საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ხასავიურტში, 20-21 ოქტომბერს გამართულ საკონტინენტთაშორისო თასზე 3 მედალი მოიპოვა. ქართულმა გუნდმა რუსეთში გადახალისებული შემადგენლობით იჭიდავა. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავით ხურციამ განაცხადში 8 სპორტსმენი შეიყვანა. მათგან საუკეთესო შედეგი გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) აჩვენა – შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა.
ქართველმა მძიმეწონოსანმა, ბოლო თვენახევარში, აგერ, უკვე მეოთხე საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავა და ოთხივეში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამჯერად, საკანდელიძემ სამი მეტოქე (სამივე რუსეთის ნაკრების წარმომადგენელი) ისე ჩამოიცილა, არც ერთისთვის ერთი პერიოდიც კი არ დაუთმია. ფინალში, მასპინძელ მაგომედ ნურასულოვს 1:0, 4:0 მოუგო.
ბექა ლომთაძეს (60 კგ) და ელიზბარ ოდიკაძეს (96 კგ) ჩემპიონის ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ. ორივე ვერცხლის მედალს დაეუფლა. სამეულს მიღმა კი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ), მალხაზ ქურდიანი, დავით ბერძნიშვილი (ორივე 66 კგ), დავით ხუციშვილი და იაკობ მაქარაშვილი (ორივე 74 კგ) დარჩნენ.
წლის ბოლომდე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთ საერთაშორისო ტურნირზეღა გამოვა – 9-11 ნოემბერს მოსკოვის ერთა თასზე. ნოემბრის ბოლოს, სეზონს საქართველოს ჩემპიონატი დააგვირგვინებს.
ოთარ მაღლაკელიძე







