გულშემატკივრის სვეტი

11:24 | 8.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

საკლუბოს ჩრდილში

ევროპაში არსებულ საქომაგო ტრადიციებზე დღეს “ბებერ კონტინენტზე” და არამხოლოდ იქ, ძალიან ბევრს საუბრობენ. ევროპული გულშემატკივრობა ერთგვარი და ერთსახოვანი არასოდეს ყოფილა. ძალიან უნდა მოინდომო ინგლისელი და ვთქვათ, ბელგიელი ქომაგი რომ ერთად წარმოიდგინო. და საერთოდ, ინგლისელების სხვებთან ერთად წარმოდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ინგლისის ქალაქებში, მაგალითად, მანჩესტერში, ქომაგთათვის, რომ იტყვიან ფეხბურთის გარდა, რეალურად სხვა, არანაირი გასართობი არ არის. ამ ხალხის ცხოვრება ფეხბურთია. მთელი ქალაქი ელოდება შაბათ-კვირას. მაგალითად, არიან მანჩესტერის ცნობილი გულშემატკივრები, ძმები გრიმსონები, რომლებიც ესპანეთისა და ინგლისის სანაკრებო მატჩის დროს წავიდნენ ესპანეთში და მადრიდის ერთ-ერთ პაბში უყურეს თამაშს. შემდეგ, იქ სცემეს ესპანელი ინჩადა. თან მადრიდში ჩააღწიეს ძალიან დიდი წვალებით. იმოგზაურეს, ჯერ გემით, ფეხით, მერე ვირით, მერე მანქანით. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ესპანურ პაბში ფეხბურთი ენახათ და ინჩადასთან ეჩხუბათ. ბარში კი ისეთი ბაგა-ბუგი ატყდა, მტრისას... მანჩესტერელმა ძმებმა სულ 6 დღე იარეს ესპანეთამდე... მერე კი ჰყვებოდნენ, მადრიდი მაგარი ქალაქი ყოფილაო, ამსტერდამიც ვნახეთო, იქ ქალებში ვიყავითო, მაგრამ მატერიკზე ფანობის აზრზე არავინ ყოფილაო...
ინგლისში, ის ყველაფერი, რაც ფეხბურთს უკავშირდება, არის ერთგვარი ცხოვრების წესი. ის მოსაზრება, რომ ყველა ინგლისელი ქომაგი ხულიგანია, არ არის მართალი. გავიხსენოთ, “ლიდსის” გულშემატკივრებს სტამბოლში რაც უქნეს თურქმა ფანებმა. ინგლისელები ასეთი სასტიკები თითქმის არასოდეს არიან. ბოლო წლებში კი, ინგლისელი ქომაგები ლამის ყველაზე სანიმუშოდ იქცნენ მთელს ევროპაში.
როგორც ჩემპიონთა ლიგის სტამბოლის ფინალზე დამსწრებნი იხსენებენ - “ლივერული”-”მილანის” მატჩზე, დაახლოებით, 45 ათასი ინგლისელი ქომაგი იდგა სტადიონის გარეთ და იმათი ხმა სტადიონის შიგნით ისმოდა. გარეთ მდგომ ფანებს, ტრანსპარანტებზე ჰქონდათ წაწერილი: “სტადიონზე შემოსვლა ფეხებზე მკიდია”. ამ დროს კი, სტამბოლის ქუჩებში, იტალიელები, ფაქტობრივად, არ ჩანდნენ. იტალიელებს, როგორც ჩანს, ან ეშინოდათ, ან უბრალოდ, რაკი წააგეს, თავი აღარ გამოიდეს.
რა განსხვავებაა, ვთქვათ, მანჩესტერელ და ლონდონელ ფანებს შორის? მანჩესტერში, დილიდან, ანუ თამაშამდე 4 საათით ადრე, სტადიონის გარშემო იკრიბება ხალხი. ნახავთ მანჩესტერელ ბავშვს, რომელიც სულ 4 წლისა შეიძლება იყოს, ძლივს დადიოდეს, ეცვას მანჩესტერის ემბლემიანი პამპერსი და მანჩესტერის მთელს შემადგენლობას ჩამოგითვლით... ამის მერე, ის ბავშვი ხომ არასოდეს გახდება სხვა გუნდის გულშემატკივარი...
ლონდონელებს სულ სხვა, მართლაც არისტოკრატი და მდიდარი ხალხი ქომაგობს, “მანჩესტერს” კი, ძირითადად, უბრალო ხალხი გულშემატკივრობს.
“ჩელსის” ფანებიც მღერიან, ყვირიან და საკუთარ კლუბს მაგრად უჭერენ მხარს, მაგრამ მანჩესტერიდან მაინც სხვა ემოცია მოდის.
გულშემატკივრობა სხვა არის, ობიექტურობა კი - სულ სხვა. ძალიან ბევრს უჭირს იმის აღიარება, რომ თანამედროვე საკლუბო ფეხბურთში, ისევე როგორც საგულშემატკივრო ტრადიციებში, დღეს, ინგლისი ევროპაში და არამხოლოდ იქ, უდავოდ, მოწინავეა. ბოლოს და ბოლოს, ინგლისური გუნდები ბოლო წლებში, 1\4-ფინალში სტაბილურად 4-4 გადიან.
თუმცა, არ იფიქროთ, რომ კუნძულელთა ფეხბურთში ყველა პრობლემა ბოლომდე მოგვარებულია და პრობლემები არ არსებობს. ცნობილი ამბავია, რომ ინგლისის პატარა გუნდების ფანებს, ხშირ შემთხვევაში, ნაკრები ეზიზღებათ და მხოლოდ საკუთარ კლუბებზე აფანატებენ. და საერთოდ, ვერ იტანენ ფედერაციის ჩინოვნიკებს. ინგლისის ეროვნული ნაკრების წარუმატებლობები, ალბათ, ამ მომენტითაც აიხსნება. ინგლისელებს პატრიოტიზმი და საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარული ნამდვილად არ დაეწუნებათ, მაგრამ სანაკრებო ფეხბურთი რომ ათწლეულების განმავლობაში საკლუბო ფეხბურთის ჩრდილშია, ამას ობიექტური ინგლისელებიც აღიარებენ.

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.070679