასევე საბჭოთა ნაკრებში მოასპარეზე ცალკეულ მოთამაშეებს. “დინამოს” ხომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული, საკავშირო პირველობების გამარჯვებული და თასის მფლობელი კი არაერთხელ გამხდარა. ამასთან, ქართველი კალათბურთელები ევროპის მრავალგზის ჩემპიონები (ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ლევან მოსეშვილი, ანზორ ლეჟავა, ვლადიმერ უგრეხელიძე, ამირან სხიერელი, ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, ალისა ასიტაშვილი) არიან, საკანდელიძე, მიხეილ ქორქია და სერგო კოვალენკო (მიხეილ კეკელიძის აღზრდილი მეფარე-ავტ) ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორები გახდნენ, საკანდელიძე და დერიუგინი კი პლანეტის პირველობის ოქროს მედლების მფლობელები არიან. ამასთან, სპორტის სათამაშო სახეობებში ჩვენი თანამემამულეებიდან მსოფლიოს ჩემპიონები მხოლოდ საკანდელიძე და დერიუგინი არიან.

ნიკოლოზ დერიუგინი ქართული საკალათბურთო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული წარმომადგენელია. მსოფლიოს ჩემპიონობის გარდა, მან ორჯერ კონტინენტის პირველობაც მოიგო და ოლიმპიადის პრიზიორიცაა, თუმცა, ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბატონი კოლიას მიერ მოპოვებულ ტიტულებსა და წოდებებს ქართველი გულშემატკივრის საყოველთაო სიყვარული გადასწონის – 10 წლის განმავლობაში თბილისის სპორტის სასახლე კალათბურთის გულშემატკივრებით უპირველესად დერიუგინის თამაშის სანახავად ივსებოდა და 10 ათასზე მეტ ქომაგს დინამოელთა მეთერთმეტე ნომერი დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობდა. ალეკსანდრ ბელოვი, ვლადიმირ ტკაჩენკო, ალეკსანდრ ბელოსტენი, სერგეი კოვალენკო, არვიდას საბონისი, კრეშიმირ ჩოსიჩი, ოსკარ შმიდტი – აი, არასრული სია იმ დიდოსტატებისა, რომელთა წინააღმდეგაც იდგა მოედანზე დერიუგინი და შესაშური ოსტატობის, ტაქტიკური გამჭრიახობისა და მონდომების წყალობით ნებისმიერი რანგის ოპონენტთან პირისპირ ყოფნისას მაღალშედეგიან, ეფექტურ და ეფექტიან თამაშს ახერხებდა.

ნიკოლოზ დერიუგინს კარიერის განმავლობაში მრავალი მაღალშედეგიანი და ოსტატური მატჩი ჩაუტარებია, თუმცა 2 მათგანს მის საკალათბურთო ბიოგრაფიაში მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს მოსკოვის არმიელთა წინააღმდეგ ცატარებულ შეხვედრაში დაგროვებული სარეკორდო 59 ქულაა და კოლუმბიის მსოფლიოს ჩემპიონატზე ამერიკელებთან პირველობისთვის გამართული გადამწყვეტი ასპარეზობაა. თავად ბატონი ნიკოლოზი ასე იხსენებს იმ პაექრობებს: “მოსკოვის არმიელების წინააღმდეგ მატჩში მართლაც ყველაფერი გამომდიოდა. ეს ბიჭებმაც იგრძნეს და პასებით უხვად მამარაგებდნენ. მეც მათი გადაცემების შემდეგ ბურთს არმიელთა კალათაში ვათავსებდი. მართალია, მატჩი 100:110 წავაგეთ, მაგრამ უკმაყოფილო მაინც არ დავრჩი – ალეკსანდრ გომელსკის ყურადღება დავიმსახურე და საბჭოთა ნაკრებში მოხვედრის რეალური კანდიდატი გავხდი. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ პაექრობას რაც შეეხება, ამერიკელებთან მეორე ტაიმის შუაში 3 ქულას ვაგებდით, როდესაც სათადარიგოთა სკამზე მჯდომს ნაკრების თავკაცი ალეკსანდრ გომელსკი მომიახლოვდა და მოედანზე გასვლა მიბრძანა. გითხრათ ნამდვილი, ცოტათი შევშინდი, მაგრამ თამაშში ჩართვამდე ტრიბუნიდან თბილისის “დინამოს” მცველის ლევან ჩხიკვაძის ხმა შემომესმა, მიდი კოლია, შენებურად ითამაშე, ნურაფრის გეშინიაო. შესვლისთანავე ბურთიც ჩავაგდე და საჯარიმოს ხაზზეც დავდექი. 6 წუთში 7 ქულა გავაკეთე და რაც მთავარია, თამაშში გარდატეხის შეტანა მოვახერხე”.

1986 წელს ნიკოლოზ დერიუგინმა მეტად მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე სეზონი გაუცდა, საკალათბურთო პარკეტზე დაბრუნებულმა კი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის და ოქროს მედალი დაიმსახურა (“თბილისის” და “ვითას” შემადგენლობაში) და ჩვენი ნაკრების პირველ ოფიციალურ მატჩში გუნდი სათამაშოდ კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.

დღეს ტოტალიზატორმა “ლიდერ-ბეთმა” ქართული სპორტის ვარსკვლავს შეხვედრა მოუწყო. ბატონი კოლიას თანაგუნდელებმა, კალათბურთი ფედერაციის პირველმა პირებმა, ჟურნალისტებმა, დამწყვებმა მოთამაშეებმა მისი ბრწყინვალე თამაში გაიხსენეს, საკალათბურთო დიდოსტატობასთან ერთად პიროვნული თვისებები გამოარჩიეს, ჯანმრთელობა და სამწვრთნელო საქმეში წარმატება უსურვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094577